Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იცვლება თუ არა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის ტენდენცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში?


ნატოს საიუბილეო სამიტამდე ორი კვირით ადრე

ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, შესაძლოა, მხარი აღარ დაუჭიროს ამ იდეის ყველაზე აქტიურმა ლობისტმა. ამერიკის კონგრესის ორპარტიული კომისიის ერთობლივი რეკომენდაცია მოუწოდებს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, შეწყვიტოს ”საქართველოსა და უკრაინის გამხნევება” ნატოში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ნატოს წევრობის ალტერნატიულ ვარიანტზე იფიქროს. დღევანდელ ყოველკვირეულ პროგამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” საუბარი იქნება იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ამერიკის ხელისუფლების დამოკიდებულება და რა გამოწვევების წინაშე აყენებს ვაშინგტონის ახალი მიდგომა საქართველოს.

ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკემ, რამაც უკრაინას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედი ჩაუსახა, ერთ წელიწადში დაკარგა აქტუალობა. ფუჭი აღმოჩნდა იმის მტკიცება, რომ ვერც ერთი მესამე წევრი სახელმწიფო ვერ მოახდენდა გავლენას ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებაზე. "საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთის აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს", – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ერვე მორენმა გასულ კვირაში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ამერიკელ კონგრესმენთა დამოკიდებულება. ”პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უნდა შეწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის გამხნევება ნატოში მათ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რათა მოსკოვთან ურთიერთობა გააუმჯობესოს”, - ნათქვამია კონგრესის ორპარტიული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ასევე გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი.

თუმცა ეს განცხადება მოულოდნელი სრულიადაც არ აღმოჩნდა საერთაშორისო მიმომხილველებისათვის. საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა თენგიზ ფხალაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უფრო რეალისტურად აფასებს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას:

[თენგიზ ფხალაძე] ”უკრაინის მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი წინააღმდეგია ნატოში გაწევრიანებისა. რაც შეეხება საქართველოს, მაშინ, როცა დაკარგულია ტერიტორიების დიდი ნაწილი, მაშინ, როცა ქვეყანა, ფაქტიურად, იმყოფება საომარი საფრთხის წინაშე, ამ სიტუაციაში, ალბათ, უფრო თავის შეკავების პოლიტიკა ამჯობინეს.”(სტილი დაცულია)

ამერიკის კონგრესის კომისიამ, რომელსაც დემოკრატი სენატორი გარი ჰართი და რესპუბლიკელი ჩაკ ჰაგელი ხელმძღვანელობენ, 19 რეკომენდაცია შეიმუშავა, სადაც საუბარია ნატოს აღმოსავლეთისაკენ ექსპანსიის პრობლემაზე. ”აღიარეთ, რომ არც უკრაინა და არც საქართველო მზად არაა ნატოში გასაწევრიანებლად, საჭიროა აშშ-ის მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ამ ქვეყნების სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის განვავითაროთ ნატოს წევრობის ალტერნატიული ვარიანტი”, - ნათქვამია მიმართვაში.
თუმცა, როგორც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ამერიკის მთავრობამ კომისიის პათოსი, შესაძლოა, არ გაიზიაროს:

[თორნიკე შარაშენიძე] ”კომისიაში, გარდა იმისა, რომ იყო ნათქვამი, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება უნდა შეჩერდეს და გადაიდოს, იყო ასევე რეკომენდაცია, რომ ამერიკას პრაქტიკულად ყველა სფეროში სჭირდება რუსეთი. და ამის გამო ამერიკის მთავრობამ ძალიან ცივად მიიღო ამ კომისიის დასკვნები.”

ექსპერტების აზრით, ორმხრივი პარტნიორობისათვის კარგი ბაზისია 9 იანვარს ვაშინგტონში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც თანამშრომლობის სურვილის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ არ იძლევა ერთმნიშვნელოვან გარანტიას, რომ საქართველოს გარეაგრესიის განმეორებისაგან დაიცავს. ასეთ გარანტიას სჭრდება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულების გაფორმება. მსგავსი რამ კი ბუნებაში არ არსებობს და ვერ იარსებებს მანამ, სანამ საქართველო შიდაპოლიტიკურ კრიზისს არ დაძლევს და არ დაიბრუნებს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს. ეს კი, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ამბობს, მთელი პოლიტიკური სპექტრის გამოწვევაა:


