Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ირანის მიმართ სანქციებს ახანგრძლივებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, სულ ცოტა, ერთი წლით გაახანგრძლივა ვაშინგტონის სანქციები ირანის მიმართ.

ეს ნაბიჯი მან იმით გაამართლა, რომ ირანის მთავრობის პოლიტიკა კვლავაც "უჩვეულო და განსაკუთრებულ" საფრთხეს უქმნის შეერთებულ შატებს.

ობამამ საჯარო მიმართვაში განაცხადა ირანისთვის სანქციების რუტინული გახანგრძლივების შესახებ. ეს სანქციები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა 1995 წლის მარტში დააწესა, შეერთებული შტატების კომპანიებს უკრძალავს ირანის ნავთობის მრეწველობის განვითარებისთვის ხელშეწყობას ან ირანთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ქონას. ეს სანქციები თეირანს დაუწესდა იმ ბრალდებების გამო, რომ მას კავშირი აქვს ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას ცდილობს.

თავად ირანი უარყოფს ამ ბრალდებებებს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან განსხვავებით ობამამ განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთობისთვის გახსნილი იქნება. მაგრამ ამავე დროს მან თქვა, რომ ირანს არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას.

ამჟამად ობამას ადმინისტრაცია ირანის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობს.

როგორც ვაშინგტონელმა ანალიტიკოსმა, ირანის სპეციალისტმა, ბაჰმან აღაი დიბამ უთხრა ჩვენი რადიოს სპარსულ რედაქციას, ამ ეტაპზე სანქციების გაგრძელება სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია.

[დიბას ხმა] " შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის ხასიათი და ის, თუ როგორ მოხდება მისი განხორციელება, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ამიტომ ამ ეტაპზე ობამა ყოფილი ადმინისტრაციის პოლიტიკას აგრძელებს."

აღაი დიბა ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფალთა რეაქციის მთავარი პათოსი იქნება ის, რომ ობამამ არ შეასრულა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში გაკეთებული დაპირება ირანის მიმართ პოლიტიკის ცვლილების თაობაზე.

[დიბას ხმა] "ჭევგარეშეა, ირანში უარყოფითი რეაქცია ექნებათ სანქციების გაგრძელებაზე და გამოაცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ობამას მეთაურობით ვერ შეძლო შეესრულებინა ცვლილების თაობაზე ნაკისრი ვალდებულება თუ დაპირება. მაგრამ არ იყო რეალისტური იმის იმედი, რომ ობამა ამ ეტაპზე შეცვლიდა ვითარებას."

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მართლაც დაგმო ამერიკის გადაწყვეტილება და "ბავშვური ნაბიჯი" და "დიდი შეცდომა" უწოდა მას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თქმით, სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები ირანს მიიწვევს ავღანეთისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ნიდერლანდებში გაიმართება 31 მარტს. ირანმა განაცხდა, რომ მიწვევას განიხილავს.

ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ირანის მეზობელი ავღანეთის შესახებ მოლაპარაკებები კარგი დასაწყისი შეიძლება იყოს ირანისა და შეერთებული შტატებისთვის საიმისოდ, რომ მოგვიანებით მოლაპარაკებების წარმოება შეძლონ სხვა საკითხებზეც, მაგალითად, ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

"უოლ სტრიტ ჯორნალი" იტყობინება, რომ ობამას ადმინისტრაცია განიხლავს ირანთან რეგულარული დიპლომატიური კავშირების აკრძალვის გაუქმებას და ეძებს ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერთან, ალი ხამენეისთან პირდაპირი კონტაქტის გზებს.

ხოლო როგორც "ბოსტონ გლოუბი" იტყობინებოდა 11 მარტს, ობამას ადმინისტრაცია იქით იხრება, რომ ირანის მიმართ სერიოზული შემრიგებლური დიპლომატიური ნაბიჯი გადადგას 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა ობამამ წერილი გაუგზავნოს ხამენეის, რომელსაც ეკუთვნის უკანასკნელი სიტყვა ისლამურ რესპუბლიკაში.
XS
SM
MD
LG