Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა სენატს მოუწოდებს, ნუ დააყოვნებს ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმის მხარდაჭერას


აშშ-ის სენატს ინტენსიური მუშაობა უწევს გეგმაზე, რომლის შესაბამისადაც 800 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა მოხმარდეს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირებას.

გეგმის შესახებ კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. პრეზიდენტი ბარაკ ობამა კანონმდებლებს მოუწოდებს, სწრაფად იმოქმედონ, თვითონ კი შეხვედრებს მართავს რიგით ამერიკელებთან მათს დასაიმედებლად, რომ უკვე მიმართავენ ზომებს ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

მარტო იანვარში შეერთებულ შტატებში თითქმის 600 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, შედეგად - 7,6 პროცენტს მიაღწია უმუშევრობის მაჩვენებელმა. ამ ინფორმაციის ფონზე მოუწოდა პრეზიდენტმა ობამამ სენატორებს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმაზე.

[ობამას ხმა] “ახლაა მოქმედების დრო, რადგან თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ ამ გეგმის ასამუშავებლად, ჩვენი ეკონომიკური კრიზისი შესაძლოა, ეროვნულ კატასტროფად იქცეს. მილიონობით ამერიკელი დაკარგავს სამუშაოს, სახლს, ჯანმრთელობის დაზღვევას. კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს, დროებით მაინც უარი თქვას თავისი ოცნებების განხორციელებაზე”.

სენატი, სავარაუდოდ, ხვალინდელ კენჭისყრაზე მიემხრობა ობამას გეგმის (ფაქტობრივად, ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების მთელი პაკეტის) საკუთარ, ანუ სენატის ვერსიას - მაშინ, როცა წარმომადგენელთა პალატას განსხვავებული ვერსია აქვს მოწონებული. ამდენად, აშკარაა ამ ორი ვერსიის შეჯერების აუცილებლობა და პრეზიდენტ ობამას იმედი აქვს, რომ კონგრესის ორი პალატა ერთსულოვნებას მიაღწევს თებერვლის შუა რიცხვებამდე, როცა - პრეზიდენტის დაპირებისამებრ - უკვე უნდა ამოქმედდეს ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა.

[ობამას ხმა] “ამერიკელებს მთელს ქვეყანაში უწევთ მძიმე პრობლემებისთვის თავის გართმევა და ჩვენ გვიყურებენ, შევძლებთ თუ არა, გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგომ ამოცანებს. მოდით, ვაჩვენოთ მათ, რომ შევძლებთ! “

ამ დღეებში პრეზიდენტი მოგზაურობს შტატებში, რომლებიც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალა ეკონომიკურმა კრიზისმა - მათს შორის არის ფლორიდაც, სადაც ობამას ხვალ მოელიან. ხვალვე აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი წარადგენს ცალკე, საგანგებოდ შედგენილ გეგმას საბანკო სექტორის გამოსაჯანსაღებლად. უნდა ითქვას, რომ გაიტნერს ამ გეგმაზე დღეს უნდა ესაუბრა, მაგრამ მისი გამოსვლა გადაიდო, ვიდრე სენატს ბოლომდე არ მიუყვანია საქმე - არ დაუმტკიცებია ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა, რომელიც, ასე ვთქვათ, ძირითადი გეგმაა, უფრო მასშტაბური.

საბანკო სექტორის დახმარების გეგმაზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მთავრობის მიერ ბანკებისთვის მეტი ფულის გამოყოფას ითვალისწინებს. მაგრამ ეკონომიკისტების შეფასებით, ამ გეგმას საკვანძო მნიშვნელობა აქვს მთელი მასტიმულირებელი გეგმის წარმატებისთვის, რადგან მარტო რიგიანად მოქმედ ბანკებს შეუძლიათ კრედიტების გაცემა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის საფუძველია.
XS
SM
MD
LG