Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო დახმარება - ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი


საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არ წყდება ჰიპოთეტური მსჯელობა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ახალ დოკუმენტსა და მისი ხელმოწერის თარიღზე.

ღიად რჩება კითხვა დოკუმენტის სახელწოდებასა, იურიდულ ძალმოსილებასა და პრიორიტეტებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს დიპლომატიური ბუნდოვანება ოდნავადაც ვერ აყენებს ჩრდილს ვაშინგტონის მიერ საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად უკვე განხორციელებულ პროგრამებს, რომელთა მოცულობამ სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მიაღწია ყველაზე დიდ მასშტაბებს.

საქართველოში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ორი გამოკვეთილი მემორიალი არსებობს: ჯორჯ ბუშის ქუჩა თბილისში და 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხედრო სასწავლო ცენტრი რუსთავის მახლობლად. თუმცა, თუ ჯორჯ ბუშის ქუჩის აუცილებლობის საკითხი დღემდე სადავოა, პოლიგონი ეჭვებზე მაღლა დგას და ზუსტად შეესატყვისება ქართველი და ამერიკელი სამხედროების ურთიერთობის ისტორიას. სწორედ 2001 წლის 11-მა სექტემბერმა მისცა დასაბამი საქართველოსათვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში პირველი პროფესიული ანტიტერორისტული სამხედრო ქვედანაყოფები გაიწვრთნა. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის დავით თევზაძის თქმით, ქართულ-ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა იყო უნიკალური სამხედრო დახმარება, რომლის მსგავსი თავის დროზე ვაშინგტონს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ განუხორციელებია:

[დავით თევზაძე] ” ’წვრთნა და აღჭურვა’ - ეს იყო უნიკალური პროგრამა, ნამდვილად უნიკალური პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოში რეალური ანტიტერორისტული შესაძლებლობების შექმნას და 4 ბატალიონი ამ ნიშნით გაიწვრთნა.”

ვაშინგტონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე 65 მილიონი დოლარი დახარჯა, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი 2000 კაციანი ქართული ქვედანაყოფი კი პროფესიული არმიის ბირთვად იქცა. თუმცა ვაშინგტონი მხოლოდ ამ დახმარებით არ დაკმაყოფილდა და 2004 წლის ბოლოს დაიწყო ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამა”, რაც მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისათვის კიდევ 2 ქვეითი ქართული ბრიგადის მომზადებას ითვალისწინებდა. რადიო ”თავისუფლება” ორი წლის წინ ესწრებოდა ქართველი სამხედროების მომზადებას 11 სექტემბრის მსხვერპლთა სახელობის პოლიგონზე და მის არქივში ინახება ამერიკელი ინსტრუქტორების კვალიფიკაციისა და ქართველთა მომზადების დონის სასწავლო ცენტრის უფროსის, პოლკოვნიკ ალეკო კიკნაძისეული შეფასება:

[ალეკო კიკნაძე ] ”სერიოზული მომზადება გაიარეს! შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა ლოგისტიკის ბატალიონებიც მოამზადეს, როგორც მსუბუქი ქვეითი ბატალიონები. მათთვის არ დაუკლიათ არც ყუმბარმტყორცნებიდან სროლა, არც ”პოდსტვოლნიკებიდან” სროლა. სერიოზული მომზადება გაიარეს, ერთი სიტყვით.” (სტილი დაცულია)

ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაცია” ორ ეტაპად განხორციელდა და 2006 წლის ბოლოს დამთავრდა. საბოლოოდ კი, თუ დავაჯამებთ, მარტო ”წვრთნისა და აღჭურვისა” და ”სტაბილურობის” ოპერაციებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 120 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, უკვე განხორციელებული ამერიკული სამხედრო დახმარებები ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის დემონსტრირება იყო:

[გიორგი მუჩაიძე] ”ამით, ფაქტიურად, საფუძველი ჩაეყარა საქართველო- ამერიკის ფართომასშტაბიან სტრატეგიულ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და, ფაქტიურად, ამ პროგრამების საფუძველზე განვითარდა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და მისი ბირთვი.” (სტილი დაცულია)

თუმცა ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ქართული ქვედანაყოფის ბრძოლისუნარიანობა აგვისტოს ომის შემდეგ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბევრი ამბობს, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართული ბატალიონები სამშვიდობო ოპერაციებისათვის მოამზადეს და არა რეალურ მტერთან საბრძოლველად. ასეთი მოსაზრება სულ ბოლოს საჯაროდ 23 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოხატა რადიო ”პალიტრასთან” ინტერვიუში:

[თემურ იაკობაშვილი] ”იცით, რა არის, მოდით, ასე ვთქვათ, რეალურად რაც ჩვენ ამერიკელებმა გვასწავლეს, ეს არის შლაგბაუმების აწევა და დაწევა. იმიტომ რომ, ჯარები, რომელსაც ისინი წვრთნიდნენ, მიდიოდნენ ერაყში.”

მინისტრი იაკობაშვილი ასე გამოეხმაურა ”ნიუ-იორკ ტაიმსში” 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ”10 წელზე ხანგრძლივი ამერიკული სწავლებისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროს ხუთწლიანი დიდძალი ინვესტირების მიუხედავად, საქართველოს არმია ცუდად მომზადებული დარჩა.”

მიუხედავად ამგვარი ურთიერთაგმომრიცხავი შეფასებებისა, საქართველოს ხელისუფლებას მაინც ამერიკის სამხედრო დახმარების იმედი აქვს, რაც ხელმოსაწერად გამზადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც უნდა აისახოს. ასეთ ქარტიაზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც გააფართოებს თანამშრომლობას უსაფრთხოების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროში რეფორმების განვითარებისთვისო”, - განაცხადა 23 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა. საქართველოს ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ქარტიაზე ხელმოწერა ახალ წლამდეც მოხდეს. ამერიკული მხარე კი ვადაზე არ საუბრობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG