Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიების დაფინანსების საკითხის მოგვარება პარლამენტში სირთულეებს წააწყდა


გასულ კვირაში, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას, აღმოჩნდა, რომ, მიუხედავად შეთანხმებისა, კანონპროექტს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

კანონის ჩავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ოპოზიციას ახალი წინადადება შესთავაზა. ამ პროექტის მიხედვით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საბაზისო დაფინანსება იზრდება, ხოლო მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის, დაფინანსება მცირდება. მინდა პარტიების დაფინანსების ახალ პროექტზე გესაუბროთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მმართველი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის, სახელით გამოვიდა და ოპოზიციას პარტიების დაფინანსების ახალი პროექტი შესთავაზა. ბაქრაძის ინიციატივის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს ყველა ის პარტია, რომელმაც ადგილობრივ ან საპარლამენტო არჩევნებში, შესაბამისად, სამ და ოთხპროცენტიანი ბარიერი გადალახა. ასევე გაიზრდება იმ პარტიების დაფინანსების ჯამური მოცულობა, რომლებიც საბიუჯეტო თანხებს დღემდეც იღებდნენ. ერთადერთი, რომელიც ამ ცვლილებებით ვერ იხეირებს, ნაციონალური მოძრაობა იქნება:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ჩვენ გამოვდივართ ნებაყოფლობითი ინიციატივით, რათა შემცირდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბაზისო დაფინანსება და ეს თანხა მოხმარდეს იმ პარტიებს, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდებათ გაძლიერება.“(სტილი დაცულია)

ამ ინიციატივის განხილვა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე გაიმართა. თავის დროზე სწორედ ანტიკრიზისულ საბჭოში მომზადდა პარტიების დაფინანსების აღდგენისა და გაზრდის პროექტი. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მმართველი პარტია, თავისი ახალი ინიციატივით, ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს დაეთანხმა:

[ლევან ვეფხვაძის ხმა] „ეს არის გამოძახილი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. თუმცა არ მოხდა ზურაბ ტყემალაძის მოსაზრების გაზიარება. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე შეთანხმების გარეშე დავშორდით, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა, რომ არ არის.“(სტილი დაცულია)

ლაპარაკია პოლიტიკური პარტიისთვის მომავალ არჩევნებამდე დაფინანსების შენარჩუნების შესახებ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან ვერ გადალახა სამ ან ოთხპროცენტიანი ბარიერი. ეს იდეა მრეწველთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს, ეკუთვნის:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „ეტყობა, მიმდინარეობს მსჯელობა საბჭოს გარეთ და სულ ახალ-ახალი ინიციატივები შემოდის. მე ამ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებ.“

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯონდი ბაღათურია, იმითაა უკმაყოფილო, რომ პარტიების დაფინანსება ორჯერ არ გაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც პოლიტიკური პარტიების მივლინებებსა თუ კონფერენციებს დააფინანსებს. ასევე, გარკვეული თანხა გამოიყოფა პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო სექტორის უფრო აქტიურად ჩასართავად. ჯონდი ბაღათურია ამ თანხების პირდაპირ პარტიულ ანგარიშებზე გადარიცხვასაც მოითხოვს. ასეთი აზრთა სხვადასხვაობის პირობებში ანტიკრიზისულმა საბჭომ თითქმის ვერაფერზე შეთანხმება ვერ მოახერხა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის კომენტარი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „აქვთ სურვილი, რომ მიიღონ უფრო მეტი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ, გაორმაგების შემთხვევაში, კიდევ დამატებით მილიონ-ნახევარი ლარი უნდა გადანაწილებულიყო პარტიებზე, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არ აქვს.“(სტილი დაცულია)

პარტიების დაფინანსების საკითხის მეორე მოსმენით განხილვა და მესამე მოსმენით კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის 30 დეკემბრის სხდომაზე უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია და მმართველი პოლიტიკური ძალა კონსენსუსს ვერ მიაღწევენ, პარტიების ნაწილი დაფინანსების, ხოლო ნაწილი გაზრდილი ბიუჯეტის გარეშე დარჩება.
XS
SM
MD
LG