Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში საინაუგურაციო ღონისძიებები დაიწყო


ერთი დღეც და ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტად ბარაკ ობამას ინაუგურაცია: საზეიმო ცერემონია, რომელიც კულმინაციას ხვალ მიაღწევს. (იხ. ვიდეო)

თბილისის დროით საღამოს 9 საათზე ბარაკ ობამას აშშ-ის 44-ე პრეზიდენტად გამოაცხადებენ. დაგეგმილია ასევე აღლუმი, ცნობილი მომხსენებლებისა და მუსიკოსების გამოსვლა - მოკლედ, აშშ მასშტაბური, მრავალფეროვანი ცერემონიით ზეიმობს ხელისუფლების სათავეში ახალი პრეზიდენტის მოსვლას. საზეიმო ღონისძიებები ვაშინგტონში გუშინ დაიწყო. გაგაცნობთ რეპორტაჟს, რომელიც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა რიკი გრინმა მოგვაწოდა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე ეროვნული ხეივნიდან.

კვირას ასიათასობით ამერიკელი შეიკრიბა წინა-საინაუგურაციო კონცერტზე, რომლის მონაწილეებს შორის უწინარეს ყოვლისა ამერიკელი ვარსკვლავები იყვნენ: ბრუს სპრინგსტინი, სტივი უანდერი, ბიონსი, U2, დენზელ უოშინგტონი, ტომ ჰენკსი.



როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, ცივმა, მოღრუბლულმა ამინდმა ვერ გაანელა ენთუზიამზი შეკრებილებში, რომელთა დიდი ნაწილიც სხვა ქალაქებიდან ჩავიდა ვაშინგტონში, პირველი შავკანიანი პრეზიდენტის ინაუგურაციის ისტორიულ ცერემონიაზე დასწრების იმედით.

თვით ბარაკ ობამა, მეუღლესთან და ორივე ქალიშვილთან ერთად, აბრაამ ლინკოლნის მემორიალის წინ, სცენასთან ახლოს იჯდა, მის გვერდით კი მომავალი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად.

[მუსიკა: მღერიან აშერი, შაკირა და სტივი უანდერი]

საზეიმო თავყრილობაზე მიკროფონი, ვარსკვლავების გარდა ბუნებრივია, არჩეულ პრეზიდენტსაც დაუთმეს.

[ბარაკ ობამას ხმა] “ვემზადები რა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, თქვენი ხმები გამყვება ყოველ დღე, ოვალურ ოფისში შესვლისას - იმ ქალებისა და მამაკაცების ხმები, რომელთა ცხოვრების გზებიც მართალია, ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგრამ საერთო იმედი აკავშირებთ; რომლებიც მხოლოდ იმას მოითხოვენ, რისი პირობაც მოგვეცა ჩვენ, როგორც ამერიკელებს - ცხოვრება მოვიწყოთ ჩვენივე სურვილისამებრ და მოწმენი გავხდეთ იმისა, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენზე მეტს მიაღწიონ”.

ვაშინგტონის ცენტრში, ეროვნულ ხეივანში შეკრებილებმა არჩეული პრეზიდენტის გარდა ზოგი ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლაც მოისმინეს - ფრენკლინ რუზველტისა და ჯონ კენედის ისტორიული გამოსვლების ვიდეოჩანაწერების მეშვეობით. გაიჟღერა ამერიკული კლასიკური მუსიკის ცნობილი წარმომადგენლის, აარონ კოპლენდის ნაწარმოებმაც, თუმცა კონცერტის დიდი ნაწილი მაინც პოპისა და როკის ვარსკვლავებს დაეთმო. ბოლოს, პატრიოტულ სიმღერას “მშვენიერ ამერიკაზე” (“America, the Beautiful”) ბიონსის შესრულებით, დანარჩენ მუსიკოსებთან ერთად, როგორც ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, მაყურებლებიც აჰყვნენ.

[მუსიკა: მღერის ბიონსი დანარჩენ მუსიკოსებთან ერთად]
XS
SM
MD
LG