Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


კვირის დასაწყისში ”ალიამ” ცნობილ რუს ჟურნალისტსა და უფლებადამცველ ვალერია ნოვოდვორსკაიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ დაბეჭდა.

"საქართველოს ნაპირებს ამერიკული გემები დროულად რომ არ მიახლოვებოდნენ, დედამიწაზე ერთი ქვეყნით ნაკლები იქნებოდა... - ასე იწყებს საუბარს ვალერია ნოვოდვორსკაია. - მადლობა, რომ 2008 წელს აშშ-მა დაგიცვათ,- განაგრძობს იგი. -ცნობილი იყო რუსეთის გეგმა: რაკეტებით დაეცხრილა მთელი საქართველო, ამის მერე კი თბილისისგან ცოტა რამ თუ დარჩებოდა, ისევე როგორც გროზნოსგან. ეს არის რუსეთის "ვოენშჩინისა" და რუსეთის ინტელიგენციის დანაშაული."

ამერიკამ მეტიც გააკეთა. ახლა რუსეთმა ყირიმისა და დნესტრისპირეთის დასაკუთრება გადაიფიქრა და ამტკიცებს, ყირიმის მიერთებაზე მხოლოდ პროვოკატორები საუბრობენო. დღეს დადუმდნენ, თორემ გუშინ მოსკოვის მერი სევასტოპოლში მეტ დროს ატარებდა, ვიდრე მოსკოვში... რუსეთს იმედი აქვს, რომ დასავლეთი საქართველოს ამბებს დაივიწყებს, რომ მას მეზობლის ტერიტორიის დასაკუთრება ეპატიება", - ამბობს ვალერია ნოვოდვორსკაია.

და კიდევ რამდენიმე ამონარიდი ამ ინტერვიუდან: "დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაერკვია. იგი ამას არ არის მიჩვეული. ამიტომ ევროპის იმედად ყოფნა არ ღირს. ვიმეორებ, აშშ რომ არა, საქართველო უკვე დაპყრობილი იქნებოდა. ევროპა არასოდეს გადადგამდა სერიოზულ ნაბიჯს და,როგორც ხედავთ, არც გადაუდგამს. მხოლოდ ამერიკაზე რომ იყოს დამოკიდებული, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ხვალვე გახდებოდა. ამას ევროპამ შეუშალა ხელი. მიზეზი ნავთობი, გაზი, რუსეთთან ბიზნესკავშირები, გამყიდველობა და ევროპელი პოლიტიკოსების წრეში მორალური პრინციპების არარსებობაა..." - მიაჩნია რუს ჟურნალისტს.

"სააკაშვილს თუ არა ამ, სხვა პროვოკაციას მაინც მოუწყობდნენ ანდა, ბოლოს და ბოლოს, ათობით რუს მშვიდობისმყოფელს მოკლავდნენ... საქართველოს ვერანაირი სიფრთხილე ვერ უშველიდა. თქვენ მაინც უნდა გაგევლოთ ეს გამოცდა. ომის დაწყება უკვე მაშინ იყო გადაწყვეტილი, როცა "სამხრეთ ოსეთსა" და აფხაზეთში რუსებმა პასპორტების დარიგება დაიწყეს", - ამბობს ვალერია ნოვოდვორსკაია. დაბოლოს:

"ქართველებს ვუსურვებ სიმამაცეს, რადგან ასეთი მეზობლის გადამკიდეთ ეს თვისება ნამდვილად დაგჭირდებათ. გააგრძელეთ სვლა დასავლეთისკენ, თავისუფლების ქანდაკებისკენ, ზოგადსაკოცობრიო ღირებულებებისკენ, ნუ უღალატებთ თქვენს იდეალებს, ნურავის უსმენთ და, რაც მთავარია, ეკონომიკაზე იზრუნეთ...” - ასე ამთავრებს ინტერვიუს ვალერი ნოვოდვორსკაია.

სწორედ საქართველოს ეკონომიკაზე იყო ვრცლად საუბარი იმავე დღეს გაზეთ ”ვერსიაში” დაბეჭდილ კიდევ ერთ ინტერვიუში ამჯერად ეკონომიკის ექსპერტ პროფესორ ლადო პაპავასთან. აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,ხშირად კარგი პირველის თქმაში გამოიხატება ხოლმე იმ დიდი სოფლის შენების საქმე, რომელსაც საქართველო ჰქვია. პრაქტიკულად, იცით, რა ხდება? ბენდუქიძე წასული არ არის, თუ ვინმეს პირიქით ჰგონია, ეს ილუზიაა. ჯერ ერთი, კაცმა არ იცის, რას შესთავაზებს სააკაშვილი ბენდუქიძეს... რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაში დარჩა ბენდუქიძის ხალხი”, - უთხრა ”ვერსიას” ლადო პაპავამ.

მიმდინარე კვირას პრესა ძალიან ბევრს წერდა ირაკლი ალასანიას გუნდის წარდგენაზე. თითქმის ყველა გაზეთში იყო ვრცელი რეპორტაჟები, რომლებშიც დაწვრილებით იყო აღწერილი ავტორთა თვალით დანახული პრეზენტაციის დეტალები. შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში კომენტარები იბეჭდებოდა.

პრესაში რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა. ალასანიას გუნდთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ბევრს ახლოს იცნობს. ,,რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებენ ისინი პოლიტიკურ ასპარეზზეც ისეთივე წარმატებულები გახდნენ, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, რამდენადაც მე მათ ვიცნობ, მათ წარმატებაში პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ", - მოჰყავს ”რეზონანსს” თინათინ ხიდაშელის სიტყვები.
შაბათს ქართული პრესა საქართველოს პრეზიდენტის ბარსელონაში ვიზიტს აშუქებდა. "ჩვენთვის ევროკავშირში გაერთიანება ნატოში გაერთიანებაზე მნიშვნელოვანია, რამდენადაც ევროპაში შესვლა ჩვენთვის შინ დაბრუნების ანალოგიურია", - ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბარსელონაში ბიზნესმენებთან შეხვედრისას გააკეთა", - წერს "რეზონანსი" შაბათის პუბლიკაციაში, სათაურით ”აქცენტების "გადალაგება" - ნატო-დან ევროკავშირისკენ”.

გაზეთი ექსპერტთა კომენტარებსაც ბეჭდავს: ,, ყველა ჩვენი პოლიტიკური რესურსი და, თუ გნებავთ, ნერვებიც ნატოში გაწევრებას მოხმარდა. როგორც აგვისტოს მოვლენებმა დაგვანახვა, ეს არც ისე ადვილი ყოფილა. ამიტომაც, ჩანს, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ნატოში ინტეგრაცია გასცდა შორეული მომავლის პერსპექტივებს და დაიწყო საუბრები ევროინტეგრაციაზე. ვნახოთ, როგორ აისახება ეს რეალურ პოლიტიკაზე", - ვკითხულობთ არჩილ გეგეშიძის კომენტარს შაბათის ”რეზონანსში”.
XS
SM
MD
LG