Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლება”, - წერს ”24 საათი”, რომლისთვისაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს განუცხადებია,

რომ ”საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შექმნის დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალ კვირას, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, ისაუბრებს”. ”რეზონანსის” ავტორი წერს: ”როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად მუშაობა დაიწყება, მაგრამ ეს როდის დასრულდება და რა შეიცლვება, ამასთან, ეს პროცესი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას უკავშირდება თუ გადადებას, ძნელი სათქმელია.”

”რეზონანსშივე” ქვეყნდება სტატია, სათაურით ”ბენდუქიძეს ტყე ჩამოერთვა”. პუბლიკაცია 11 დეკემბერს დანიშნული აუქციონის გადადებას ეძღვნება. ”როგორც გაირკვა, მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ეთანხმება. ჟვანიას თქმით, მან არსებული გადაწყვეტილების შესახებ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთანაც გაიარა და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში კახა ბენდუქიძის ეკონომიკური იდეების გავრცელების ხანა მთავრდება, ვინაიდან აქამდე ბენდუქიძის სურვილებს ღიად ვერავინ უპირისპირდებოდა. ის კი არადა, როცა ხის უკანონო ყიდვა-გაჩანაგებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ზაზა გამცემლიძე შეეწინააღმდეგა, ბენდუქიძემ, თავისი სურვილით, ამ ვალდებულებისგან გარემოს დაცვის სამინისტრო გაათავისუფლა და ეს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს ჩააბარა. თანაც, ამ დეპარტამენტს სათავეში თავისი ყოფილი თანაშემწე ზვიად ჭეიშვილი ჩაუყენა. ახლა, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა”, - წერს ”რეზონანსი”.

ტყეების გრძელვადიანი ლიცენზიით გაცემის საკითხზე წერს ”ვერსიაც”. ვრცელი პუბლიკაციის გარდა, ქვეყნდება ინტერვიუ მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან: ”ტელევიზია არ დავტოვე საქართველოში, არ მიმემართა, სამშობლო იყიდება, ტყეს გვიყიდიან-მეთქი, მაგრამ კაციშვილმა არ შეიბერტყა ყური. არადა, ტყის გარეშე სვანეთი დაიცლება. მთელი საქართველოს ტყეები უნდა გაყიდულიყო!” - ამბობს ჯაჭვლიანი.

”ვერსიაში” განხილვის მთავარი თემა გაეროში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას პერსპექტივაა. აკაკი ასათიანი ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ალასანიას მოღვაწეობის დიდ პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი გამოჩენა პოლიტიკურ პროცესებს დააჩქარებს: ”რაღაც პროცესი აუცილებლად დაიწყება, ვინაიდან ხელისუფლებას ეშინია არა თოჯინის, არამედ თოჯინის შემქმნელისა. სააკაშვილმა ისიც იცის, თვითონაც რო ბურატინო იყო, მაგრამ ახლა მას, სინამდვილეში, ყარაბას-ბარაბასის ეშინია”, - ამბობს ასათიანი. უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური კი ფიქრობს, რომ ”მითი ალასანიას შესახებ მისი ჩამოსვლის დღესვე დაიმსხვრევა”.

”ახალი თაობა”, ”ბოროტ ხმებზე” დაყრდნობით, წერს: ”ალასანიამ შეიძლება მემარჯვენეები და რესპუბლიკელები გადააგდოს”. გარდა ამისა, პუბლიკაციაში წაიკითხავთ: ”მართალია, მის მიმართ ხალხი დადებითად არის განწყობილი, მაგრამ გახდება თუ არა ის ოპოზიციის ლიდერი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ქართველი პოლიტოლოგების დასკვნით, ალასანია ვერასდროს ვერ იქნება ქარიზმატული ფიგურა. ამის გარეშე კი ჩვენში ოპოზიციის ლიდერობა შეუძლებელია. ქართველები უპირატესობას ისეთ ლიდერებს ანიჭებენ, რომლებსაც ყვირილი, ხელების ქნევა და აქეთ-იქით უცნაური სირბილი გამოსდით კარგად. ამ მხრივ, ალასანია ზედმეტად გაწონასწორებული ჩანს და, როგორც ამბობენ, სწორედ ამით დააინტერესა მან ამერიკელები. ჩვენში კი პრეზიდენტი ისე ვერ გახდები, თუ ამაზე ამერიკამ თანხმობა არ მოგცა”, - წერს ”ახალი თაობა”.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG