Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დღევანდელ პრესაში ბევრი იწერება ოპოზიციის გეგმებზე, გასულ კვირაში პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლასა და რუსეთის პოლიტიკაზე.

”არსებობს სასურველი სცენარი და არსებობს ის სცენარი, რომელსაც ცხოვრება შემოგვთავაზებს. სასურველი სცენარი, ჩვენი აზრით, არის ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მის შედეგად არჩეული წარმომადგენლობითი პარლამენტი. ხაზს ვუსვამ სიტყვას ”წარმომადგენლობითი”, რითაც პარლამენტში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების ასახვა გახდება შესაძლებელი”, - ამბობს რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა ”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”ასეთ პარლამენტს ექნება სრული უფლება გადაწყვიტოს პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხიც - მოუწყოს იმპიჩმენტი, ან შეუზღუდოს უფლებამოსილება, ან საერთოდ გააუქმოს პრეზიდენტის პოსტი”, - აცხადებს ივლიანე ხაინდრავა. ”მთელ კვირაშივე” ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” გენერალურ მდივან დავით პატარაიასთან ინტერვიუსაც გაეცნობით. პატარაია ამბობს: ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება. ცხადია, ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის”, - ამბობს დავით პატარაია, რომელიც ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ბოლო პერიოდის აქტიურობა ძალიან ჰგავს არჩევნებისთვის მზადებას. ”მთელი კვირა” ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც სთხოვს ვითარების შეფასებას. შევარდნაძე ხელისუფლების არასტაბილურობის ნიშნებზე საუბრობს, არაფერს გამორიცხავს, თუმცა არ ჰგონია, რომ ეს ხელისუფლება გაზაფხულზე არ იქნება.

”კვირის პალიტრას” ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ესაუბრა. ”შეიძლება, დღეს არჩევნების კონტურები არ ჩანს, მაგრამ რამდენიმე თვეში ან კვირაში, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს. ამას საზოგადოების მუხტიც სჭირდება, და, როცა ეს საგრძნობი გახდება, ოპოზიციის ლიდერები დავარწმუნებთ ხალხს, რომ ეს ხელისუფლება ქვეყანას აზარალებს და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც საჭირო გახდება”, - ამბობს ნოღაიდელი, რომელიც ამავე ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით ხელახალი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. ”კვირის პალიტრაში” ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს: ”უგულავა და პრეზიდენტი აკონტროლებენ ყველა ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას. ისინი ადგენენ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ გადაცემაში სტუმრად. ნამდვილად ვიცი, რომ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები გაძლებაზე არიან”, - ასეთი ინფორმაცია აქვს ნინო ბურჯანაძეს. ”კვირის პალიტრის” დღევანდელ ნომერში გრძელდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილის დასკვნის გამოქვეყნება. ყარყარაშვილი არა მხოლოდ საომარ მოვლენათა მიმდინარეობას, ამ თემაზე ხელისუფლების მიერ გამოთქმულ შეფასებებსაც აანალიზებს. მისი აზრით, ომის დასრულების შემდეგ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი იჯდა და საბრძოლო მოქმედებების გამამართლებელი არგუმენტების შექმნაზე მუშაობდა.

”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ”ახალი თაობის” კორესპონდენტს ეუბნება: ”თუ საზოგადოების განწყობა იქნება ღია და მკვეთრი, რასაც გულში ფიქრობს, იმას რეალურად გამოხატავს, მაშინ შეიქმნება კრიტიკული მასა, რომელიც ამ პოზიციას დაიჭერს, მერწმუნეთ, სააკაშვილი გატყდება. მისი ენით რომ ვთქვათ, ჩამოიშლება”, - ამბობს მამუკა კაციტაძე. ”ახალი თაობა” საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ბიწაძე ამბობს: ”სააკაშვილს ვერც ობამა და ვერც სხვა ვინმე ვერ წაიყვანს. ეს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა. სააკაშვილი რამდენი დღეც იქნება ქვეყნის სათავეში, იმდენ ნაბიჯს ვდგამთ უფსკრულისკენ.”

”ვერსიას” მოსაზრებებს უზიარებს გიორგი გაჩეჩილაძე - იგივე ”უცნობი”, რომელიც ”მაესტროს” ეთერში მიმდინარე ”რეალითი შოუს” – ”საკანი №5”-ის - მთავარი გმირია და საკანში ყოფნას სააკაშვილის ხელისუფლებაზე წასვლამდე აპირებს. მისი ვარაუდით, მისი ”პატიმრობა” სამ თვეს გასტანს - ”ამაში დარწმუნებული იყავით. მაგრამ თუ ეს კიდევ ოთხ წელს არ მოხდება, ნუ მოხდება! ოთხი კი არა, ათი წელიც მჯდარა კაცი ციხეში და მეტიც”, - ამბობს ”უცნობი”. ”ვერსიას” თავის გეგმებზე ესაუბრება ეროსი კიწმარიშვილი. ის აპირებს პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებას სასამართლოში უჩივლოს კიწმარიშვილის შესახებ, როგორც თავად ამბობს, ”აშკარად ყალბი და ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების გამო”. პარალელურად კიწმარიშვილი ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებითაც ამზადებს სარჩელს.

”კვირის ქრონიკა”: ”სანამ არ ალაპარაკდებიან: ერასტი კიწმარიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე იმის შესახებ, თუ რა მოხდა, რამდენი მილიონი დაჯდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა, როგორ გაურიგდა მიშა რუსებსა და ამერიკელებს ერთდროულად და როგორ დაპირდა მათ საქართველოში ამქვეყნიურ სიკეთეებს, მანამ არც ერთ მათგანს პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია”, - ეს ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტი გახლავთ. ”კვირის ქრონიკიდანვე”, უფრო ზუსტად კი, მემარჯვენეთა ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ, რომ მიმდინარე კვირაში ოპოზიციის დეკლარაცია გამოქვეყნდება; ლეიბორისტები აქციებსა და ბრიფინგებს გეგმავენ და აქცენტს ჯანდაცვის სფეროზე გააკეთებენ; ”ეროვნული ფორუმი” კი თავის ახალ წევრებს წარუდგენს საზოგადოებას.

”24 საათი” მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ანდრეი ილარიონოვთან, ”გლობალური განვითარების და თავისუფლების ცენტრის” ექსპერტთან. ილარიონოვი ამბობს, რომ რუსეთმა მეორეხარისხოვან მიზანს მიაღწია, მთავარს კი - არა. ”თანაც, ეს ეხება არა მხოლოდ ორ რეგიონს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ აჭარას, სამეგრელოს, ჯავახეთს, მარნეულს, იმერეთს და ა.შ. ამიტომ არ არის გამორიცხული, მთავარი მიზანი ყოფილიყო საქართველოს სრული დანაწევრება ათეულამდე სხვადასხვა ზომის ნაწილად დაყოფის გზით”, - აცხადებს ილარიონოვი ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში.



  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG