Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


პრესაში საახალწლო განწყობაა, თუმცა - არა საზეიმო. დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ, რა მდგომარეობაა წინასაახალწლოდ ოკუპირებულ ახალგორში

(ეს ”მთელი კვირის” რეპორტაჟი გახლავთ, რომლის მომზადების დროსაც, როგორც თავად წერენ, ავტორები ოს სამართალდამცავებს დაუკავებიათ კიდეც). დღევანდელი ”ვერსია” წერს იმაზე, როგორ ხვდებიან ახალ წელს სამაჩაბლოში. ერთ-ერთი დევნილი, პატარალიახვისხეობელი დავით ნანობაშვილი, ამბობს: ”დალოცვით კი დავილოცები და მთელ საქართველოს ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ, მაგრამ სანამ ჩემს არე-მარეზე გადამთიელები დადიან, ვერასოდეს ვიზეიმებ.”

დღევანდელი გაზეთები გასული წლის შეფასებასა და მომავალი წლის პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების განჭვრეტასაც ცდილობენ - უფრო ზუსტად კი, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს სთხოვენ ამის შესახებ კომენტარს. მათი უმრავლესობა მომავალ წელს ვადამდელი არჩევნების საკითხის გააქტუალურებაზე ლაპარაკობს. ”ვერსიაში” ქვეყნდება ინტერვიუ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან, რომელსაც არ ჰგონია, რომ რიგგარეშე არჩევნები პრობლემებს გადაჭრის: ”დღეს სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ - კონფლიქტებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა კი რიგგარეშე არჩევნებით არ ხდება. პირიქით, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, შიდაპოლიტიკური კრიზისი არსებობს”, - აცხადებს პარლამენტის სპიკერი.

”კვირის ქრონიკას” ლეიბორისტი გიორგი გუგავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმას აცნობს. ის ინტერვიუში ამბობს: ”ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, გავამზადებთ დოკუმენტს და გავაგზავნით მას პარლამენტში”, - გუგავა იქვე აზუსტებს, რომ ლეიბორისტები პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, მაგრამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად დოკუმენტის პარლამენტში ”შეგზავნას” კი გეგმავენ. რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მომავალი წლის დასაწყისში ახალი კოალიციის შექმნის შესახებ საუბრობს. ”ეროვნული ფორუმის” წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ის და მისი თანაპარტიელები 4 ან 5 იანვარს ”ძალიან სერიოზულ განცხადებას” გააკეთებენ. ”ახალი მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე საზოგადოებას ერთთვიან მოთმინებას სთხოვს. პოლიტიკოსთა დაპირებების შესახებ ”კვირის ქრონიკა” წერს.

”ასავალ-დასავალი”, ტრადიციულად, აქვეყნებს ინტერვიუს ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას დაამთავრებს. ”ჩემი აზრით, მას აქვს საამისო რესურსი, მიუხედავად უამრავი შეცდომისა. უმთავრესი რესურსი პარლამენტია”, - აცხადებს შევარდნაძე. მისი აზრით, ”მშვიდობიანი გზით პარლამენტი სახლში არ წავა”.

”ასავალ-დასავალში” უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილის წერილი ქვეყნდება, სათაურით ”უზნეოთა ზეობა”. ავტორი წერს: ”როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი ადამიანის უფლებებზე დაიწყებს აპელირებას, ზურაბ ნოღაიდელი - ფინანსური პოლიტიკის სტერილობაზე, ეროსი კიწმარიშვილი - მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე და მის ცალმხრივობაზე. ხოლო საზოგადოება ასეთებს წინ არ აუფრიალებს მათი ნამოქმედარის შედეგებს, ასეთი საზოგადოება ყველაფრის ღირსია”, - წერს ”ასავალ-დასავალში” გელა ნიკოლაიშვილი.

”ახალი თაობის” ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორი კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე წერს და მიაჩნია, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ოპოზიციის წყალობით რჩება: ”მმართველობის ბოლო წლებში შევარდნაძეს უყვარდა სტატისტიკის კითხვა იმის დასამტკიცებლად, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდება. ამ თვითმოტყუებამ გახრწნა შევარდნაძის მთავრობა და მისცა საშუალება სააკაშვილს მისი ადგილი ჩაეგდო ხელში. დღეს სააკაშვილი იმავე გზას გადის, ოღონდ ბევრად უფრო სავალალო პირობებში და ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაში. ერთადერთი, რის გამოც სააკაშვილი ისევ ინარჩუნებს ხელისუფლებას, არის ოპოზიციის სისუსტე, თორემ არმია და პოლიციაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან შედგება.”

”მთავრობა კვირასაც მუშაობს” – ასეთ სათაურს ნახავთ ”24 საათის” პირველ გვერდზე. ”აგვისტოში რუსეთის აგრესიის გამო საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის გზებზე დაეწყო მუშაობა. ამგვარად, ქვეყანა ოქტომბერ-ნოემბერში კარზე მომდგარ კრიზისს, გარკვეულწილად, მომზადებული შეხვდა”, - წერს ”24 საათი”.

”კვირის პალიტრა” 2008 წლის ეკონომიკურ მოვლენებზე ექსპერტთა მოსაზრებებს აქვეყნებს. სოსო ცისკარიშვილი: ”წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო საბანკო სისტემის მიმართ ნდობის შერყევა, რაც წინა წლებში წარმოუდგენელი იყო. ეს სისტემა პრაქტიკულად ერთადერთი იყო ქვეყანაში, რომელიც ჯანსაღი პარტნიორობის რეჟიმში თანამშრომლობდა დასავლეთის სისტემასთან. 2008 წლის ორმა არჩევნებმა საბანკო სისტემა თითქმის ბიზნესის ისეთ დარგამდე დაიყვანა, რომელიც სახელისუფლებო რეკეტის ქვეშ არსებობდა”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი. ზურაბ ტყემალაძე კი ”კვირის პალიტრას” უცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში შესული დაახლოებით 150 ცვლილებიდან მეწარმის საქმიანობას არც ერთი არ უწყობს ხელს. ”ერთადერთი, ფასადისთვის წინ წამოსწიეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება. არადა, ყველაფერი საგადასახადო ბაზაზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც მხარზე სავსე ხურჯინი ჰკიდია. ხურჯინის ცალ მხარეს ტვირთი რომ შეუმსუბუქო და ეს ტვირთი მეორე მხარეს დაუმატო, ხომ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ამ ხურჯინს ვერ ატარებს”, - ასეთ შედარებას სთავაზობს ”კვირის პალიტრას” ზურაბ ტყემალაძე საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG