Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთი და რუსეთი: ტრადიციულად ახლო მოკავშირეების ურთიერთობა გაუარესების გზაზე


ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დღეს მოსკოვში უნდა ჩასულიყო რუს კოლეგასთან შესახვედრად,

აგრეთვე “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა” და “ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის” სამიტებში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ რაჰმონმა ვიზიტი გააუქმა - ოფიციალური განმარტებით, რამდენიმე ადგილობრივი პრობლემის, მათ შორის ტაჯიკეთში ელექტრომომარაგების მწვავე კრიზისის გამო. მაგრამ ამ ოფიციალური მიზეზებისა ბევრს არ სჯერა: გამოითქმის ვარაუდი, რომ ტაჯიკეთ-რუსეთის ტრადიციულად მჭიდრო ურთიერთობა გაუარესების გზას ადგას.

დაძაბულობის ნიშნები გასულ თვეში გამოჩნდა, უზბეკეთში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტის შემდეგ. იქ განაცხადა მედვედევმა, რომ რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას შუა აზიის ენერგოპროექტებში, თუ არ იქნა გათვალისწინებული რეგიონის ყველა სახელმწიფოს პოზიციები.

ტაჯიკეთში ეს განცხადება გაიგეს, როგორც მოსკოვის მიერ უზბეკეთის მხარდაჭერა - ტაჯიკეთთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში, რომელსაც, უწინარეს ყოვლისა, წყლის რესურსები იწვევს. ტაჯიკეთის სურვილია, ზემოხსენებელი ელექტრომომარაგების კრიზისის ფონზე, დაასრულოს როღუნის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი.

[რაშიდ ღანის ხმა] “ცხადია, მთავარი საკითხი ტაჯიკეთსა და რუსეთს შორის არის როღუნის ელექტროსადგური და სხვა ენერგეტიკული საკითხები. რახან ორმა მხარემ ვერ მიაღწია შეთანხმებას თუნდაც რომელიმეზე ამ საკითხებიდან, რა აზრი ექნებოდა პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს? ვიზიტი ვერავის მოუტანდა სარგებელს”, – ასე ხსნის მოსკოვში ვიზიტზე პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის უარს ტაჯიკი პოლიტოლოგი რაშიდ ღანი.

ტაჯიკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ჰამროხონ ზარიფის განცხადებით, რომელიც უზბეკეთში მედედევის ვიზიტს მოჰყვა, ტაჯიკეთი განაგრძობს თავისი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად. ეს სიტყვები კი აშკარად მიანიშნებს, რომ ტაჯიკეთი არ აპირებს ანგარიში გაუწიოს მოსკოვის პოზიციას - მაშინ, როცა აქამდე მოსკოვის ყველაზე ერთგულ პარტნიორად ითვლებოდა შუა აზიაში, ლამის უპირობოდ ემხრობოდა მოსკოვის პოლიტიკას...

ემომალი რაჰმონს, რომელმაც 1992 წელს რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა ტაჯიკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ არასდროს გაუცდენია “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” სამიტები. ტაჯიკეთის ტერიტორიაზეა განთავსებული ცენტრალურ აზიაში რუსეთის უდიდესი სამხედრო ბაზა 7000-მდე ჯარისკაცით.

მაგრამ ბოლოხანს პრეზიდენტი რაჰმონი, როგორც ჩანს, ალტერნატივას ეძებს: ამ ერთი კვირის წინ მან სატელეფონო მოლაპარაკება გამართა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან, ენერგეტიკის და უსაფრთხოების საკითხებზე. ტაჯიკური მედიის ცნობით, ხვალ დუშანბეს ეწვევა ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაცია (ამ ოფიციალურ პირებს შორის ვაჭრობის და თავდაცვის მინისტრები არიან) ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. როგორც ცნობილია, ირანს ენა და კულტურა აკავშირებს ტაჯიკეთთან და ამ კავშირებზე დაფუძნებული ურთიერთობა ბოლო წლებში სულ უფრო მჭიდრო ხდება. ირანს ინვესტიციები აქვს განხორციელებული წამყვან ენერგეტიკულ და სამრეწველო პროექტებში, ტაჯიკეთის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის - “სანგტუდას 2”-ს მთავარი აქციონერია. ეს მაშინ, როცა რუსეთი, პირიქით, უკან იხევს, უარს ამბობს ტაჯიკეთში მრავალმილიონიან ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

თუმცა, ამ დაძაბულობის მიუხედავად, ექპერტებში ეჭვს არ იწვევს, რომ ტაჯიკეთი ყველა ზომას მიმართავს რუსეთთან მწვავე უთანხმოების ასაცილებლად: თუნდაც მილიონამდე ტაჯიკის გამო, რომელიც - სამშობლოში უმუშევრობის შედეგად - რუსეთში სეზონურ სამუშაოებზეა დამოკიდებული. ასეა თუ ისე, საქმე ეხება ტაჯიკეთის მოსახლეობის თითქმის მეექვსედს...

ამას გარდა, ტაჯიკეთში აცნობიერებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას გაურბის ირანიც. როგორც ტაჯიკი ექსპერტი შოკირჯონ ჰაკიმოვი განმარტავს: [შოკირჯონ ჰაკიმოვის ხმა] “ასეთ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს შორის პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში, ირანი ან ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩებოდა ან კიდევ რუსეთის მხარეს დაიჭერდა”.

მიზეზია ის, რომ ირანი, რომელიც საერთაშორისო ზეწოლას განიცდის ბირთვული პროგრამის გამო, საჭიროებს რუსეთის მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოში, დასძენს ტაჯიკი ექსპერტი.
XS
SM
MD
LG