Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 16 აპრილი 2009


”როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ცვლილებებზე მზად ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი მოდელი ცუდია. ეს იმას ნიშნავს, რომ, ქვეყნის პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, ცვლილებაზე ვისაუბროთ”, - ეს არის ციტატა ინტერვიუდან დავით ბაქრაძესთან, რომელსაც ”ალიას” კორესპონდენტი ესაუბრა. დავით ბაქრაძე თვლის, რომ, პირველ რიგში, თვითონ ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა. ”თუკი სააკაშვილის გადადგომა არის თვითმიზანი, მაშინ ამაზე ჩვენი პოზიცია ცნობილია”, - აცხადებს პარლამენტის სპიკერი და ”ალიას” იმასაც ეუბნება, რომ მზად არის ნებისმიერ ადამიანთან - მათ შორის, გია გაჩეჩილაძესთან - შესახვედრად, მაგრამ საკანში შესვლას არ აპირებს.

”მიუხედავად მისი უფლებამოსილებისა, ბაქრაძეს ბევრს არაფერს ეკითხებიან. ამ ინიციატივის თაობაზე უნდა შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და მისგან მოვისმინოთ, რას გულისხმობენ ამ განცხადებაში”, - რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ბაქრაძის მიერ გახმიანებულ კოალიციური მთავრობის შექმნის იდეაზე აკეთებს კომენტარს ”ვერსიის” კორესპონდენტთან საუბარში. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია: ”თუ სააკაშვილი შეხვდება ოპოზიციას და კონკრეტულად გვეტყვის, რას გვთავაზობს, ნამდვილად მოვუსმენთ. გიგი უგულავა აცხადებს, მერის არჩევნების წესი უნდა შეიცვალოსო. გამაგებინეთ ერთი, ვინ ეკითხება გიგი უგულავას საარჩევნო კოდექსის ცვლილებას?” - კითხულობს ბერძენიშვილი და განაგრძობს: ”არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც უგულავას ევალება, მაგალითად, ქალაქის დასუფთავება, მაგრამ ისიც ვერ შეძლო.” - ინტერვიუს ლევან ბერძენიშვილთან ”ვერსია” ბეჭდავს. ამავე გაზეთშია უმრავლესობის წევრ დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუც: ”ოპოზიციაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე, რაზეც დღეს შეგნებულად არ საუბრობენ და რაც შემდგომში პრობლემებს გამოიწვევს. შეიძლება შეიქმნას სახელმწიფოებრივი ვაკუუმი, დაიწყოს უკონტროლო პროცესები - მოიშალოს დისციპლინა პოლიციაში, საგადასახადო სისტემაში, ჩამოიშალოს ბიუჯეტი...” - ჩამოთვლის პრობლემებს დავით დარჩიაშვილი. და კიდევ ერთი ციტატა დღევანდელ ”ვერსიაში” გამოქვეყნებული ინტერვიუდან ნინო ბურჯანაძესთან: ”დღეს ჩემს მიმართ განწყობა რადიკალურად შეცვლილია, რადგან ადამიანებმა მიიღეს ჩემი გულწრფელი მობოდიშება, ხალხი ხედავს, რომ მე ვარ მათ გვერდით და ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ. თანდათან რწმუნდება იმაში, რომ მე იქაც, სადაც ვიყავი, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ, მეტი ვეღარ შევძელი, რადგან, უმეტესწილად, მარტო ვიყავი”, - ამბობს ბურჯანაძე ”ვერსიის” კორესპონდენტთან საუბრისას.

”რეზონანსი” ინტერესდება ”როგორ გამოიყენებენ ხელისუფლება და ოპოზიცია ”სააღდგომო ტაიმ-აუტს”. ავტორი წერს: ”რეზონანსის” ინფორმაციით, თუკი მოლაპარაკებებს ევროკავშირის წარმომადგენლები, სახალხო დამცველი და ის ექსპერტები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ბაქრაძესთან გამართეს შეხვედრა, დაესწრებიან, ოპოზიცია დიალოგს დათანხმდება, თუმცა ძალაში დარჩება შეთანხმება ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. მთავარი კი, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ის არის, რომ დიალოგი დროულად გაიმართოს. სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ სააღდგომოდ გამოცხადებული სააქციო ტაიმ-აუტი სწორედ მოლაპარაკებების გამართვისთვის იქნება გამოყენებული.”

”24 საათი” ამავე თემაზე: ”ხელისუფლების შეთავაზებების ადრესატი ოპოზიცია ჯერჯერობით არც ერთ წინადადებაზე არ რეაგირებს. შესაძლოა, მეტის მიღწევის იმედით, შესაძლოა, იმ საბაბის მოლოდინით, რომელიც დიალოგის დაწყების შემთხვევაში მას სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. მოთხოვნა უცვლელი რჩება - პრეზიდენტის გადადგომა. ამ დროს კი იზრდება შანსი, რომ ოპოზიციას სახელისუფლებო დათმობების ”კულმინაციური წერტილი” გამოეპაროს”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

ამავე გაზეთში წაიკითხავთ მწერალ დავით ტურაშვილის სვეტსაც, რომელიც ასე სრულდება: ”დარწმუნებული ვარ, რომ ვინც დათმობს, ის მოიგებს კიდეც, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველომ მოიგოს, მაშინ ჩვენს პარტიულ ინტერესებზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავაყენოთ. პრობლემების მოგვარების ყველაზე მოკლე გზა კი გულწრფელობაა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია და ძალიან მინდა, რომ ჩვენ ყველას გვახსოვდეს მშვენიერი ქართული სიტყვა - კეთილგონიერება. არც ვიცი სხვა ენაზე თუ არსებობს ასეთი სიტყვა, რომელიც ჭკვიანსაც ნიშნავს და კეთილსაც...”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG