Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ საქართველოში აშშ-სა და უკრაინას შორის პარტნიორობის ქარტიის გაფორმებას


როგორც ცნობილია, აშშ-სა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 დეკემბერს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს

ქვეყნებს შორის პარტნიორობის ქარტიას. მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება საქართველოსა და აშშ-ს შორისაც. რა მოლოდინები აქვთ საქართველოში აშშ-თან პარტნიორობის პერსპექტივის მიმართ და როგორ აფასებენ უკრაინასა და აშშ-ს შორის გაფორმებულ დოკუმენტს?


აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული პარტნიორობის ქარტია თანამშრომლობის გაღრმავებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს - ესენია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო, ეკონომიკა და დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოში ორი ქვეყნის ამგვარ თანამშრომლობას, ძირითადად, მიესალმებიან და ვარაუდობენ, რომ მსგავსი შეთანხმება უახლოს ხანებში აშშ-სა და საქართველოს შორისაც გაფორმდება. საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, აშშ-თან პარტნიორობის ხელშეკრულება ნატოში გაჭიანურებული ინტეგრაციის ერთგვარი კომპენსაციაა:

[ვახტანგ მაისაიას ხმა] „უკრაინამ და საქართველომ ვერ მიიღეს ნატოს ინტეგრაციის შემდგომი დონე, ანუ ვერ მოხდა მათი დაჩქარებული ინტეგრაცია. რადგან ამერიკამ ვერ მოახერხა, პრინციპში, ამ ვალდებულების შესრულება, ამიტომ ამერიკელები გადავიდნენ ორმხრივი ურთიერთობის დონეზე.“(სტილი დაცულია)

საქართველოში, აშშ-თან პარტნიორობის შესაძლო შეთანხმების მიმართ სხვადასხვა მოლოდინი არსებობს. უკრაინის მსგავსი ქარტიის გაფორმების პერსპექტივას მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ერთად საპარლამენტო ოპოზიციაც მიესალმება. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის კომენტარი:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „ამ ნაბიჯის გადადგმა, თუკი ის მიღწევადი იქნება, შექმნის ძალიან სერიოზულ გარანტიებს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს. იმედი მაქვს, რომ ამგვარი ხელშეკრულება გაფორმდება აშშ-სა და საქართველოს შორის.“

სხვაგვარად ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, რომლის პოზიციას ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე გამოთქვამს:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები გადის საქართველო-აშშ-ის ხელშეკრულებაზე, მე ამაზე თავს შევიკავებდი, რადგან ასეთ თემებზე საუბრის დროს ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ საქართველო, იმიტომ რომ არაპროგნოზირებად და სახიფათო მეზობელთან გვაქვს საქმე.“(სტილი დაცულია)

აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის უკრაინის მსგავსი შეთანხმების გაფორმება რუსეთში შეშფოთების საგნად იქცა. მოსკოვში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების სენატორმა რიჩარდ ლუგარმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართლაც გაიხსნება თუ არა ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში, განაცხადა, რომ რუსეთის შეშფოთება უსაფუძვლოა.

“ჩემთვის არაფერია ცნობილი ისეთი ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ბაზების განთავსებას ითვალისწინებდესო”, – განაცხადა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ გაწეული დახმარება გამჭვირვალე პროცესია.

საგარეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, აშშ-თან პარტნიორობის შეთანხმება ძალიან წააგავს „მარშალის გეგმას“, რომლითაც ამერიკა ომის შემდგომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დაეხმარა. იგი ამ ეტაპზე საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განლაგების შესაძლებლობას გამორიცხავს:

[ვახტანგ მაისაიას ხმა] „ამერიკელები, ალბათ, გამოიყენებენ უკრაინას და საქართველოს ავღანეთში სამხედრო ტრანზიტის განხორციელებაში. სამხედრო კონტექსტში, ალბათ, იმაზე მეტს არ უნდა მოველოდეთ, რაც იყო წვრთნისა და აღჭურვის ფარგლებში. პლუს კიდევ შეიძლება გაიზარდოს ფინანსური მხარდაჭერა.“(სტილი დაცულია)

სამხედრო და ფინანსური დახმარების გარდა, თბილისში ვაშინგტონისგან დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში აქტიურ მხარდაჭერასაც მოელიან. აშშ-ს უკრაინის მსგავსი პარტნიორობის შეთანხმებები აქვს ლიტვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან. ასევე აშშ-თან პარტნიორობის მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი ისრაელის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის უსაფრთხოებაც.
XS
SM
MD
LG