Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში რეგიონალურმა მედიამ საზოგადოებას ყველაზე საინტერესო ინფორმაცია განათლების სისტემის შესახებ მიაწოდა.

ბათუმის 25–ე ტელეარხმა მაყურებელს აუწყა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ვიზიტის დროს პედაგოგებს შეხვდა და მათთან განათლების სისტემის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, „პრეზიდენტმა ყურადღება მოსწავლეთა დასწრებადობის საკითხზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბავშვები რეპეტიტორებთან ინდივიდუალურ მომზადებას უფრო მეტ დროს უთმობენ და გაკვეთილებს არ ესწრებიან. ამ საკითხის მოსაგვარებლად განათლების სამინისტრო სკოლებში დისციპლინის გამკაცრებასა და პედაგოგთა გადამზადებას აპირებს.“

პრეზიდენტის ამ მოსაზრებამ ნათელი მოჰფინა პროცესს, რომელიც საქართველოს სკოლებში მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ ნაჩუქარი ბლოკნოტით, პასტით, პირადი წერილითა და თანამშრომლობის თხოვნით, რაც თითოეულ პედაგოგს ინდივიდუალურად გადაეცა. „გურიის მოამბე“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ნაწყვეტს წერილიდან, რომელიც ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორს მაია თავართქილაძეს მისივე წერილის პასუხად გაუგზავნა: „მინდა გაცნობოთ, რომ, თქვენი მოსაზრების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუშავდება გეგმა, რომლის მიხედვითაც სკოლაზე მიმაგრებული იქნება უბნის ინსპექტორი, რომელსაც ხშირი კონტაქტი ექნება მოსწავლეებთან. მოთხოვნის შემთხვევაში, უბნის ინსპექტორს დაევალება თქვენ წინაშე წარმოშობილ ყველა პრობლემატურ საკითხზე დროული რეაგირების მოხდენა. იმედია, ეს ერთობლივი ინიციატივა ჩვენს სკოლებს უფრო უსაფრთხოს გახდის“. სამწუხაროდ, სტატიიდან არ ჩანს, რა მისწერა მაია თავართქილაძემ ვანო მერაბიშვილს ისეთი, რომ მინისტრმა სწორედ ამ ქალბატონის სახელს დაუკავშირა სკოლებზე უბნის ინსპექტორების მიმაგრების არცთუ პოპულარული გადაწყვეტილება.

ამავე გაზეთში ქვეყნდება მასალა იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურა ოზურგეთი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკოლოზ გვარამიას სატელევიზიო განცხადებას სკოლებში აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და კონტროლზე. სტატიაში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უფლებამოსილება გაეზრდებათ და ისინი უშუალოდ გააკონტროლებენ სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადებას. ასევე, მომავალი წლიდან სკოლებში აღრიცხვის ჟურნალებს შემოიღებენ და სათვალთვალო კამერებს დააყენებენ, რაც მოსწავლეთა ქცევის გაკონტროლების მექანიზმს შექმნის.

გაზეთი ”ბათუმელები“ აქვეყნებს წერილს პრეზიდენტის მეორე ინიციატივის – მასწავლებელთა სერტიფიცირების – შესახებ. სტატიის თანახმად, მასწავლებელთა გადამზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, თუმცა დაფინანსების ოდენობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. შესაძლებელია, გადახდა თანადაფინანსების პრინციპით განხორციელდეს. სერტიფიკატის მისაღებად, რომელიც რვა წლის განმავლობაში იმოქმედებს, პედაგოგები ტესტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს ჩააბარებენ. სტატიის ერთ–ერთი რესპონდენტის აზრით, გამოცდები ბევრ პედაგოგს აშინებს, თუმცა ტესტირება აუცილებელია.

ჯერჯერობით მედიაში არ ჩანს ანალიზი, რამდენად შეესაბამება სკოლის საჭიროებებს და რამდენად რეალური შინაარსით შეავსებს სკოლის ცხოვრებას დაგეგმილი ცვლილებები: კონტროლის გამკაცრება და პედაგოგების სერტიფიცირება.

ამასობაში ქუთაისური გაზეთები – „პი ესი“ და „ახალი გაზეთი“ იუწყებიან, რომ გასულ კვირას ქუთაისის ისტორიულ უბანში „მასწავლებელთა სახლი“ დაიწვა და ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე გაზეთი ერთხმად ადასტურებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შენობის განზრახ დაწვის ვერსიაზე საუბრობს. ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ შენობა ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველ ადგილზე მდებარეობდა და ქალაქის ჩინოვნიკებს მისთვის თვალი კარგა ხნის წინ ჰქონდათ დადგმული.
XS
SM
MD
LG