[თენგიზ ფხალაძე] ”რეალურად უნდა გადაიდგას სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საკითხები, რეალურად უნდა განხორციელდეს ინსტიტუციონალური რეფორმები და ამაზე არის დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. რადგან რეალურად არც ნატო არ შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტიად.” (სტილი დაცულია)


მაგრამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ან შეუძლებელია, ან მას დიდი დრო სჭირდება. მით უფრო, რომ არც ხელისუფლებას და არც მის ოპოზიციას საქართველოში არ აქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საქართველოში 9 აპრილის შემდეგ. პროგნოზები ერთიმეორეზე საშიშია. გასულ კვირაში საქართველოს მოსახლეობას კვლავ შეახსენა თავი ”პირქუში პროგნოზებით” ცნობილმა რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელჰენგაუერმა, რომელიც მეორე თვეა ამტკიცებს, რომ ”რუსეთი დაამხობს სააკაშვილს, აიღებს თბილისს და სამხრეთ კავკასიის პრობლემას მოაგვარებს”:

[პაველ ფელჰენგაუერი] ” დაზუსტებით არ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ გეტყვით, რომ ომის განახლების საშიშროება სერიოზულია. ივნისამდე ლაპარაკობენ, უბრალოდ, იმიტომ რომ აპრილის ბოლომდე ბრძოლების წარმოება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია. უღელტეხილები თოვლით არის დაფარული, მაისიდან გზები იხსნება, ამიტომ ივნისიდან უკვე შეიძლება. შეიძლება ივნისში დაიწყოს, შეიძლება ივლისში. აგვისტო ბოლო ვადაა.”


ამჯერად რუსი ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი მხოლოდ პროგნოზით აღარ შემოიფარგლება. გასულ კვირაში ლატვიურ გაზეთ ”ლატვიას ავიზესთან” ინტერვიუში ფელჰენგაუერმა თვითდამშვიდების გამო გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ ეტაპზე ვერ ხედავს რუსეთიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის განმეორების შესაძლებლობას. შესაძლოა, ეს კრიტიკა მიმართული იყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისაკენ, რომელმაც 6 მარტს გამორიცხა საქართველოზე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმეორების საფრთხე:

[ვანო მერაბიშვილი] ”მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეისათვის და უახლოეს მომავალში სერიოზული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის აბსოლუტურად გამორიცხული.”

თუმცა ის, რაც არ გამოირიცხება და რაც ”ღია და ოპერატიული” ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დაასკვნეს ქართველმა მზვერავებმა, კიდევ უფრო საგანგაშოა, ვიდრე რუსეთის სამხედრო აგრესია. საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის გელა ბეჟუაშვილის თქმით, ”რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შიდაარეულობით შეცვლის სერიოზული ინტერესი აქვს.” მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ, ყველაფერი ისეა, როგორც ერთ ქართულ ანდაზაში: რუსეთი საქართველოს ან ფართომასშტაბიანი აგრესიით დაიპყრობს, ან - შიდაარეულობით. და ასეთ შემთხვევაში კი იბადება სრულიად ლოგიკური შეკითხვა: რას უყურებენ ნატო და ამერიკა? ისევ წუხილის სიტყვებით შემოიფარგლებიან, თუ რაიმე უფრო ქმედითს დაუპირისპირებენ ”ორთავიან არწივს”?

ამ ჰიპოთეტურ შეკითხვაზე არსებობს ერთი რეალური პასუხი: მაისის დასაწყისში საქართველოში ნატოს ორი სამხედრო სწავლება გაიმართება. აქედან ერთი სწავლება, სახელწოდებით ”კოოპერატივ ლანსერი”, არის ქვეითი სწავლება, რომელიც გათვლილია 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეზე. ამ სწავლებაში 20 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას და მრავალეროვნული ქვედანაყოფიც საქართველოში რამდენიმე კვირას დაყოფს. სწავლება არ შეიძლება იყოს რეცეპტი მშვიდი ცხოვრებისათვის, მაგრამ რაკი საქართველოშო იმ ქვეყნების ჯარისკაცები ჩამოვლენ, რომელთა დაზვერვას უფრო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია აქვს, ვიდრე საქართველოსას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს არც საგარეო აგრესიის საფრთხე ელოდება და არც სამოქალაქო დაპირისპირებისა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG