Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, დილის 2 საათისთვის მარჯანიშვილის ქუჩაზე აქცია მოეწყო


24 აპრილს, დილის 2-დან სამ საათამდე თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, კაფე ”მარჯანოვთან” შეკრებილ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. სახალხო დამცველის მოადგილემ რადიო თავისუფლების ეთერში საუბრისას ერთი პირის დაკავების ფაქტი დაადასტურა. თუმცა, მანამდე სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ორი მოქალაქის დაკავების შესახებ. ქართული ტელეარხები დაკავების ფაქტის გარდა, ავრცელებენ ინფორმაციას ერთი პოლიციელის დაშავების შესახებაც.

ოპოზიციის ლიდერები და საპროტესტო აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის ქუჩაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მარჯანიშვილის თეატრთან მდებარე კაფეში პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა. დღეს დილით, რადიო თავისუფლების ეთერში ჩართვისას სახალხო დამცველის მოადგილემ - გიორგი ჩხეიძემ განაცხადა, რომ მანიფესტანტები შეძახილებით გამოხატავდნენ პროტესტს პრეზიდენტის მიმართ. ჩხეიძის თქმით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ დააკავეს აქციის ერთი მონაწილე. სახალხო დამცველის მოადგილე შეეცადა გაერკვია სად წაიყვანეს დაკავებული იმისათვის, რომ ენახა ის. გარკვეული დროის მანძილზე მან ეს ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ჩხეიძემ ადგილზე მყოფ სამართალდამცავებს სთხოვა დაკავებულის ადგილსამყოფელი ეთქვათ მისთვის, ორი საათის მანძილზე ვერ შეძლო მისი პოვნა. ”ორი საათის განმავლობაში ვცდილობდით ის გვეპოვა ქალაქის სხვადასხვა განყოფილებებში და საბოლოოდ ის გადაიყვანეს დიღომის იზოლატორში და მოვინახულე რწმუნებულებთან ერთად” - გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ დაკავებული პირი არის შოთა კაჭკაჭიშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და დღეს სასამართლო განიხილავს მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს.
XS
SM
MD
LG