Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და ეუთო საქართველოსთან მიმართებით ძალებს აერთიანებენ


ჰელსინკიში შეკრებილ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრებს გაეროს გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადებით მიმართა.

ბან კი მუნი აგვისტოს მოვლენებს მწარე გაკვეთილს უწოდებს და ძალების გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს. გაეროს გენერალური მდივანი დიდ იმედს უკავშირებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მხარეებს, კონკრეტული მიზნების განსახორციელებლად, დაუყოვნებელი გააქტიურებისკენ მოუწოდებს. თანამშრომლობისთვის მზად არის ეუთოც, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს განახორციელოს სამხრეთ ოსეთში მეთვალყურეთა მისიის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა. კითხვის ნიშანი უკავშირდება გაეროს მისიასაც აფხაზეთში.
გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის საგანგებო მიმართვა 4 დეკემბერს ჰელსინკიში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ გაავრცელა. აგვისტოს ტრაგედიისა და ჯერ ისევ არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ბან კი მუნი მიიჩნევს, რომ გაერომ და ეუთომ რეგიონში თავ-თავიანთ მისიებსაც უნდა გადახედონ და ერთობლივ ძალისხმევაზეც უნდა იზრუნონ.
ბან კი მუნისთვის იმედისმომცემია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესი, რომლის მე-3 რაუნდი ორ კვირაში უნდა გაიმართოს. გაეროს გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში გადასაჭრელ პრობლემებად უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დევნილების დაბრუნებას მიიჩნევს.
თბილისში კი დარწმუნებულნი არიან, რომ უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების გარეშე ვერც მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდება და ვერც დევნილების დაბრუნება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აღნიშნავს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარება მხოლოდ საერთაშორისო ძალებს შეუძლიათ და რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები:
(მალაშხიას ხმა) ”ჟენევის ფორმატში ღებულობს ყველა მონაწილეობას: გაერო, ევროკავშირი და ეუთო, სახელმწიფო - ამერიკა და ორი კონფლიქტური მხარე - რუსეთი და საქართველო. მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არსებობს, ვინც ჩართულია კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, რა პროცენტული მდგომარეობით იქნება განსაზღვრული ორივე კონფლიქტურ რეგიონში, ეს მათი გადასაწყვეტია... ჩვენ თანახმა ვართ ნეიტრალურ სამხედრო და პოლიციურ სტრუქტურებზე.” (სტილი დაცულია)
მაგრამ ვიდრე სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების საკითხზე იფიქრებდეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეთვალყურეთა მისიების პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. ჯერჯერობით გაურკვეველია გაეროს მეთვალყურეთა მისიის ბედი. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით მანდატის მხოლოდ 2009 წლის 15 თებერვლამდე ერთგვარი ტექნიკური გაგრძელება მოხერხდა. ამ დროის მანძილზე კი, გენერალური მდივნის მითითებით, უნდა გაირკვეს, თუ რა ფორმით გააგრძელებს გაერო 14-წლიან მუშაობას აფხაზეთის რეგიონში. სეპარატისტული ხელისუფლება უარს არ ამბობს, მაგრამ იმ პირობით, თუკი მეთვალყურეთა მანდატთან ერთად მისიის სახელწოდებაც შეიცვლება და მას აღარ ერქმევა გაეროს მისია საქართველოში. ეს მოთხოვნები სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ გაუმეორეს გაეროს წარმომადგენლებს, რომლებიც 4 დეკემბერს მოლაპარაკებებს სოხუმში მართავდნენ.
პრობლემები აქვს ეუთოს მეთვალყურეთა მისიასაც, რომელმაც ვერა და ვერ მოიპოვა მანდატის გაფართოებისა და მუშაობის საშუალება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში. ამ საკითხზე ბევრი ილაპარაკეს ჰელსინკიშიც, ეუთოს მინისტერიალზე. მათ შორის იყო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტიც:
(ბილდტის ხმა) ”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეუთოს მეთვალყურეთა მისიას არ მიეცა საშუალება აგვისტოს შემდეგ დაბრუნებულიყო სამხრეთ ოსეთში, მიუხედავად უამრავი ვალდებულებისა, რომლებიც ამის საჭიროებას გვაჩვენებდა. ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ მისია ამას შეძლებს და რომ მისი მანდატიც გაფართოვდება. სიტუაციის მონიტორინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს იმ უწყვეტი ძალისხმევისა, რომელმაც რეგიონში კონფლიქტების დარეგულირება უნდა უზრუნველყოს.”
ეჭვი, ალბათ, არავის ეპარება, რომ ამ საკითხს რეალურად რუსეთი ეწინააღმდეგება, თუმცა კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს ურჩევს, რომ ეს საკითხი, მისი თქმით, დამოუკიდებელ ქვეყნებთან - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან - შეათანხმოს. 5 დეკემბერს ჰელსინკიში, მინისტერიალზე გამოსვლისას 4 დეკემბერს გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გაღიზიანებულმა ლავროვმა ორგანიზაციის მისამართით ზედმიწევნით კრიტიკული განწყობა გამოამჟღავნა. მან თქვა, რომ ეუთო ბოლო პერიოდში ერთგვარ გზაჯვარედინზე დგომას შეეჩვია და რომ მისი წევრი ზოგიერთი ქვეყანა კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სახიფათო შეიარაღებას.
რუსეთი საერთაშორისო მისიების იგნორირებას კვლავინდებურად განაგრძობს. გაეროსა და ეუთოს მისიების გარდა, ისევ პრობლემების წინაშე დგას ევროკავშირის მეთვალყურეთა საგანგებო მისია, რომელიც ჯერჯერობით შესვლას ვერც ახალგორის რაიონში, კოდორის ხეობასა და საჩხერის რაიონის სოფელ პერევში ახერხებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG