Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საზოგადოების პროტესტი გამოიწვია


რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის რუსეთი ადრინდელზე გაცილებით ძლიერად დადგა,

თუმცა ამ ფაქტს ენგურსაქეთა და იქითა საქართველოს შორის აგვისტომდე არსებული სუსტი კონტაქტები არ მოუშლია...ამ ფაქტზე დაწვრილებით ახლო მომავალში გესაუბრებით, დღეს კი ყურადღებას გავამახვილებ ცნობაზე, რომელიც სოხუმიდან გავრცელდა და რასაც თბილისშიც გამოეხმაურნენ. ვგულისხმობ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგზე განხორციელებულ ზეწოლას.. ეს ფაქტი გააპროტესტეს სოხუმში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. ამავე ფაქტზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. მინდა დაწვრილებით გიამბოთ როგორ განვითარდა პროცესები იმ აფხაზი ჟურნალისტის გარშემო, რომელმაც ღიად გააკრიტიკა დე ფაქტო ხელისუფლება სტატიაში ” უპროგრამო სიყვარული.”

ინალ ხაშიგის სტატია ”უპროგრამო სიყვარული” თებერვლის დასაწყისში გაზეთ ”ჩეგემსკაია პრავდაში” გამოქვეყნდა.. ინალ ხაშიგი ამავე გაზეთის რედაქტორია. სტატია კრიტიკულია, მასში გაკრიტიკებულია ბაღაფშის ხელისუფლებისადმი მისი მხარდამჭერების, ასე ვთქვათ, უპროგრამო სიყვარული, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობის პირობებში გამოცხადებული მხარდაჭერა.. ინალ ხაშიგმა დაწერა კორუფციულ სისტემაზე, რომლისთვისაც ერთგვარი ხელოვნური სუნთქვის აპარატია რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული, სისტემაზე რომელიც არ ატარებს რეფორმებს, არ ზრუნავს აფხაზეთის ეკონომიკის გამოცოცხლებაზე.

ამონარიდი სტატიიდან, სათაურით ”უპროგრამო სიყვარული”: ” როცა არ არსებობს ეკონომიკა, ერთადერთი წყარო შემოსავლის მიღების მიწაა.. კანონით, ის გაყიდვას არ ექვემდებარება, მაგრამ დასამალი არაა, რომ მიწა აქტიურად იყიდება .. ბაღაფშის ეფექტური მართვის ნიმუშად გზების, სკოლების და საავადმყოფოების შეკეთებას ასახელებენ, თუმცა ამ დროს ივიწყებენ იმის აღნიშვნას, რომ ეს ყველაფერი რუსეთის წყალობით კეთდება.. იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ როგორ გამოვიმუშაოთ ფული, დაკავებულები ვართ იმაზე ზრუნვით, როგორ მივიღოთ ის. მივიღებთ ფულს მოსკოვიდან, ავაშენებთ სკოლას, არ მივიღებთ და არ ავაშენებთ.” სტატიის ავტორი კიდევ უფრო შორს მიდის და წერს: ” რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დავიჯერეთ, რომ ჩვენს დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი მთლიანად რუსეთია, თითქოს ეს ჩვენ არც კი გვეხება. ხელები დავიბანეთ და ლამის ნორმალურ ამბად მივიჩნიეთ ისიც, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები და მათთან ერთად სპეცსამსახურები მზად არიან ძალიან მეგობრული, მაგრამ მაინც უცხო სახელმწიფოს სრულ კმაყოფაზე იყვნენ.”

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ინალ ხაშიგი დე ფაქტო ხელისუფლების სტრუქტურების წარმომადგენლებმა ქალაქგარეთ გაიყვანეს. ჟურნალისტთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ინალ ხაშიგს მისსავე სტატიაში გამჟღავნებული ტონის შეცვლა მოსთხოვეს.

ფაქტის გახმაურებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ღია მიმართვები გაავრცელეს აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც და ჟურნალისტებმაც..

” მთავრობას უნდა ეყოს ძალა ყურადღებით მოეკიდოს მისდამი კრიტიკას. აფხაზეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები ყოფილა და არაერთხელ. მაგრამ თუ ადრე ასეთ ფაქტებს ერთეულები გმობდნენ, დღეს საზოგადოების აქტიური რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთში სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობის გაგება გაღრმავდა. აფხაზეთის აღიარება რუსეთისა და ნიკარაგუას მიერ ქმნის იმედს იმისას, რომ საერთაშორისო აღიარების პროცესი გაღრმავდება, ამისთვის კი ჩვენ წინაშეა ამოცანა გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები და ველით პრეზიდენტის მხრიდან მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას” - ასეთი შინაარსის მიმართვა გავრცელდა სოხუმში ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.. ცნობა მიმართვაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნაზე დე ფაქტო ხელისუფლების რეაგირების შესახებ ჯერჯერობით არ ჩანს. სამაგიეროდ, გავრცელდა სტატიის - ”უპროგრამო სიყვარულის” - ავტორის ინალ ხაშიგის განცხადება. ის განმარტავს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დუმილით ცდილობდა ზედმეტად არ დაეძაბა სიტუაცია, მაგრამ მაინც მოხდა ინიციდენტის პოლიტიზება.
აფხაზი ჟურნალისტი ხაზგასმით ამბობს, რომ 6 თებერვალს სალაპარაკოდ ის იძულებით არ გაუყვანიათ და მისთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ. ინალ ხაშიგი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მას ესაუბრნენ განსხვავებული აზრის ახალგაზრდა ადამიანები და წინააღმდეგია ეს ახალგაზრდები ვინმემ შარაგზის ყაჩაღებად დასახოს.

ჩნდება კითხვა, რამდენად განაპირობა აფხაზი ჟურნალისტის ეს განმარტება მასზე ზეწოლის გაძლიერებამ? ფაქტია, რომ სტატიაში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო აფხაზი ჟურნალისტი სოხუმის სანაპიროზე სალაპარაკოდ ისეთმა გასხვავებული აზრის ახალგაზრდებმა გაიყვანეს, როგორიც სერგეი ბაღაფშის პირადი დაცვის თანამშრომელი დავით ბაღაფში და სოხუმის საკრებულოს დეპუტატი კონდრატ სამსონიაა.

ფაქტია ისიც, რომ ინალ ხაშიგის აზრები აფხაზეთში ერთეულთა აზრები არ არის. საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მკვეთრმა გაძლიერებამ ბაღაფშის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გაზარდა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეებისათვის კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა აფხაზეთის მომავალი და აფხაზეთის პრესაში კიდევ უფრო აქტიურად ტრიალებს კითხვები: საით მიდის აფხაზეთი, რა არის მისი მთავარი მიზანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ... ამონარიდი ანატოლი ოტირბას სტატიიდან, სათაურით ” დუმილი ყოველთვის არაა ოქრო” : ” როცა ვიღაც განიხილავს და წყვეტს შენს ბედს და ამას შენ დუმილით ადევნებ თვალს, ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ეგუები საკუთარ უუფლებობას, ეგუები, რომ სუბიექტი კი არა, ობიექტი ხარ, რომელსაც სულ არ არის საჭირო ანგარიში გაუწიონ. ”
XS
SM
MD
LG