Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო, სავარაუდოდ, შეძლებს საქართველოში გაეროს მისიას მანდატი გაუგრძელოს


საქართველოში გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭომ კვირის ბოლომდე უნდა მიიღოს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხელი შეუშალა საქართველოში ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელებას, იყო მოლოდინი, რომ ის ასევე შეუშლიდა ხელს მანდატის გაგრძელებას გაეროს მისიისათვის. გაეროში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, გაჩნდა უფრო ოპტიმისტური მოლოდინი, კერძოდ, რომ ეს არ მოხდება და გაეროს დამკვირვებლები საქართველოში მანდატს შეინარჩუნებენ.

რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებამ გაითვალისწინოს და ამით აღიაროს კიდეც აგვისტოს ომის შემდგომი რეალობა იმგვარად, როგორადაც მას რუსეთი აღიქვამს. მან ვერ მოახერხა გაეზარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მცნობთა რიცხვი და ახლა ცდილობს საერთაშორისო ორგანიზაციებს თავს მოახვიოს საქართველოში მათი მისიების სახელწოდებათა ისეთი ფორმულირება, რომელიც ამ ორგანიზაციებს დააეჭვებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის განუხრელობაში. პირველი მცდელობა ეუთო დაეთანხმებინა, რომ საქართველოში - თბილისსა და ცხინვალში - ორ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, მისიას ეარსება, უშედეგო აღმოჩნდა. სამაგიეროდ, რუსეთმა მოახერხა საქართველოში ეუთოს მისიისთვის მანდატის გაგრძელების ბლოკირება. ახლა მთელი ყურადღება გაეროსკენ არის მიმართული. გაეროს უშიშროების საბჭომ ამ კვირაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოში გაეროს დამკვირვებლებისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე. აქამდე იყო ასეთი მოლოდინი: რუსეთი ან შეეცდება სახე შეინარჩუნოს და დათანხმდება გაეროს მისიის დამკვირვებლებს მანდატი ავტომატურ რეჟიმში რამდენიმე თვით გაუგრძელდეთ, ან ისევე, როგორ ეუთოში მოიქცა, გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების ბლოკირებას მოახდენს.

გაეროში მიმდინარე ბოლო კონსულტაციებმა აჩვენა, რომ უფრო რეალურია პირველი ვარიანტი. კონსულტაციები კი წარიმართა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის სახელით საფრანგეთის მიერ შემუშავებული პროექტის ირგვლივ. პროექტის გარკვეული დეტალების შესახებ ცნობები ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. ამ ცნობების თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის იმ პროექტში, რომელიც საფრანგეთმა მეგობარი ქვეყნების ჯგუფის სახელით წარმოადგინა, არ არის ნახსენები საქართველო და არც გაეროს მისია მოიხსენიება მისი ოფიციალური სახელით: ” გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში”.. აქვე ვიტყვი, რომ მისია მხოლოდ გაეროს მისიად ჩაიწერა უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციაში, რომლის ძალითაც გაუგრძელდა მისიას მანდატი. ის 2008 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გაეროში გარკვეულწილად გაითვალისწინებენ და ითვალისწინებენ კიდეც რუსეთის მოთხოვნას? საფრანგეთიდან გავრცელებული ცნობებით, რეზოლუციის პროექტში მითითებულია უშიშროების საბჭოს განზრახვა 2009 წლის 15 ივნისამდე გამოიკვეთოს გაეროს მისიის რეგიონში დარჩენის ელემენტები. ამასთან, ახალი რეზოლუციის პროექტი იმოწმებს 2008 წლის აპრილის რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.”

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უნდა მოხერხდეს რუსეთის დაყოლიება, არ შეუშალოს ხელი საქართველოში გაეროს მისიის დამკვირვებლებისთვის მანდატის რამდენიმ თვით გაგრძელებას... დასაყოლიებლად კი საქართველოში გაეროს მისიის, უბრალოდ, გაეროს მისიად მოხსენიების ფორმა მოინახა.. ეს - ჯერჯერობით. გადაწყვეტილებას, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭო ამ დღეებში მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებაში საბოლოო გადაწყვეტილებად არ განიხილავენ...

[სერგეი ლავროვის ხმა]”რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის ახალი რეალობის გათვალისწინებით ახალი მექანიზმების შესაქმნელად აღმოცენებული იდეები ერთმანეთს უახლოვდება მოლაპარაკების პროცესში.
გადამწყვეტი სიტყვა კი იმ მხარეებს ეკუთვნით, რომლებმაც საკუთარ ტერიტორიებზე უნდა მიიღონ საერთაშორისო მისიები: საქართველოს ტერიტორიაზე მისიების ყოფნა საქართველოს პოზიციაზეა დამოკიდებული,
სამხრეთ ოსეთში ეუთოს მისიის ყოფნა - სამხრეთ ოსეთის პოზიციაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს მისიის ყოფნასთან დაკავშირებით კი აფხაზეთის პოზიციაა გადამწყვეტი.”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ამ ფორმულირებას საქართველო არ მიიღებს. არ მიიღებენ არც გაერო და ეუთო, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გამოსავალი იქნებოდა საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, ხმის უფლება ჩამორთმეოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა, საერთაშორისო თანამეგობრობა არ არის მზად იმოქმედოს ისე, როგორც ამას რეალობა ავალდებულებს. ამჟამად რომ საქართველოში ვითარება უაღრესად ფეთქებადსაშიშია, ამას გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს თავის მოხსენებაში, რომელიც მან საქართველოში - კერძოდ, აფხაზეთში - არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა. ”არ არის გამორიცხული ვითარების შემდგომი გართულება. აფხაზთა კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის ჯარმა დაიკავა ის პოზიციები, რომლებიც ადრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებს ეკავათ. ამას გარდა, კონფლიქტის ზონაში გამაგრებულია ახალი პოზიციები”, - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ფეთქებადსაშიშ ვითარებაში ის აუცილებლად მიიჩნევს გაეროს მისია საქართველოში იმავე სტრუქტურითა და რაოდენობით შენარჩუნდეს. გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ ამ დღეებში უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG