Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს კავკასიის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმა?


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა ”ჯარისკაცი და სახელმწიფო”

დღეს კავკასიის უსაფრთოხებას ეხება. საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკა გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანმშრომლობის პლატფორმა, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით. ამ იდეას ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმას ხელი 2009 წელს მოეწერება. მაგრამ რას ითვალისწინებს თურქეთის იდეა და რამდენად შეუწყობს იგი ხელს საფრთხეების პრევენციას ფეთქებადსაშიშ და დეზინტეგრირებულ კავკასიაში? საქართველოს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორს, პროფესორ კორნელი კაკაჩიას ვთხოვე თურქეთის პლატფორმის აქტუალობაზე ესაუბრა.

კავკასიაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის შინაარსი კიდევ უფრო მეტად გასაიდუმლოებულია, ვიდრე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქართულ-ამერიკული ქარტია თუ ჩარჩო ხელშეკრულება. თანაც, თუკი ამერიკასთან ორმხრივ შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლება მოუთმენლად ელოდება, თურქეთის ინიციატივის შესახებ საჯარო საუბარს სახელმწიფო მოხელეები ერიდებიან, მისი ხელმოწერის ვადებზე კი, უბრალოდ, მხრებს იჩეჩავენ. საქართველოს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, კავკასიაში უსაფრთხოების პლატფორმის თურქული ინიციატივის მიმართ ასეთ ფრთხილ დამოკიდებულებას კავკასიის გეოპოლიტიკური პალიტრა განსაზღვრავს:

[კორნელი კაკაჩია] ”რეალურად აქ ჩვენ გვაქვს ორი სამკუთხედი: თურქეთი, აზერბაიჯანა და საქართველო მეტ-ნაკლებად იყვნენ მოკავშირეები. და მეორე სამკუთხედია, ვთქვათ, რუსეთი, ირანი და სომხეთი. ამ სამკუთხედების შეკვრა ამ ეტაპზე ცოტა წარმოუდგენელია, მათი განსხვავებული გეოპოლიტიკური და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ” (სტილი დაცულია)

კავკასიის ქვეყნების გეოპოლიტიკურ მისწრაფებათა გარდა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პლატფორმა, კორნელი კაკაჩიას თქმით, დღის სინათლეს ვერ იხილავს, ვიდრე არ მოხერხდება ბალანსის პოვნა კავკასიის ქვეყნების ეკონომიკურ ინტერესებს შორისაც. კაკაჩიას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს და ეწინააღმდეგება მსხვილ ენერგეტიკულ და მაგისტრალურ პროექტებში სომხეთის მონაწილეობას, სომხეთისა,რომელსაც, თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს თურქეთთან:

[კორნელი კაკაჩია] ”თურქეთს სურს, რომ სომხეთთან გაიუმჯობესოს ურთიერთობა, რაშიც რუსეთიც თავის როლს თამაშობს. რეალურად თურქეთმა გამოაჩინა, რომ ის მზად არის, თუ სომხეთის მხრიდან დათმობა იქნება გენოციდის საკითხში, იგივე ”ნაბუკოს” პროექტები და უამრავი სხვა პროექტები გავიდეს სომხეთის მეშვეობით. ეს კი საქართველოს, აი, ამ სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც აქამდე ჰქონდა, რა თქმა უნდა, დააკნინებს.” (სტილი დაცულია)

თურქეთის რესპუბლიკა კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პლატფორმის შემუშავების იდეით რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ გამოვიდა. ამ იდეას ოქტომბრის რეზოლუციაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც დაუჭირა მხარი. შეთანხმებაში უნდა ასახულიყო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ერთობლივი ძალისხმევის განვითარება თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან. საქართველოს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დირექტორის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, დასავლეთისათვის თურქეთის იდეა თავიდანვე მისაღები გახდა ამ უკანასკნელის დაბალანსებული რეგიონალური კავშირურთიერთობების გამო:

[კორნელი კაკაჩია] ”არა მგონია, რომ თურქეთი ამას მარტო აკეთებდეს. მე მაინც მგონია, რომ თურქეთს შესთავაზეს გარკვეული როლი, რადგან ამ როლს სხვა სახელმწიფო ვერ იკისრებს ფიზიკურად. იანკი მას ვერ იკისრებს, რუსეთი განსხავვებულ სიტუციაშია, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთიც აბსოლუტურად ერთსა და იმავე სიტუაციაშია. ამიტომ რაღაც რეგინალური სახლემწიფო იყო საჭირო, რომელიც გარკვეულ წილად რაღაც ინიციატივით გამოვიდოდა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა რუსეთის პოზიციისაგან.” (სტილი დაცულია)


მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ კავკასიის უსაფრთხოების დოქტრინა განსხვავდებოდეს რუსეთის ტრადიციული დამოკიდებულებისაგან, რომლის პოლიტიკის არსი კავკასიაში უპირობო ჰეგემონიაში მდგომარეობს? თანაც, როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, საქართველოს შემთხვევაში, გეოპოლიტიკური მიმზიდველობის დაკარგვის გარდა, თურქეთის მიერ შემოთავაზებული პაქტი, შესაძლოა, თბილისისათვის რუსეთთან ომის შემდგომი სტატუს-კვოს დაკანონებას ნიშნავდეს:

[კორნელი კაკაჩია] ”მე ვიცი, რომ ამ იდეაში რუსეთი მოიაზრება როგორც ერთ-ერთი ძირითადი და მას აკისრია როგორც მასტაბილიზებელი როლი, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად იდეასთან. იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ეს. ეს უფრო ჰგავს სტატუს-კვოს შენარჩუნების სურვილს, რომ რუსეთი კიდევ უფრო არ გავიდეს თავს.” (სტილი დაცულია)

სწორედ კავკასიის ქვეყნების განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვებისა და პრიორიტეტების გამო, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არც აშკარად ემხრობა და არც ეწინააღმდეგება ამგვარი პლატფორმის იდეას. თბილისი იძულებულია ანგარიში გაუწიოს თურქეთის რესპუბლიკის ლტოლვას ახალი რეგიონალური გაერთიანებისაკენ, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორა, რომლის მნიშვნელობაც, კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოსათვის კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთთან ომის შემდეგ:

[კორნელი კაკაჩია] ”თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, საიდანაც, რომ დაგვჭირდეს შველა, პირობითად ვამბობ, სამხედრო დახმარება იქნება თუ სხვა, შეიძლება მოგვეწოდოს. დანარჩენი კი, რეალისტურად რომ შევხედოთ, არც სომხეთიდან, არც აზერბაიჯანიდან - და ირანიდან ხომ საერთოდ გამორიცხულია - ასეთი დახმარება არ იქნება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ჩვენ რაღაცნაირად დამოკიდებული ვართ თურქეთზე, რომელიც იქნება დასავლეთის მოკავშირე.” (სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, კავკასიის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმაზე მუშაობა გრძელდება. უფრო მეტიც, გასულ კვირაში აზერბაიჯანში თურქეთის ელჩს ისიც კი უთქვამს, რომ, სავარაუდოდ, პლატფორმას ხელი 2009 წელს მოეწერება. სათუო კი, მართლაც, ბევრია. ექსპერტების შეფასებით, ახალ რეგიონალურ გაერთიანებას მართლა ექნება მომავალი, თუკი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხში კავკასიის ქვეყნებისა და თურქეთის ხედვა ერთმანეთს დაემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი ვერ ასცდება ბედს საერთაშორისო ორგანიზაციისა ”სუამი”, რომლის არსებობის მეათე წლისთავზეც კი არავინ იცის, თუ რას აძლევს, ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ორგანიზაცია საქართველოს, უკრაინას, მოლდავეთსა და აზერბაიჯანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG