Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ შეკრებაზე იწვევენ


ოპოზიციური პარტიების მსგავსად, გაზაფხულზე ქუჩაში გამოსვლას აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ნაწილი 2009 წლის 15 მარტს

თბილისში, რუსთაველის ძეგლის წინ, დიდი საზოგადოებრივი შეკრების გამართვას აპირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ საზოგადოება ვალდებულია ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო.

დიდი საზოგადოებრივი შეკრების საინიციატივო ჯგუფში ოცზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის. „კანონი ხალხისათვის“, რომელსაც იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს, ერთ-ერთი მათგანია.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „დიდი საზოგადოებრივი შეკრების მიზანია საზოგადოება გახდეს რეალური გარანტი როგორც დღევანდელი, ასევე ხვალინდელი საქართველოს თავისუფლების და სამართლიანობისა. დიდი საზოგადოებრივი შეკრება ჩატარდება მოთხოვნით: ’მიშა, წადი! მომავალო, გაფრთხილდი!’ ”

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოების შეკრებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ საზოგადოებაა ქვეყნის პატრონი და არა მის მიერ დაქირავებული ხელისუფლება; რომ საზოგადოება ვალდებულია ხელისუფლებას მოსთხოვოს პასუხი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც, საზოგადოებრივი გაერთიანება ”9 აპრილის”თავმჯდომარის ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს:

[ვახტანგ ძაბირაძის ხმა] „ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი საფრთხის შემცველია და ეს გამოწვეულია არა იმის გამო, რომ მას რაღაც უნდა, არამედ კარგის გაკეთებაც რომ უნდოდეს, იმდენად ცაიტნოტშია, თუ ეიფორიაში, თუ ქაოსშია, რომ ამას ვეღარ ახერხებს.“(სტილი დაცულია)

ვახტანგ ძაბირაძის აზრს იზიარებენ საზოგადოებრივი შეკრების სხვა ინიციატორებიც. ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გააფუჭა და მოშალა ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციები:

[ზაზა ხატიაშვილის ხმა] „ხელისუფლებამ უფსკრულში გადაჩეხა სასამართლო სისტემა, დაცვის ინსტიტუტი მოსპო, საერთოდ გაანადგურა ადვოკატის ინსტიტუტი, ასეთი საპროკურორო მიმართულება კი საბჭოთა წლებში არ ყოფილა. დღეს პროკურორი არის პატარა მეფე: რასაც ის იტყვის, ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია შეასრულოს. იმდენად დაბინძურებულია დღეს სასამართლო სისტემა, რომ მიშა რომ წავა, რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმ ზღვართან დაბრუნებისთვის, რომელთანაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე ვიდექით.“(სტილი დაცულია)

დიდი საზოგადოებრივი შეკრების საინიციატივო ჯგუფში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორ ათეულზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, თუმცა, მათი სიმრავლის მიუხედავად, კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფლების ინსტიტუტის“ - წარმომადგენელი და მოძრაობა „კმარას“ ყოფილი აქტივისტი თეა თუთბერიძე ამბობს, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის არა იმდენად ხელისუფლების შეცდომები, რამდენადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის არაადეკვატურობა:

[თეა თუთბერიძის ხმა] „იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, ამისთვის არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევაა საჭრო, არამედ ძალისხმევაა საჭირო ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და თუ რომელიმე მხარე არაადეკვატური იქნება ამ ვითარებაში, დემოკრატიას ძალიან დიდი ხნით დავშორდებით.“(სტილი დაცულია)

დიდი საზოგადოებრივი შეკრების ინიციატორები კი ამტკიცებენ, რომ არ აპირებენ ოპოზიციური პარტიებისათვის უპირობო მხარდაჭერას. ვახტანგ ძაბირაძის თქმით,
საზოგადოება უნდა იყო ძალიან ფრთხილი ხელისუფლებისათვის მებრძოლი პარტიების მხარდაჭერისას:

[ვახტანგ ძაბირაძის ხმა] „როგორღაც დღესვე უნდა დავიწყოთ ის პროცესი, რომელიც უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ანუ ოპოზიციის დღევანდელი საქმიანობისადმი ვიყოთ ძალიან ფრთხილი და კრიტიკული. ის, რომ ჩვენი შეხედულებები, „ხელისუფლება, წადი“, ემთხვევა ერთმანეთს, პირადად ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, როდესაც მე ამას ოპოზიციური პარტია მეუბნება. რა იქნება შემდეგ, ის უნდა მითხრან და იმაში უნდა დამაჯერონ მეც და თითოეული მოქალაქეც. დღეს ოპოზიცია ამბობს: ეს უნდა წავიდეს, ჩვენ რომ მოვალთ ყველაფერი კარგად იქნება... მაგრამ ეს გვესმის ოცი წელია.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG