Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ”პირველი სამხედრო” გადადგომას უარყოფს და არმიას შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად ამზადებს


"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია თანამდებობიდან მიდის



და ამის შესახებ პატაკი უკვე დაწერილი აქვს". უმაღლესი სამხედრო პირის ასეთი სკანდალური გადაწყვეტილების შესახებ ქართული საინფორმაციო საშუალებები, ძირითადად, ანონიმურ წყაროებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღეა წერენ. თუმცა პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ ამგვარ სპეკულაციებს ”უსაფუძვლო ჭორები” უწოდა და ხუმრობით განაცხადა, რომ ხმები მისი შესაძლო გადაგომის შესახებ ერთობ გადაჭარბებულია.

28 თებერვლის გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, პოლკოვნიკმა ჩაჩიბაიამ გადადგომის შესახებ პატაკი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ორი კვირის წინ დაწერა. გაზეთის ვერსიით, არმიის დატოვების გადაწყვეტილება ჩაჩიბაიამ ძმებ ახალაიებთან დაპირისპირების გამო მიიღო. მეორე ვერსიით კი, ამის მიზეზი გახდა შეიარაღებულ ძალებში აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი მძიმე ვითარება.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრმა, ხოლო თავად პოლკოვნიკმა ვლადიერ ჩაჩიბაიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ იგი მთლიანად არმიის წვრთნითა და ოპერატიული გეგმების მოწესრიგებით არის დაკავებული და მსგავს ჭორებს ყურადღებას არ აქცევს:

[ვლადიმერ ჩაჩიბაია]”არმიაში საბრძოლო სულისკვეთება მაღალ დონეზეა. მინდა გითხრათ, რომ წლევანდელ მიღებაზე დაახლოებით 2300 კაცმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. ფაქტობრივად, 650 ადგილზე მოვიდა 2300 კაცამდე. ეს არის დიდი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ინტერესი ჯარში სამსახურისა უფრო და უფრო გაიზარდა.”

პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მხედრული კარიერა 1991 წელს ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი ”ეროვნული გავრდიიდან” იწყება. დამთავრებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი. მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს - მათ შორის, ერაყში -და აქვს ოპერატიული დონის ხელმძღვანელობის გამოცდილება. დაჯილდოებულია საბრძოლო ჯილდოებით.

პოლკოვნიკი ჩაჩიბაია, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი, და ვასილ სიხარულიძე, როგორც თავდაცვის მინისტრი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან ქვეყნის შიგნით, - საუკეთესო ტანდემი უნდა ყოფილიყო ომის შედეგად დასუსტებული სამხედრო უწყების სათავეში. მაგრამ ამ ტანდემში ვერაფრით ჩაეწერა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე სამხედრო უწყებაში. ბაჩო ახალაია ოფიციალურად კურირებს სპორტს, სამეცნიერო მუშაობას და გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას.

ლოგისტიკა ეს არის არმიის კუჭი, ენერგია, ფინანსები და მომარაგება, რაც ახალაიას დიდ უფლებებს ანიჭებს. ამას ისიც ემატება, რომ ”რუხ კარდინალად” მონათლული ბაჩო ახალაია არ ურთიერთობს პრესასთან და არ ესწრება საჯარო ღონისძიებებს თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსთან ერთად, რაც დამატებითი არგუმენტია იმ სენსაციის მოყვარული ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სამხედრო უწყებაში ორხელისუფლებიანობაა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG