Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ნატოს გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრირება


გასული წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნატო-რუსეთის ურთიერთობა ”ცივი ომის” დროინდელ ნიშნულს მიუახლოვდა.

ამ ვითარების გამო შეშფოთება არ დაუმალავთ თავად ნატოს ლიდერებს და მას შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა მსჯელობა ალიანსის გაფართოებისა და მასში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ. როგორც ცნობილია, რუსეთი ნატოში ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის შესაძლო გაწევრიანებას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ მუქარად მიიჩნევს და კატეგორიულად მოითხოვს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შექმნას.

რუსეთის პოზიციას ანგარიშს უწევს ევროპის ბევრი სახელმწიფო. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: ნატოს გაფართოებამ ხელი უნდა შეუწყოს სტაბილურობას და სარგებლობა მოუტანოს რუსეთსაცო.

მიუხედავად ამ პოზიციებისა, ნატო კვლავაც აცხადებს, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება თავად საქართველოზეა დამოკიდებული.

გასულ კვირაში ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” ნატოს გაფართოების შესაძლებლობებს ვრცელი სტატია მიუძღვნა ანალიტიკოსმა კარლ კაიზერმა. მისი აზრით, ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება შეუძლებელია, რადგან თავად ალიანსის შიგნით სისტემურმა პრობლემებმა იჩინა თავი. ძირითადად, ლაპარაკია წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ასოციაციის პრეზიდენტი პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელიც რამდენიმე წელი ნატოში დიპლომატიურ სამსახურში საქმიანობდა, აცხადებს, რომ ალიანსს მართლაც აქვს მსგავსი პრობლემები:

[ვახტანგ მაისაია] ”მე გავიხსენებ ჯერ კიდევ ერაყის ომს. როდესაც თურქეთს დაემუქრა სარაკეტო შეტევის საფრთხე, ნატოს გაუჭირდა თავისი წევრის დასაცავად მეხუთე მუხლის ამოქმედება. თუ არ ჩავთვლით რუსეთს, ახლა ნატოს წინაშე ასიმეტრიული საფრთხეები დგას. კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების სისტემა კი მხოლოდ სიმეტრიული საფრთხეებისგან დაცვისთვისაა შექმნილი.”(სტილი დაცულია)

ასეთი წინააღმდეგობების გამო ნატო შეიძლება ქაღალდის რაინდს დაემსგავსოს, თუ ის რეალური ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებაო, - აღნიშნავს ”ჰერალდ ტრიბუნის” ჟურნალისტი კარლ კაიზერი. მისი აზრით, ასეთი საფრთხის წინაშე ალიანსი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს გამოც, რომლის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უპასუხისმგებლო საქციელმა რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება მოახდინა. კარლ კაიზერი საქართველოს უსაფრთხოების გარანტირებას არა ნატოში, არამედ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მექანიზმებში ხედავს.

კარლ კაიზერის ეს მოსაზრებები გააკრიტიკა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა დევიდ სმიტმა. კერძოდ, დევიდ სმიტი იხსენებს იმ ვითარებას, რომელიც წინ უძღოდა რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტს და ხაზს უსვამს რუსეთის ქმედებათა აგრესიულობას, რუსეთისა, რომელმაც მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ავიაცია, საზღვაო ფლოტი და კიბერშეტევებიც კი გამოიყენა.

დევიდ სმიტის აზრით, რომელიც ასევე ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” დაიბეჭდა, დასავლეთს ესაჭიროება სამხედრო ალიანსი, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების პრობლემებს.


წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიარაღების კონტროლის შესახებ გაუთავებელი მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო. არადა, კარლ კაიზერი ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებას, რომლიდანაც რუსეთი საქართველოსთან აგვისტოს ომის წინ გამოვიდა, ნატოს ალტერნატივად განიხილავს. კაიზერის ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი:

[ირაკლი მენაღარიშვილი] ”აწესებს რა გარკვეულ ლიმიტებს შეიარაღებაზე, ამასთან, ამ ხელშეკრულებებს თავად გააჩნიათ სუსტი ადგილები, თეთრი ლაქების სახით. თუნდაც იმავე სამხრეთ კავკასიაში, ამ ხელშეკრულების დაცვის შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იყო და ახლაც შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის საზღვართან თავმოყრილ იქნეს პრაქტიკულად განუსაზღვრელი სიმძლავრის სამხედრო ძალა, კონფლიქტურ ზონებში, რომლებიც, ამ ხელშეკრულების მიხედვით, პრაქტიკულად არ კონტროლდება. ამ ხელშეკრულებაში არ არის მექანიზმები, რითაც საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს, ანუ ზემოქმედება მოახდინოს ხელშეკრულების მონაწილე იმ სახელმწიფოზე რომელიც ამგვარ დარღვევას დაუშვებს. ასე რომ, აქ ტოლობის ნიშნის დასმა ნატოში წევრობასა და ამ - ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის - ხელშეკრულებას შორის, უბრალოდ, არ იქნება კორექტული.”(სტილი დაცულია)

მენაღარიშვილის აზრით, ნატოში საქართველოს გაწევრიანება უალტერნატივოა. ალიანსის ტრანსფორმირების პროცესი კი, რომელიც, მართალია, ბოლო დროს საგრძნობლად შენელდა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე სათანადო რეაგირების იმედს იძლევა.
XS
SM
MD
LG