Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა აქტიურად ეხმაურება გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას გუშინდელ პრესკონფერენციას:

”მართვის ფილოსოფიის შესაცვლელად”, ”ალასანია ოპოზიციაშია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”, ”ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება”, ”რეპორტაჟი ალასანიას ბრიფინგიდან: რისთვის მივიდა ხაინდრავა და რით იყვნენ ჟურნალისტები უკმაყოფილო?” - ასეთ სათაურებს ნახავთ გაზეთების პირველ გვერდებზე.

”ყველა სიახლე” ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს ირაკლი ალასანიასთან. თუკი სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ინტერვიუ პრესკონფერენციამდეა ჩაწერილი, საუბარში პრაქტიკულად არაფერს განსხვავებულს არ ამბობს, რაც არ ითქვა გუშინდელ პრესკონფერენციაზე. ”ყველა სიახლეშივე” ქვეყნდება ინტერვიუ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან. ის ამბობს: ”ჩვენი ერისა და სახელმწიფოებრიობის ისტორიას თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ მეფეთა ცვლის კუთხით, დავინახავთ, რომ ტახტს ძლიერი პიროვნება რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ეუფლება. აქედან გამომდინარე, უფლება არ მაქვს, საიმედო სიტყვებით მივმართო ქართველებს. ერთი რამ კი არის საიმედო - როდემდე უნდა იყოს ქართველი ერი ღირსეული ხელმძღვანელის მომლოდინე?” - კითხულობს ჭაბუა ამირეჯიბი, რომელთან ინტერვიუსაც ”ყველა სიახლე” ბეჭდავს.

”ჯორჯიან ტაიმსი”: ”გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა სამკვირიანი დუმილი დაარღვია. მისი განცხადებები არც იმდენად მწვავე აღმოჩნდა, როგორც ამას ქართული საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი ელოდა. თუმცა ბრალდებები, რომელიც ალასანიამ გაახმიანა, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის იოლი მოსასმენ-ასატანი ნამდვილად არ არის”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსი”.

”ალია”: ”პირველი შთაბეჭდილება ასეთია - ახლა მას ერთი გამოსავალი აქვს: პრეზიდენტობაზე ფიქრს თავი დაანებოს, რომელიმე პარტიაში შევიდეს, ვადიან არჩევნებს დაელოდოს, კენჭი იყაროს, პარლამენტში მოხვდეს და კანონები წეროს. ისე... მაინც ვაცადოთ ნიუ-იორკიდან დაბრუნებულ ალასანიას, იქნება და, მართლაც, ”რაზგონს” იღებს?” - წერს ”ალიას” კორესპონდენტი.

”ახალი თაობა”: ”დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაში არ გამოჩენილა ამდენად გაწონასწორებული, გამართულად მოსაუბრე, დიპლომატიური და მედიის პატივისმცემელი პოლიტიკოსი. ჟურნალისტთა უმრავლესობას ესიამოვნა, როცა ალასანიამ უარი თქვა პირველი კომენტარი მიეცა ინგლისურ ენაზე და ჯერ ქართული მედიის კითხვებს გასცა პასუხი. თუმცა, გარდა არანაძლადევი იმპოზანტურობისა, ალასანიას ეტყობოდა გამორჩეული არაამბიციურობა და ბუნებრიობა, რაც ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში დეფიციტია. ეს თვისებები ქართულ ელექტორატში ბოლო დროს უფრო აქტუალურია და ბევრი მოქალაქისთვის სასიამოვნოც იქნება, რომ ალასანია მხოლოდ ქალბატონების კუმირი კი არა, მოაზროვნე და, რაც მნიშვნელოვანია, საღად მოაზროვნე, ფსიქიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული პოლიტიკოსი ჩანს”, - ასეთია ”ახალი თაობის” კორესპონდენტის შთაბეჭდილება.

”რეზონანსის” ინფორმაციით, ირაკლი ალასანია რამდენიმე დღეში ისევ შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სამშობლოში ნაახალწლევს დაბრუნდება და დაასახელებს იმ ძალას, რომელთანაც გაერთიანდება. გაზეთის ცნობით, ”თითქმის 99%-ით გადაწყვეტილია, რომ ირაკლი ალასანია და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ”ახლები-რესპუბლიკელების” ახლად შექმნილ ალიანსს ოფიციალურად ნაახალწლევს შეუერთდებიან”, - წერს ”რეზონანსი”.

”24 საათის” ავტორი აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ ალასანიას გუშინ არ დაუსახელებია პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაეყრდნობა, რაიმე პროგნოზის საშუალებას არც პრესკონფერენციაზე დამსწრე საზოგადოება იძლეოდა - ”ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელიც გუშინ მის საჯარო განცხადებებს დაესწრო, გოგა ხაინდრავა იყო”, - შენიშნავს ”24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG