Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის გაზის კრიზისი ალტერნატიული მილსადენების პროექტებზე?


რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტამ ევროპაში რუსეთის გაზის ტრანზიტის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

შესაბამისად, კვლავ აქტუალური გახდა რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საკითხი. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი პროექტია „ნაბუკო“, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, რუსეთი კი ევროპას სხვა ალტერნატივებს სთავაზობს. საკითხავია, რა პერსპექტივა აქვს ამ ალტერნატივებს რუსეთ-უკრაინის „გაზის კრიზისის“ ფონზე?

ბრიუსელში ევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფი შეიკრიბა, რომელიც გაზმომარაგების საკითხებს განიხილავს. რამდენიმე დღის შემდეგ ბრიუსელში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს ელიან რუსეთის მიერ უკრაინისთვის გაზის შეწყვეტის საკითხის განსახილველად. როგორც ცნობილია, მოსკოვის ამ ნაბიჯმა ევროპაში უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტის მოცულობის შემცირება გამოიწვია.

რუსეთი შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს, რათა ევროპა ახალი პროექტების - ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაკადების - აუცილებლობაში დაარწმუნოს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ენერგეტიკის საკითხთა ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] „რუსეთი ამას სათავისოდ იყენებს და იძახის, რომ, აი, მე რომ მინდა ცალკე ავაშენო ნორდსტრიმი და საუსსტრიმი ბალტიის ზღვაში და შავ ზღვაში, ხომ ხედავ, როგორი აუცილებელია, რათა მე არ ვიყო დამოკიდებული სხვა სატრანზიტო ქვეყნებზე და დამოუკიდებლად მოგაწოდოთ.“(სტილი დაცულია)

რუსეთის ეს პროექტები ევროკავშირის ძველი წევრებისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდის ავლით ითვალისწინებს. თუმცა მათი რეალიზება გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა და ნავთობზე ფასის არნახულმა დაცემამ შეაჩერა.
მოსკოვის ამ ინიციატივების პარალელურად, ევროკავშირის ახალი წევრები და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ალტერნატიულ მიმართულებას - „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზებას - ლობირებენ.

„ნაბუკო“ საქართველოზე გამავალი მილსადენების ევროპასთან დაკავშირებას გულისხმობს. მისი მეშვეობით ევროპაში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდება. ამ პროექტის განვითარების მომხრეა ჩეხეთის რესპუბლიკა - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყენა. აი, რა განუცხადა რადიო „თავისუფლებას“ ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვონდრამ ევროკავშირის თავმჯდომარეობისას მისი ქვეყნის პრიორიტეტების შესახებ:

[ალექსანდრ ვონდრას ხმა] "ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოხარული ვიქნები, თუ მოვახერხებთ, ენერგეტიკული თვალსაზრისით მოწყვეტილი "კუნძულები" - ბალტიისპირეთის ქვეყნები - დავუკავშიროთ ევროკავშირის საერთო სისტემას, განვავითაროთ "ნაბუკოს" პროექტი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები."

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის პოზიციის თანახმად, ”ნაბუკოს” პროექტი ევროკავშირის საერთო პროექტად უნდა იქცეს. ასეთი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, დანიის პრემიერ-მინისტრ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა:

[მირეკ ტოპოლანეკის ხმა] "ბატონი პრემიერი რასმუსენი ახლახან დაბრუნდა საქართველოდან, სადაც - სხვათა შორის - "ნაბუკოს" გაზსადენთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ზუსტად ის არის, რასაც ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ. ეს გახლავთ ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგომატარებლების წყაროთა დივერსიფიკაცია."

აქამდე ევროპის სხვადასხვა ქვეყნები რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ ცალმხრივ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. ამის წინააღმდეგ გამოდის ჩეხეთის რესპუბლიკა და ევროკავშირს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს. ენერგეტიკის ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის აზრით, ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს რუსეთ-უკრაინის გაზის კრიზისი:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] „რუსეთი არ არის საიმედო, რადგან ყველაფერს გამოიყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ამას აკეთებს ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინას ეკონომიკურად გაუმართლებელ ფასს სთავაზობს. ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს და ევროპამ თვალი უნდა გაახილოს და მოახდინოს ”ნაბუკოს” პროექტის ინტენსიფიცირება.“

”ნაბუკოს” პროექტის მშენებლობის დაწყება 2010 წლისთვისაა ნავარაუდევი და მისი პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, 2014 წელს, საქართველოზე გამავალმა მილსადენმა ევროპას 8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს.
XS
SM
MD
LG