Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ბლოკავს საქართველოში საერთაშორისო მისიებს. როგორ უყურებენ საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების პერსპექტივას?


რუსეთის ვეტომ საქართველოში ეუთოს მისია დახურვის რეჟიმში გადაიყვანა. მიუხედავად ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობისა,

ეუთოს მონიტორებს მიეცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება ზუსტად იმ ფორმით და რაოდენობით, როგორც ადრე ჰქონდათ, რუსეთმა საქართველოში ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელება დაბლოკა. სულ მალე გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში გაეროს მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. არის მოლოდინი, რომ რუსეთი ამ შემთხვევაშიც გამოიყენებს ვეტოს უფლებას - ამავე დროს, არსებობს მცირე იმედიც, რომ სახის შენარჩუნებისთვის ის გაეროს მისიისთვის მანდატის ავტომატურად გაგრძელებაზე დათანხმდება.

ეუთოს მისიის შემდეგ ჯერი გაეროს მისიაზეა. რუსეთი, რომლის ნებაზეც არის დამოკიდებული საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელება, სავსებით იზიარებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ხელისუფლებათა მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ გაეროს მისია არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში არ უნდა მუშაობდეს იმ სახელწოდებით, რომელსაც დღემდე ატარებს. ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხიც ანალოგიური მოსაზრებით იქნა ბლოკირებული... რუსეთმა ცხინვალის რეგიონში საქართველოს მისიისგან დამოუკიდებელი სხვა მისიის გახსნა მოითხოვა და რადგან ამ მოთხოვნის გატანა ვერ მოახერხა, არ მიიღო მოლაპარაკების გაგრძელებისა და საქართველოში ეუთოს მისიისთვის მანდატის ავტომატურად გაგრძელების წინადადება. მან მოახდინა საქართველოში ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელების ბლოკირება, მისიისა, რომელიც, 1992 წლიდან მოყოლებული, მუშაობდა აქ კონფლიქტის მოგვარების, დემოკრატიზაციის, ადამიანების უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებებით. ახლა უკვე ახლოვდება დრო, როცა გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე... ყველაზე ოპტიმისტურია იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეეცდება სახის შენარჩუნებას და დათანხმდება მისიისთვის მანდატის ავტომატურად გაგრძელებაზე რამდენიმე თვით, რისი მექანიზმიც უშიშროების საბჭოს აქვს. მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ, როგორც უკვე ვთქვით, ეუთოს მისიასთან დაკავშირებით რუსეთმა არ მიიღო მანდატის ავტომატურად გაგრძელების წინადადება? ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინის გარდა, სხვა მოლოდინზეც ლაპარაკობს:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”რუსეთმა თუ უარი თქვა მისიის ნებისმიერი ფორმით გაგრძელებაზე, ერთადერთი მექანიზმი, რისი ამოქმედებაც შეიძლებოდა, არის ის, რომ რუსეთს ჩამორთმეოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება, როგორც კონფლიქტის მხარეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ რუსეთს ამგვარი ულტიმატუმი წაუყენოს.”(სტილი დაცულია)
საამისო მზადყოფნა არ არის მიუხედავად ომისა, მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირების ფაქტისა. ამდენად, საქართველოში გაეროს მისიის არსებობის ბედი რუსეთზეა დამოკიდებული.. მისი მორიგი ვეტო და საქართველოდან გაეროს მისიის გასვლა კი ახლო პერსპექტივაში მთლიანად შეზღუდავს ინფორმაციის გასვლას აფხაზეთიდან.
საჭიროა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, საბრეძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრის აქტივობა იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით მოინახოს საქართველოში ეუთოს მისიის შენარჩუნების გზა. საბერძნეთს აქვს შემუშავებული გარკვეული წინადადება. ამ წინადადების თაობაზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის არ კვეთს მხარეთა წითელ ხაზს. ამ წინადადებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს ნათქვამი, რომ ის მიდის რეალისტური მიმართულებით... მაგრამ რუსეთის ცნობილი პოზიციაა გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული იქნეს ახალი რეალობა, ანუ მის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება... საქართველო არ დათანხმდება არც ერთ ისეთ წინადადებას, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ეუთოს მისიის შენარჩუნება. პასუხად რუსეთის მცდელობისა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიოს სეპარატისტული რეჟიმების ლეგალიზაციას, დავით დარჩიაშვილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოჰყავს:
[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს საერთაშორისო მისიების დაბლოკვისგან - მათ შორის, აღიარება-არაღიარების მომიზეზებით. ამაზე ნათლად ვერ ჩაიწერებოდა.”(სტილი დაცულია)

ნიშნავს თუ არა რამეს რუსეთისთვის ეს ჩანაწერი? ამ შეკითხვას ზუსტი პასუხი მალე გაეცემა იმის მიხედვით, მოხერხდება თუ არა საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელება.
XS
SM
MD
LG