Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ინტერესები აკავშირების საქართველოსთან იტალიას?


იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სენატორ ალფრედო მანტიკას საქართველოში ვიზიტის პროგრამამ მოიცვა შეხვედრები

როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ორგანოებში. იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. თბილისიდან იგი სომხეთში გამგზავრებას გეგმავს. რეგიონალური ტურნეს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი ენერგოპროექტების განხორციელების პერსპექტივებია.

იტალია– საქართველოს შორის არსებობს მყარი სახელშეკრულებო–სამართლებრივი ბაზა, ხელმოწერილია ეკონომიკური ხასიათის თითქმის ყველა შეთანხმება, ეფექტურად მუშაობს თანამშრომლობის პროგრამა კულტურის სფეროში. ერთობლივი ღონისძიებების უკეთ კოორდინირების მიზნით, ალფრედო მანტიკა 4 მარტს თბილისში გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საქართველო-იტალიის ურთიერთობების განზრახულობათა პროტოკოლი.

[გრიგოლ ვაშაძის ხმა] ”საქართველოსა და იტალიას შორის არის ნამდვილად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. მხარეები მუშაობენ იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საქართველო გამოხატავს თავის მადლიერებას იმ ნაბიჯებისთვის, რაც იტალიამ გადადგა აგვისტოს ტრაგიკული ომის შემდეგ. ეს არის სასწრაფო ფინანსური დახმარება, ეს არის დამკვირვებლების კონტინგენტის გამოგზავნა ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიაში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა.“(სტილი დაცულია)

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იტალიელ დიპლომატთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და, იმავდროულად, სახელმწიფო მინისტრისა და სენატორის ალფრედო მანტიკას რეგიონალური ტურნეს ფარგლებში განსახილველ საკითხთა შორის ერთ–ერთი მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი და მასში მონაწილე 6 ქვეყნის - მათ შორის, სამხრეთკავკასიური ქვეყნების - მზადება პრაღის სამიტისათვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ფორმატით (27+6), ჩეხეთის დედაქალაქში 9 მაისს გაიმართება.

[ალფრედო მანტიკას ხმა]“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება იმ ურთიერთობებში, რომელთაც ევროკავშირი კავკასიის რესპუბლიკებთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასა და უკრაინასთან ამყარებს. და დარწმუნებულები ვართ, რომ ის პროექტები, რომელთაც საქართველო შემოიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობაში, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.“

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რეგიონალური ტურნეს ფარგლებში განსახილველ საკითხთა ნუსხაში შევიდა ასევე რეგიონის სატრანზიტო ფუნქცია და მოქმედი და ახალი ენერგოპროექტები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს:

[ნინო კალანდაძის ხმა]“ ენერგომატარებლები, ალტერნატიული ენერგომატარებლები რამდენიმეა, რომლებიც სწორედ საქართველოს გავლით იტალიამდე მივლენ და, შესაბამისად, იტალიას განსაკუთრებული დაინტერესება აქვს როგორც ნაბუკოს პროექტის, ისე აი–ტი–ჯის პროექტთან დაკავშირებით. მთლიანად რეგიონში - მათ შორის, ენერგომატარებლებთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი აზერბაიჯანში.”(სტილი დაცულია)

საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სახელმწიფო მდივან ალფრედო მანტიკას ვიზიტის პროგრამაში,ოფიციალურ დონეზე პრეზიდენტთან, მთავრობის ზოგიერთ წევრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრების გარდა, შევიდა ასევე შეხვედრები აგვისტოს ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან - მათ შორის, ცალკე მის იტალიურ ნაწილთან. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აცხადებს რა, რომ ჟენევის ფორმატი არ უნდა დაიშალოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი ქმედობაუნარიანობის უზრუნველსაყოფად, აპირებს უშუალოდ მონიტორებისგან შეიტყოს, რა პრობლემებს აწყდებიან ისინი მისიის შესრულების დროს. ხაშურსა და წეროვანს, ანუ დევნილებს, და ევროკავშირის დამკვირვებლებს ალფრედო მანტიკა 5 მარტს შეხვდება. დღის ბოლოს იგი თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG