Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ბენდუქიძე ჯერ არ დაუჭერიათ... ” - იუწყება ”რეზონანსი” პირველ გევრდზე.

გაზეთი წერს, რომ გუშინ გავრცელდა ხმა, თითქოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი აიყვანეს. ”რეზონანსის” ცნობით, ეს ინფორმაცია ქართული ინტერნეტ ფორუმიდან გავრცელდა. გაზეთი წერს: ”დღეს ხელისუფლებას უშუალოდ ბენდუქიძის მიერ გაკეთებული საქმეების განხილვა რომ ჰქონდეს განზრახული, ვერაფერს აღმოაჩენდა ისეთს, რომ ამ კაცის მთავრობაში ყოფნა უღირდეს. ცხადია, იგულისხმება სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეები”, - წერს ”რეზონანსი”.

”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას. ის აჭარაში ვარშალომიძის კლანის მმართველობაზე ლაპარაკობს და ამბობს, ”ლევან ვარშალომიძე იმდენად უავტორიტეტოა, რომ არჩევნებისას ვმალავდით და საშუალებას არ ვაძლევდით საზოგადოებაში გამოჩენილიყოო.” ყოფილი პრემიერი ეკონომიკასაც ეხება და ამბობს: ”სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - პრეზიდენტი ეკონომიკური პროგრამის შექმნაზე მხოლოდ ახლა ლაპარაკობს, არადა, ამაზე მსჯელობა 20 აგვისტოს ან სექტემბრის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო. თუ თვითონ ვერ ხედავდა ამის აუცილებლობას, სხვებისთვის მაინც მოესმინა.”

”ყველა სიახლე” რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის აგრეთვე განახლებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ერთ-ერთია ინტერვიუ რეჟისორ და ფსიქოლოგ გიორგი ჯაჯანიძესთან, რომელიც ამბობს, დარწმუნებული ვარ, განახლებული ტელეეთერი მხოლოდ საქმის დასაწყისია და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს ვიხილავთო. ის ამატებს: ”ლევან ყუბანეიშვილი კარგად იცნობს ტელევიზიას, მის სამზარეულოს და თანამედროვე მაყურებლის მოთხოვნებს და მოკლე ხანში ტელევიზია მთლიანად შეცვალაო”. ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა კი გაზეთს უთხრა: ”არ მჯერა, რომ პირველი არხი დამოუკიდებელი იქნება, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ამის მიღწევა შეუძლებელია”. ის ამატებს: ”როდესაც ლევან ყუბანეიშვილი საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელად დაინიშნა, მელაპარაკა: როგორ მომენატრე, ჯიგარი ხარ, მერე დაგირეკავ, ხომ იცი რამდენი საქმე გვაქვს გასაკეთებელიო. ამის შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა, მაგრამ ჯერ არ დაურეკავს.”

”ალია” გაესაუბრა გუბაზ სანიკიძეს, რომელიც ოპოზიციის მომავალზე ლაპარაკობს და ამბობს: ”ვფიქრობ, საქართველოში სამი ძლიერი ოპოზიციური ცენტრი ჩამოყალიბდება, რომელსაც სამომავლოდ, შესაძლოა, ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია ჰქონდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთობა ერთობისთვის არ არსებობს, როგორც კი პირველი პრობლემა დადგა, პარლამენტში უნდა შევსულიყავით თუ არა, ნაწილმა გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა”, - უთხრა გუბაზ სანიკიძემ ”ალიას”.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG