Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონული მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში გაგრძელდა რამდენიმე თემა, რომლებზეც გასულ კვირებში სხვა ქალაქებში წერდნენ და რომლებიც საერთო ტენდენციის შინაარსს იძენს.

პირველი ასეთი თემა მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების შემცირებაა. ჟურნალისტი ლელა დუმბაძე გაზეთ ”ბათუმელებში“ აქვეყნებს ციფრებს, რომელთა თანახმად, წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 973 000 ლარი დაიხარჯა, მომავალი წლისთვის კი 273 000 ლარია გამოყოფილი. სხვა სოციალური პროგრამებისთვის 2008 წელს 2 329 000 ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლისთვის კი თანხა 1 759 000 ლარზე დავიდა. ამ მონაცემებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს ჟურნალისტის დასკვნა: „მთავრობის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ პრიორიტეტი სოციალური სფეროა, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ სფეროს დაფინანსება საგრძნობლად მცირდება.“

გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ აგრძელებს ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ბავშვებისთვის ათასლარიანი დახმარების შეწყვეტის თემას. სახელმწიფო პროგრამა „ღირსეული დასაწყისი“, რომელიც წელს, ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამოქმედდა, წელსვე ხუთი დეკემბრიდან გაუქმებულია. ახალციხეში ეს დახმარება 283 ახალშობილზე გაიცა. იმ ხელმოკლე ოჯახებმა კი, რომლებიც ახლა ელოდებიან შვილებს, პროგრამის შეწყვეტის თაობაზე არაფერი იციან.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე კოლეგებს შორის ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც ნარკოტიკი აღმოუჩინეს. გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ ცნობით, ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შურღაიას, ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვისთვის ოთხიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა თავად შურღაია წაყენებულ ბრალს უარყოფს.

ამავე გაზეთში ჟურნალისტი ელისო ჯანაშია აგრძელებს ქუთაისური „ახალი გაზეთის“ თემას იმის შესახებ, რომ ფოთის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან შეძენილი, 80 000 ლარად ღირებული, მანქანით სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია დადის. მომავალ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში 150 000 ლარია გათვალისწინებული პატრულისთვის ოთხი მანქანის შესაძენად. სტატიაში ჟურნალისტი და ექსპერტები მართვის სისტემის დეფექტებს აანალიზებენ.

რადიო „ჰერეთი“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყებიან, რომ, კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულმა თხუთმეტმა მოხელემ ტესტირება გაიარა და სამსახურის შენარჩუნება მხოლოდ ოთხმა მათგანმა შეძლო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ტესტირების შედეგები ახსნა როგორც გუბერნატორის პირადი დაინტერესება, რომ ადმინისტრაცია საკუთარი კადრებით დააკომპლექტოს.

გაზეთი „ქართლის ხმა“ სამ სტატიას უძღვნის დევნილების თემას. პირველში მოთხრობილია შიდა ქართლის გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის, დევნილებთან ურთიერთობის მეტად უხეში დეტალების შესახებ. მეორე სტატიაში იმ დევნილებზეა საუბარი, რომლებიც ჯერ კიდევ გორის N12 საბავშვო ბაღში ცხოვრობენ და დაბინავებას ელოდებიან; 20 დეკემბერს კი სახელმწიფომ მათ კვებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. მესამე სტატია იმ დევნილებს ეხება, რომლებიც დაბინავებაზე უარს ამბობენ, რადგან კოტეჯები საცხოვრებლად უვარგისად მიაჩნიათ და საკომპენსაციო თანხის – 10 000 დოლარის – გაზრდას ითხოვენ.

დაბოლოს, გაზეთები „გურია ნიუსი“ და „რეზიუმე“ მკითხველს უამბობენ, როგორ მიმდინარეობს ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ერთ კოალიციაში გაერთიანება თბილისის მიღმა, კერძოდ, ოზურგეთსა და ფოთში. როგორც ჩანს, ადგილობრივი ორგანიზაციების პირველი პირებისთვის გაერთიანების პროცესი უმტკივნეულო არ არის, რადგან რომელიმე მათგანს საკუთარი პოზიციის დათმობა უწევს. როგორ შეძლებენ რეგიონებში პროცესის მართვას თბილისელი ლიდერები, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული „ახლებისა“ და „რესპუბლიკელების“ ერთობის სიმტკიცე და მათივე სამომავლო პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG