Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის გამოსვლას საქართველოს ხელისუფლებამ ”აღიარება” უწოდა


რუსეთის სამი ფედერალური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებებს აგვისტოს მოვლენების შესახებ

საქართველოს ხელისუფლებამ ”აღიარებითი ჩვენება” უწოდა. თავის გამოსვლაში მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და რომ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტმა მიიღო. საქართველოს მთავრობის მხრიდან დღეს მთელი დღის მანძილზე კეთდებოდა განცხადებები, რომ რუსეთმა ამ აღიარებით დაასწრო საერთაშორისო კომისიის დასკვნას და მთელ მსოფლიოს გასცა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი.

რა თქვა დმიტრი მედვედევმა და იყო თუ არა მის გამოსვლაში რამე აღიარებითი და ახალი, როგორ აფასებს ხელისუფლების რეაქციას და მედვედევის განცხადებებს ქართული ოპოზიცია?

დმიტრი მედვედევის სატელევიზიო გამოსვლას საქართველოს თითქმის მთელი მთავრობა გამოეხმაურა და მის განცხადებებს ყველამ ერთხმად უწოდა ”აღიარება”.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რომელიც მსოფლიოს აინტერესებდა.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ მედვედევის გამოსვლა მათ გასაგონად არის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა ვინ და როგორ დაიწყო ომი.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა დაამატა, რომ რაც დრო გავა, რუსეთს უფრო გაუჭირდება ამ ყველაფრის დამალვა და მას კიდევ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

იყო თუ არა რამე ახალი და, მით უმეტეს, აღიარებითი დმიტრი მედვედევის გამოსვლაში - ისეთი რამ, რაც აქამდე არც ქართულ და არც მსოფლიო საზოგადოებას არ მოუსმენია? რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი ომისთვის მართლაც ემზადებოდნენ:

[დმიტრი მედვედევი] ”რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებოდით ამისთვის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მომზადების შედეგი იყო ის, რომ მინიმალური დანაკარგები გვქონდა. რუსულმა არმიამ დაანგრია საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუმცა, ამასთანავე, თავიდან აიცილა სხვა არაჰუმანური ხასიათის ქმედებები.”

არ დაუმალავს, რომ ცეცხლის გახნის გადაწყვეტილებაც, ყოყმანის გარეშე, თავად მიიღო:

[დმიტრი მედვედევი] ”იმ მომენტში, როდესაც რეალურად აამოქმედეს სარაკეტო დანადგარები, ტანკებიდან გახსნეს ცეცხლი და მე მაცნობეს ჩვენი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ, მათ შორის, სამშვიდობოებს შორისაც, მე წუთიც არ მიყოყმანია და მაშინვე გავეცი საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება.”

და ისიც თქვა, რომ რუსეთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქართველო ომისათვის ემზადებოდა:

[დმიტრი მედვედევი] ”ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ჩვენს მეზობელს გონებრივად ყველაფერი წესრიგში არ აქვს, მაგრამ არა ამ დონეზე. ისინი ემზადებოდნენ ომისთვის და ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ ჩვენმა ქართველმა კოლეგამ შეწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, თუმცა მანამდე ითხოვდა ჩვენთან შეხვედრებს სოჭში და ა.შ. შემდეგ, მოულოდნელად, გაწყდა კავშირი და სწორედ მაშინ დავასკვენით, რომ მან გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდებით მოეგვარებინა ეს პრობლემა.”

ეს მედვედევის გამოსვლის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია. დღესვე მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. რომელმაც თქვა, რომ მედვედევი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნასაც კი არ დაელოდა და ისე შეცვალა პოზიცია:

[გრიგოლ ვაშაძე] ”რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები ადასტურებს იმას, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც გეგმავს სამხედრო ინტერვენციებს თავისი სუვერენული მეზობლების ტერიტორიაზე, ეს არის სახელმწიფო, რომელიც ემზადებოდა შეიარაღებული ინტერვენციისთვის არა მარტო რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს ტერიტორიაზეც, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, და ეს არის ქვეყანა, რომელიც არაფრად აგდებს საერთაშორისო სამართალს და იმ კანონებს, რომლითაც ცივილიზებული სახელმწიფოები ცხოვრობენ.”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა კი, რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას ნახევრად სიმართლე უწოდა:

[დავით დარჩიაშვილი] ”მედვედევი ამბობს ნახევარსიმართლეს. ისინი ემზადებოდნენ არა მხოლოდ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ისინი ემზადებოდნენ საქართველოში.” (სტილი დაცულია)

მედვედევის გამოსვლის შინაარსმა უბიძგა ევროპულ და ავროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს მოეწოდებიინა პოლიტიკური ძალებისათვის შეწყვიტონ უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ისედაც ნათელი ხდება, ვინ არის აგრესორი.

თუმცა ოპოზიცია ასე არ ფიქრობს. მათ მედვედევის განცხადებებში უჩვეულო ვერაფერი დაინახეს - მით უმეტეს, აღიარებითი. რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს:

[პაატა ზაქარეიშვილი] ”მედვედევს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. მან დაადასტურა ის, რომ რუსეთი იძულებული იყო ჩართულიყო ამ საომარ მოქმედებებში და ისევ და ისევ ყველაფერი გადააბრალა ქართულ მხარეს, რომ საპასუხო იყო ეს რეაქცია. ჩვენი პოლიტიკოსები კი ებღაუჭებიან ხავსს და ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რუსეთმა განახორციელა აგრესია და მათი პასუხისმგებლობა ცალსახაა, არ ექვემდებარება მსჯელობებს. მაგრამ მსჯელობებს ექვემდებარება ქართული მხარის ქცევები. ჩვენს პოლიტიკოსებს სურთ ოღონდ ქართული მხარის პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადაატანინონ მოსახლეობას და ამომრჩეველს და მზად არიან ერთი და იგივე თემა ღეჭონ და ღეჭონ უსასრულოდ.”(სტილი დაცულია)

ექსპერტი გია ხუხაშვილი მედვედევის გამოსვლას დრამატიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ მან ბევრი ტყუილი თქვა, თუმცა ამ ფონზე არც ქართული პროპაგანდის მუშაობაა ადეკვატური:

[გია ხუხაშვილი] ”რა თქმა უნდა, მან თქვა ტყუილი და ეს არ იყო, რაც მოხდა რეალურად. მან მოახდინა სიტუაციის დრამატიზირება, დაამახინჯა, მაგრამ რასაც ახლა ჩვენი პროპაგანდა აკეთებს, ისიც არის აბსოლუტური აბსურდი. ჩვენ ვნახეთ დავითაია საკმაოდ პიკანტურ როლში, როდესაც ვიღაცას ეჩურჩულებოდა, რა თქმა უნდა, ამათმა დაიწყეს ომიო და ვინც ჰყავდა მხედველობაში, კარგად ვიცით, და ამაზე მეტი სკანდალი, რაც დავითაიამ გააკეთა, ანუ, ფაქტობრივად, ის ორასგვერდიანი დასკვნა, თავისივე კომენტარებით, მიწაში ჩადო... და ახლა მედვედევზე ლაპარაკი, რომ იმან რაღაც აღიარა, ეს ძალიან არასერიოზულია. ჩვენი მხარე აღმოჩნდა ხაფანგში, რომელიც იყო რუსეთის მიერ დაგებული, ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო და დიაგნოზი დასმულია უკვე. მედვედევი ამბობს ნახევარსიმართლეს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაც ლაპარაკობს ნახევარსიმართლეს და ჭეშმარიტება რჩება ორივე მხარის მიღმა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG