Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსებული დონე “ქარტიაზე” მეტია


საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არ წყდება

ჰიპოთეტური მსჯელობა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ახალ დოკუმენტსა და მისი ხელმოწერის თარიღზე, რომელიც ორჯერ გადაიდო სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა ექსპერტები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე აქამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რამაც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მიაღწია ყველაზე დიდ მასშტაბებს. ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გესაუბრებით.

საქართველოში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ორი გამოკვეთილი მემორიალი არსებობს: ჯორჯ ბუშის ქუჩა თბილისში და 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხედრო სასწავლო ცენტრი რუსთავის მახლობლად. თუმცა, თუ ჯორჯ ბუშის ქუჩის აუცილებლობის საკითხი დღემდე სადავოა, პოლიგონი ეჭვებზე მაღლა დგას და ზუსტად შეესატყვისება ქართველი და ამერიკელი სამხედროების ურთიერთობის ისტორიას. სწორედ 2001 წლის 11-მა სექტემბერმა მისცა დასაბამი საქართველოსათვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში პირველი პროფესიული ანტიტერორისტული სამხედრო ქვედანაყოფები გაიწვრთნა. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის დავით თევზაძის თქმით, ქართულ-ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა იყო უნიკალური სამხედრო დახმარება, რომლის მსგავსი თავის დროზე ვაშინგტონს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ განუხორციელებია:

[დავით თევზაძე] ”’წვრთნა და აღჭურვა’ - ეს იყო უნიკალური პროგრამა, ნამდვილად უნიკალური პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოში რეალური ანტიტერორისტული შესაძლებლობების შექმნას და 4 ბატალიონი ამ ნიშნით გაიწვრთნა.”

ვაშინგტონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე 65 მილიონი დოლარი დახარჯა, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი 2000 კაციანი ქართული ქვედანაყოფი კი პროფესიული არმიის ბირთვად იქცა. თუმცა ვაშინგტონი მხოლოდ ამ დახმარებით არ დაკმაყოფილდა და 2004 წლის ბოლოს დაიწყო ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამა”, რაც მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისათვის კიდევ 2 ქვეითი ქართული ბრიგადის მომზადებას ითვალისწინებდა. ორი წლის წინ რადიო ”თავისუფლება” ქართველი სამხედროების მომზადებას ესწრებოდა 11 სექტემბრის მსხვერპლთა სახელობის პოლიგონზე და მის არქივში ინახება ამერიკელი ინსტრუქტორების კვალიფიკაციისა და ქართველთა მომზადების დონის სასწავლო ცენტრის უფროსის, პოლკოვნიკ ალეკო კიკნაძისეული შეფასება:

[ალეკო კიკნაძე ] ”სერიოზული მომზადება გაიარეს! შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა ლოგისტიკის ბატალიონებიც მოამზადეს, როგორც მსუბუქი ქვეითი ბატალიონები. მათთვის არ დაუკლიათ არც ყუმბარმტყორცნებიდან სროლა, არც ”პოდსტვოლნიკებიდან” სროლა. სერიოზული მომზადება გაიარეს, ერთი სიტყვით.” (სტილი დაცულია)

ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაცია” ორ ეტაპად განხორციელდა და 2006 წლის ბოლოს დამთავრდა. საბოლოოდ კი, თუ დავაჯამებთ, მარტო ”წვრთნისა და აღჭურვისა” და ”სტაბილურობის” ოპერაციებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 120 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, უკვე განხორციელებული ამერიკული სამხედრო დახმარებები ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის დემონსტრირება იყო:

[გიორგი მუჩაიძე] ”ამით, ფაქტიურად, საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ამერიკის ფართომასშტაბიან სტრატეგიულ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და, ფაქტიურად, ამ პროგრამების საფუძველზე განვითარდა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და მისი ბირთვი.” (სტილი დაცულია)

დიახ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორობას, სულ ცოტა, ხუთწლიანი ისტორია აქვს. ერაყში ამერიკის სარდლობით მოქმედი კოალიციის რიგებში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა სტრატეგიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართული ქვედანაყოფები თითქმის 5 წლის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო ოპერაციას მაღალი ინტენსივობის კონფლიქტურ ერაყში. ქართველი ჯარისკაცები იცავდნენ მშვიდობას ბააყუბაში, თიქრითში, საკუთრივ ბაღდადში და, სულ ბოლოს, ირანის მოსაზღვრე ვასიტის პროვინციაში. საქართველოს სამხედრო ბრიგადამ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერაყი გასული წლის 10 აგვისტოს დატოვა, რუსეთ-საქართველოს ომის გამო. მაგრამ არა მხოლოდ ერაყში, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იცავდნენ საერთაშორისო მშვიდობას კოსოვოსა და ავღანეთში. Dდა რა არის ეს, თუ არა სტრატეგიული თანამშრომლობა?

ამ სტრიქონების ავტორი გასული წლის ივლისში იმყოფებოდა ვასიტის პროვინციაში, “დელტას” სამხედრო ბაზაზე, და საკუთარი თვალით აქვს ნანახი ქართველი მშვიდობისდამცველების მოქმედება. ალ კუტში მყოფი ქართველი სამხედროები მართავდნენ მთელ სამშვიდობო პროცესს უმაღლეს დონეზე და ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ანუAამერიკულმა სარდლობამ ქართულ ბრიგადას ანდო საომარი ოპერაციის ყველაზე სახიფათო უბანი და ქართველ ჯარისკაცებს მათთვის არ უმტყუნიათ. Eერაყის მიწაზე დაღუპული 5 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი კი დასტურია იმ საშიშროებისა, რაც ერაყის სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციას ახლდა. ამიტომ უსამართლობაა იმის თქმა, თითქოს ამერიკელ ინსტრუქტორებს ქართული ბატალიონები რეალურ მტერთან საბრძოლველად არ მოემზადებინოთ. ასეთი მოსაზრება საჯაროდ გასული წლის 23 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოხატა რადიო ”პალიტრასთან” ინტერვიუში:

[თემურ იაკობაშვილი] ”იცით, რა არის, მოდით, ასე ვთქვათ, რეალურად, რაც ჩვენ ამერიკელებმა გვასწავლეს, ეს არის შლაგბაუმების აწევა და დაწევა. იმიტომ რომ, ჯარები, რომელსაც ისინი წვრთნიდნენ, მიდიოდნენ ერაყში.” (სტილი დაცულია)

მინისტრი იაკობაშვილი ასე გამოეხმაურა ”ნიუ-იორკ ტაიმსში” 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ”10 წელზე ხანგრძლივი ამერიკული სწავლებისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროს ხუთწლიანი დიდძალი ინვესტირების მიუხედავად, საქართველოს არმია ცუდად მომზადებული დარჩა.”

მიუხედავად ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებისა, საქართველოს ხელისუფლებას მაინც ამერიკის სამხედრო დახმარების იმედი აქვს, რაც ხელმოსაწერად გამზადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც უნდა აისახოს. ქარტიაზე ხელმოწერას საქართველოს ხელისუფლება გასული წლის ბოლომდე ვარაუდობდა. შემდეგ კი დასახელდა 4 იანვარი და, როგორც გასულ კვირაში გაირკვა, ეს თარიღიც არ აღმოჩნდა საბოლოო. თუმცა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია, ალბათ, მაინც გაფორმდება და ეს იქნება უკანასკნელი დახმარება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელმაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლაც, განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. 2002 წლიდან მოყოლებული, სამხედრო სფეროსა და საზღვრის დაცვის განმტკიცების მიმართულებით ამერიკის დახმარება 300 მილიონ დოლარს აღწევს.

მაგრამ თუკი ამ დახმარების აკუმულირება ყოველთვის სწორად ვერ ხერხდებოდა, ეს ისევ და ისევ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალია. რევოლუციურ ინერციას აყოლილი ხელისუფლება ყოველი ახალი თავდაცვის მინისტრის შეცვლასთან ერთად ყველაფერს “სუფთა ფურცლიდან” იწყებდა და ყურადღებას არ აქცევდა იმ ქართველი ექსპერტების მიერ ატეხილ განგაშს, რომლებიც ბევრს წერდნენ არმიის მართვაში, ორგანიზებასა და საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე, რასაც საბედისწერო შედეგები მოჰყვა ცხინვალთან, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG