Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ნატოში - გასაიდუმლოებული გეგმითა და დაულაგებელი შიდა პოლიტიკით


საქართველოს ხელისუფლება ნატოს საიუბილეო აპრილის სამიტზე ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ხელმოწერას ვარაუდობს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიური პროგრამა, ნატოს მოთხოვნით, გასაიდუმლოებული იქნება, ქართველი ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ 2009 წლის მანძილზე საქართველოს მთავარი ვალდებულება დემოკრატიის გაღრმავება და შიდაპოლიტიკური სტაბილურობა იქნება. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებს ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა დაეთმო.

ლატვია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ლობისტია ნატოში გაწევრიანების გზაზე. ლატვიის ხელისუფლების გარდა, ამ საქმეში ჩართულია ლატვიის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი”, რომელმაც 3-4 მარტს უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივების თემაზე. ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. მისი თქმით, დისკუსია გაიმართა იმ საგარეო და საშინაო გამოწვევების ირგვლივ, რომლებიც ხვდება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლაშა ტუღუშის თქმით, რამდენიმე მოწვეული სტუმარი - მათ შორის, ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი რობერტ კოტრელი - სკეპტიკურად იყო განწყობილი:

[ლაშა ტუღუში] ”მან თქვა, რომ ახალ ადმინისტრაციას [ამერიკის შეერთებულ შტატებში} დრო სჭირდება. გარდა ამისა, პრობლემებმა, რომლებიც დღეს არის მსოფლიოში, გარკვეულწილად ისედაც გაართულა და უკან გადასწია ეს საკითხი. გარდა ამისა, მან ისიც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება პროცესები ქვეყნის შიგნითო - დემოკრატიის და ასე შემდეგ. და ყველაფერი ერთად ქმნის საკმაოდ რთულ სურათს საქართველოსთვის.” (სტილი დაცულია)

საქართველოდან ჩასულმა დელეგაციამ საოცარი ერთსულოვნება აჩვენა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს. რიგის კონფერენციაზე ნატოში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობის იდეას იცავდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, თბლისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე, და ”ახალი ალიანსის” ლიდერი ირაკლი ალასანია. თუმცა, ლაშა ტუღუშის თქმით, კონფერენციაზე ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა აზრი საქართველოს შიდაპოლიტიკურ პრობლემასა და მისი მოწესრიგების გზებზე ორად გაიყო:

[ლაშა ტუღუში] ”მათ მოიყვანეს საკუთარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რა საფრთხეები არის აი, ამ იდეების რეალიზებისას. ამის საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა ირაკლი ალასანიას და განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ბატონ გიორგი თარგამაძეს, რომელიც, ერთი მხრივ, კრიტიკული იყო, მაგრამ რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ვიცით, აქვს საკუთარი შეხედულება.” (სტილი დაცულია)

ლაშა ტუღუშის თქმით, ძალიან საინტერესო იყო ერთი მომენტი - კერძოდ, თუ როგორ წარადგინეს რიგის კონფერენციაზე ორგანიზაციის წამყვანებმა გიგი უგულავა და ირაკლი :

[ლაშა ტუღუში] ”ქალბატონმა, რომელსაც სხდომა მიჰყავდა, თქვა, აქ არიან პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებიო. მან არ თქვა, რომ ისინი უკვე არიან კანდიდატები, არამედ ”სავარაუდო კანდიდატები”. და მათ შორის ერთ-ერთი იყო ბატონი გიგი უგულავა.”

საქართველოს პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატებზე ქართული მედიაც ბევრს წერს. რაც შეეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ეს თემა თითქმის გაქრა ქართული გაზეთებისა თუ ტელეეკრანების გამოშვებებიდან და მხოლოდ მაშინ თუ ახსენდება ვინმეს, როდესაც რომელიმე ქართველი მოხელე ბრიუსელში ჩავა. ნატოს შტაბბინაში ბოლო ორი თვის განმავლობაში მრავალი მინისტრი ჩავიდა, თუმცა დღემდე უცნობია, თუ როდის მიიღებს ყოველწლიურ სამოქმედო პროგრამას და რას დაავალდებულებს ეს ახალი ფორმატი საქართველოს. სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის თქმით, ყველა შეგუებულია იმასთან, რომ დოკუმენტი კლასიფიცირებული იქნება. თუმცა ეს იქნება ერთგვარი ”პოლიშინელის საიდუმლო”, რომლის მოთხოვნები ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

[ირაკლი სესიაშვილი] ”ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ ძირითადი აქცენტები გაკეთდება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რეფორმებზე, როგორიცაა იგივე სასამართლო ხელისუფლების რეფორმა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და პოლიტიკური თავისუფლების გაძლიერება და ასე შემდეგ. აქ არამც და არამც არ იქნება აქცენტები კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესებზე. ეს გამორიცხულია.”

საქართველოსთვის, სავარაუდოდ, კვლავ იქნება დღის წესრიგში ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება და სასაზღვრო პრობლემების მოგვარება მეზობელ სახელმწიფოებთან. საქართველოს დღეს საზღვარი შეთანხმებული მხოლოდ ერთ მეზობელთან - თურქეთთან - აქვს. სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან კი შეუთანხმებელია სახმელეთო საზღვრის თითქმის ერთი მესამედი, პლუს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრები, რომლებიც რუსეთმა მის მიერ ცალმხრივად აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს დაუკანონა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG