Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ”მეორე ბანაკი” 9 აპრილს მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს


”წინ, საქართველო”, ”ხალხის პარტია”, ”კონსერვატიული” პარტია, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - ეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალებია,

რომლებიც, პირობითად რომ ვთქვათ, მეორე ოპოზიციურ ბანაკში ერთი მთავარი - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის - მოთხოვნის გარშემო გაერთიანდნენ და 9 აპრილს მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ისინი ემიჯნებიან რესპუბლიკელები -ახლები - ალასანიას გუნდის ალიანსის მოთხოვნას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.


24 თებერვალს კიდევ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გასცა პასუხი საზოგადოების კითხვას: რას აპირებს, ბოლოს და ბოლოს, ოპოზიცია, სად და როდის. ერთი დღით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა გააცნო საზოგადოებას. დრო და ადგილი ცნობილია: 9 აპრილი, რუსთაველის გამზირი. ყველა პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა, პარლამენტის წინ მივა და ხალხთან ერთად კიდევ ერთხელ ეტყვის სააკაშვილის ხელისუფლებას ”წადის”. პირველი მოწოდებები უკვე გაკეთდა. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, ამბობს:

[ზვიად ძიძიგური] ”არ დამთავრდება ეს აქცია მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამთავრებით არ დასრულდება ეს სახალხო დაუმორჩილებლობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებისთვისაც არის ძვირფასი საქართველო, შემოუერთდნენ ამ აქციას, რომელიც გაგრძელდება და მუდმივი პრეტენზიები, რომლებიც იყო ხოლმე გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით, რომ ხალხი იშლებაო, ეს პრეტენზიები აღარ იქნება საფუძვლიანი, იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ საერთოდ ვიცხოვროთ რუსთაველის გამზირზე, სანამ არ წავა სააკაშვილი.”(სტილი დაცულია)

”ყველანაირი არჩევნები მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ” - ეს იყო კონსერვატორების დღევანდელი საგანგებო ბრიფინგის მთავარი გზავნილი:

[კახა კუკავა] ”ნებისმიერი არჩევნები, საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც, უნდა დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდგომ. არანაირი პლებისციტი ან ვადამდელი არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.”

აცხადებს კონსერვატორი კახა კუკავა და იქვე შენიშნავს, რომ ხელისუფლების ყველანაირი მცდელობა, ისაუბროს გარესაფრთხეებზე და ამით საზოგადოების ყურადღების სხვა თემებზე გადატანას შეეცადოს, უშედეგოა.

[კახა კუკავა] ”გარე საფრთხეებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს არის ხელისუფლების ძველი, ნაცადი მეთოდი, რომელიც სერიოზული ვერ იქნება, იმიტომ რომ რამდენჯერაც საქართველოში დაიწყო საპროტესტო აქციები, იმდენჯერ ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესახებ. სინამდვილეში კი ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა თავისი აგრესია განახორციელა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში არანაირი პოლიტიკური აქტივობა და პროტესტი არ მიმდინარეობდა.”(სტილი დაცულია)

მშვიდობიანი აქციების იდეას იზიარებს ნინო ბურჯანაძის გუნდიც. დღეს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერის მოწოდება სწორედ ასეთი იყო:

[ნინო ბურჯანაძე] ”მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით, საპროტესტო აქციების გზით შევცვალოთ ხელისუფლება და დავადგეთ რეალური დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესს.”(სტილი დაცულია)

ნინო ბურჯანაძის გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ არც ერთ პროცესში - არც საპარლამენტო არჩევნებში და არც რეფერენდუმში. ბურჯანაძემ დღეს კიდევე ერთხელ გაიმეორა მისი პარტიის მიერ ერთი კვირის წინ გავრცელებული განცხადების შინაარსი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სააკაშვილის გუნდს მხოლოდ გაუხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას. რაც შეეხება რეფერენდუმს:

[ნინო ბურჯანაძე] ”მე არა მგონია, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ვინმეს სჯეროდეს სააკაშვილის ან მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თავისუფალი არჩევნების ან თავისუფალი რეფერენდუმის. რეფერენდუმის ჩატარება ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და, ჩვენი კანონმდებლობით, შეიძლება ერთ წლამდე გაიწელოს. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც კი, მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების მხრიდან ეს იქნება გაყალბებული პროცესი, რომელიც არავითარ სიკეთემდე ამ ქვეყანას არ მიიყვანს.”


კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება, ხალხის პარტიაა. მისი ლიდერი კობა დავითაშვილი დღეს ყველას მოუწოდებდა ერთიანობისაკენ:

[კობა დავითაშვილი] ”მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჯერ არ გაურკვევია საკუთარი დამოკიდებულება 9 აპრილის აქციისადმი, დადგეს მაღლა საკუთარ პარტიულ ამბიციებზე და შემოუერთდეს ამ აქციას, რომელიც, ჩემი აზრით, იქნება ოპოზიციისა და საზოგადოების გაერთიანება.”

ამ სიტყვების ავტორმა კობა დავითაშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ მცირე პოლიტიკური რესურსით საუკეთესო იდეების განხორციელებაც კი შეუძლებელი ხდება. ამიტომ:

[კობა დავითაშვილი] ”მთავარი ის კი არ არის, რა გზით მივდივართ. მთავარია, ერთად მივდივართ თუ არა. ნებისმიერი კარგი იდეა, თუ ის არის ერთი მცირე ჯგუფის იდეა, დაბნეულობის შემტანია საზოგადოებაში და არა ერთიანობის მუხტისა.”

მოწოდებები გაერთიანებისა და 9 აპრილის აქციაში მონაწილეობისაკენ ახალი პოლიტიკური ალიანსის მისამართითაც გაისმოდა. საუბარია რესპუბლიკელების, ახალი მემარჯვენეებისა და ირაკლი ალასანიას გუნდის ერთობაზე. მათ 23 თებერვალს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რეფერენდუმის დასანიშნად ათდღიანი ვადა მისცეს.

9 აპრილის აქციის მონაწილეთა სია, კონსერვატორ კახა კუკავას ინფორმაციით, კიდევ გაიზრდება. დღეს მან მედიას განუცხადა, რომ კვირის ბოლომდე ანალოგიური განცხადების გაკეთებას დაახლოებით 10-12 ოპოზიციური ორგანიზაციისგან უნდა ველოდეთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG