Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი აკრიტიკებს ნატოს ”სახიფათო” წვრთნას საქართველოში


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო წვრთნის ჩატარების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილება ”არასწორი” და ”სახიფათოა.” მედვედევი ამ განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. ალიევი რუსეთში სტუმრად იმყოფება. მედვედევის თქმით, გადაწყვეტილება - რომელიც ნატომ ოთხშაბათს მიიღო - დადებითად არ აისახება ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესზე. ხუთშაბათს რუსეთმა ნატოს საქართველოში დაგეგმილი წვრთნის გადადების, ან გაუქმებისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის თქმით, წვრთნა არ წაადგება რეგიონში სტაბილურობის აღდგენის მცდელობებს. ბრიუსელში ნატოს წარმომადგენელმა, რობერტს პშჩელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ წვრთნის გადადების გეგმა არ არსებობს. ამასთან, პშჩელმა დასძინა, რომ წვრთნა კოორდინაციის საკითხებს ეხება, და მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოყენებული არ იქნება.
XS
SM
MD
LG