Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო შეიძლება გაუქმდეს.

”რეზონანსი” წერს: ”არ არის გამორიცხული, მინისტრ ალეკო ხეთაგურს ერთი-ორი ”შავი” საქმე კიდევ გააკეთებინონ და შემდეგ უპორტფელოდ დატოვონ”. ”რეზონანსის” ავტორი ვარაუდობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნავარაუდევზე გვიან, ანუ გაზაფხულის შემდეგ მოხდება, ”ვინაიდან, - წერს გაზეთი, - მთავრობას რუსებთან ენერგეტიკული საკითხების საიდუმლოდ წარმართვისთვის ხეთაგური ისევ სჭირდება”. ამავე თემაზე ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთებენ. სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ ”ენგურჰესთან” დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ხეთაგურის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ გამართა. ”საერთოდ კი, მთავრობაში ერთი მინისტრით მეტი იქნება თუ ნაკლები, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. არსებითი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ დარგი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთი ხელის დაკვრით არ გაუქმდეს”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ვერსია” ენერგეტიკის მინისტრს ესაუბრა. ხეთაგური კვლავაც განმარტავს, რომ ”ენგურჰესის” აქციების 100% იყო, არის და იქნება საქართველოს საკუთრებაში. კორესპონდენტი ინტერესდება, როგორ შეიძლება აიღოს ოკუპანტად აღიარებულმა რუსეთმა ”ენგურჰესის” შესახებ შეთახმების უსაფრთხოების გარანტიები. ალექსანდრე ხეთაგურის პასუხი: ”ამაზე კითხვითვე გიპასუხებთ: რუსეთი რომ ოკუპანტია, დღეს ხომ არ გარკვეულა? იგივე ”ოკუპანტი ძალა”, ასე ვთქვათ, ”ფაშისტები” ”თელასს” ხომ მართავენ. ტანკები რომ იყო მომდგარი, დენის ჩაქრობა უგრძვნია ვინმეს თბილისში? იგივე ”ოკუპანტი ძალა” არა მარტო მართავს, არამედ ფლობს ”თელასს”, ”მტკვარს”, სრულ მართვაში აქვს ”ხრამი 1”, ”ხრამი 2”, 50%-ს ფლობს ”საქრუსენერგოში”. დანარჩენ ენერგეტიკას რომ თავი დავანებოთ, სხვა სექტორებშიც ხომ იცით, რამდენი რუსული კომპანია რას ფლობს საქართველოში. გამოდის, ენგურჰესის მართვაში ოკუპანტები ყოფილან და ”თელასის” ფლობაში - არა?” - კითხულობს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. ამჯერად ”ვერსია” აქვეყნებს მასთან ინტერვიუს.

ამავე გაზეთში დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან ინტერვიუში წაიკითხავთ:
” ’ენგურჰესი’ ავანსად არის გადაგდებული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცამ ფულიც გააკეთა. მაგალითად - ბენდუქიძემ, რომელიც ფულს ყოველთვის ასეთი აქტების უკან აკეთებს”, - ამბობს ბაღათურია, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებაზე იქ მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას დახმარებით. ”ვერსიაშივე” ”ენგურჰესის” საკითხზე მამუკა არეშიძის მოსაზრებასაც გაეცნობით: ”ისე, ერთ დღეს ოკუპაციაზე კანონს ვიღებთ და მეორე დღეს ოკუპანტს ამხელა ობიექტს ვაძლევთ?! თავი არ გვაქვს გამოსაყოფი. ვერ ვხვდები, რა ლოგიკით სარგებლობს ხელისუფლება. ახსნა-განმარტებები ხეთაგურის დონეზე შემოიფარგლა და ეს ადასტურებს, რომ იერარქებმა კარგად იციან, რაც გააკეთეს”, - ამბობს არეშიძე, რომელთან ინტერვიუს ძირითადი თემაც რუსეთის საზოგადოებრივ პალატასთან თანამშრომლობაა. ეს საკითხი, რუსეთში დაგეგმილი ქართველთა კავშირის ყრილობა და მიხეილ ხუბუტიას პერსონა დღევანდელი პრესის ყურადღების ცენტრშია. ”24 საათი” ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის მიხეილ ხუბუტიას. სტატია ასე სრულდება: ”ისიც ცხადია, რომ ”ქართველთა კავშირი რუსეთში” რუსული პროექტია, რომელიც ან ლუბიანკაზე, ან იასენევოშია დაწერილი. მაგრამ ამ შემთხვევაში იმ ქართველთა განზრახვაა საინტერესო, ვინც ხუბუტიას გვერდით დგას და ამ კავშირშია გაერთიანებული. მათი ხელით ხომ ხუბუტიას პარტიული კარიერა მიიწევს ზევით. ამ აღმასვლას კი ვერაფერს დავარქმევთ, გარდა ერთი სიტყვისა - რენეგატი. პროექტის ავტორები კი იღიმებიან და მოსკოვში მათივე დაფინანსებით ჩასული ქართველების სიას ადგენენ. ამ შეხვედრის შემდეგ კი ლუბიანკაზე მეორე სიაც შედგება - იმ ქართველების, ვინც ხუბუტიას მასპინძლობაზე უარი თქვა”, - წერს ”24 საათი”.

რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის ირგვლივ მიმდინარე დავის შესახებ აქვეყნებს დღეს ”რეზონანსი” უკრაინელი ავტორის წერილს. ის წერს: ”თუკი გაზით შანტაჟი წარმატებული იქნა და მასზე ფასები არ იქნა დაწეული, მოსკოვს მიეცემა იმის შანსი, რომ არ გაბანკროტდეს და ბიუჯეტში არსებული ხვრელები ამოავსოს. თუკი - არა, მოსკოვს ეყოლება მტერი, თანაც რამდენიმე. ჰოდა, მაშინ მის ბიუჯეტს არანაირი აზრი აღარ ექნება, რადგან, თუკი რუსს ჰყავს მტერი, მასზე გამარჯვებისთვის ის არათუ რაღაც პენსიას შეწირავს, არამედ უკანასკნელ პერანგსაც გაიღებს. დასავლელი ექსპერტები ტყუილად არიან დაიმედებულნი იმით, რომ სოციალური პროტესტი მატულობს. სუპერძლიერი საინფორმაციო მანქანის დახმარებით კრემლი ისე გაურეცხავს ტვინებს თავის მოქალაქეებს, რომ დასავლეთთან ცივი ომი და გაზის ომი უკრაინასთან მათთვის სამამულო ომი გახდება”, - წერს უკრაინელი ავტორი ”რეზონანსისთვის”.

ამ საკითხზე ”საქართველოს რესპუბლიკაში” ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებებსაც გაეცნობით. ცისკარიშვილი ამბობს, რომ ”თუ ევროპას სურს რაიმე ტიპის უპირატესობის მიღწევა, ენერგეტიკის საკითხი ცალკე არ უნდა განიხილებოდეს იმ გლობალური პროცესებისგან, რომელშიც ჩართულობის სურვილი რუსეთს აქვს”. სოსო ცისკარიშვილის თქმით, ”რასაკვირველია, ”ნაბუქო” ევროპისთვის ალტერნატივაა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რუსეთისთვის გაზის თემა ის იარაღია, რომელსაც იგი უკრაინისთვის ლესავს. უკრაინა რუსეთისთვის პრიორიტეტული საკითხია. ამიტომაცაა, რომ უკრაინასთან ურთიერთობების გარკვევას მოსკოვი ყირიმის თემითა და უკრაინაში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დემაგოგიით შეეცდება”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი. მასთან ინტერვიუს ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG