Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21-ე საუკუნის პირველი ომი ევროპაში, რომელიც არ დასრულებულა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ესპანელმა პარლამენტარმა დიას ტეჟერამ საქართველო-რუსეთის ომს უწოდა "21-ე საუკუნის პირველი ომი ევროპაში", რომელიც დღემდე გრძელდება. პარლამენტარს მხედველობაში უწინარესად ჰქონდა ომის მოუგვარებელი, მძიმე ჰუმანიტარული შედეგები. თუმცა, როგორც საპრლამენტო ასამბლეაზე გახდა ცნობილი, ევროსაბჭოს შეშფოთებას ასევე იწვევს კონფლიქტის ზონის შემდგომი მილიტარიზება და ომის განახლების საფრთხე, რაზეც არაერთი მწვავე განცხადება გაკეთდა.

"ევროსაბჭო არ არის გაეროს უშიშროების საბჭო და ამიტომაც არ შეუძლია უფრო გადაჭრით იმოქმედოსო" - უნგრელმა პარლამენტარმა მათიას ეორშიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ეს სიტყვები 29 აპრილს ერთგვარი დანანებით თქვა. სტაჟიანმა პარლამენტარმა, რომელიც მრავალი წელია მუშაობს საქართველოს მონიტორინგზე, კარგად იცის, თუ რა გმოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელმაც აგვისტოში უმძიმესი ომი გადაიტანა მეზობელ რუსეთთან. მან ისიც აღნიშნა, რომ ვითარება არათუ გაუმჯობესდა უსაფრთხოების მხრივ, არამედ გაუარესდა:

"რეგიონში კვლავაც გრძელდება სამხედრო აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის ზრდა. განმუხტვის ნაცვლად, ვითარება კიდევ უფრო იძაბება. ამის თვალნათლივი დასტურია ამასწინანდელი ინციდენტი, როცა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ეუთოს ორი მეთვალყურე დააპატიმრა (ერთ-ერთი მათგანი, სხვათა შორის, უნგრელია, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს), ან ეუთოს მეთვალყურეთა მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის ვერტმფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეს არღვევენ. ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდია და ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ რაიმე წინსვლაზე."

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილ საინფორმაციო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თუმცა საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თანათავმჯდომარემ კორენ იონკერმა საჭიროდ მიიჩნია ხაზი გაესვა განსხვავებული დამოკიდებულებისათვის, რაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებ მოსახლეობას აქვს:

"განურჩევლად იმისგან, თუ ვის ვესაუბრებოდი, უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი უმთავრესი საფიქრალი არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების, არამედ ქუჩაში ხალხისთვისაც. მათ ეშინიათ საქართველოს არმიის განახლებული იერიშის და შეშფოთებულნი არიან ადმინისტრაციულ საზღვარზე ინციდენტებით. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები კვლავ აძლიერებენ პოზიციებს ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ზონებში და, მათი თქმით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია თვალს ხუჭავს შეიარაღებული ძალების ამ კონცენტრაციაზე. მე არ შემიძლია იმის განსაზღვრა, ფაქტებზეა დამყარებული ეს შიში თუ გრძნობებზე. მაგრამ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მხრიდან მისი მონიტორინგის შედეგების თაობაზე მეტი გამჭვირვალობა სასარგებლო იქნებოდა. ეს რეგიონის მოსახლეობას დაეხმარებოდა რეალური ვითარების უკეთ გაგებაში."

მაგრამ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას არ ეძლევა შესაძლებლობა თავისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს. Aამის წინააღმდეგ გამოდის ევროსაბჭოს ერთადერთი ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც საკუთარ პოზიციას არ ცვლის და იქით სდებს ბრალს საქართველოს კონფლიქტის ზონის მილიტარიზებაში. რუსეთის დელეგაციის წევრმა ევროსაბჭოში კომუნისტმა გენადი ზიუგანოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს:

”არავინ არ წაიღებს აღიარებას უკან. ეს მშვენივრად მოგეხსენებათ. დროა სხვებმაც აღიარონ ისინი. რატომ არა აქვთ სამხრეთ ოსებსა და აფხაზებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ღირსების უფლება? რატომ უნდა იცხოვრონ მათ სააკაშვილის ფრთის ქვეშ, რომელმაც საკუთარი რესპუბლიკა კატასტროფის ზღვარზე დააყენა? მან 30-ჯერ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. ასეთი მილიტარიზაცია ფაშისტურ გერმანიასაც კი არ ჰქონია თავის დროზე. რატომ აიარაღებენ მას კვლავ და რატომ უნდა უხელმძღვანელოს მან იმათ, ვისაც არ სურს მასთან ერთად ცხოვრება? რატომ? დაწყნარდით. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან."

მაშინ როცა ევროპა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო აკრიტიკებს, კრემლმა რუსეთს ნამდვილი სიურპრიზი მოუმზადა: 30 აპრილს რუსეთის ფედერაციამ არაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი, მათ შორის - საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ. ასე უპასუხა რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, რომლებიც მოუწოდებს კრემლს უარი თქვას საქართველოს რეგიონების ცალმხრივ აღიარებაზე და შეწყვიტოს სამხედრო ბაზების მშენებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ევროსაბჭო რუსეთის ამ ქმედებას შემდგომ საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად გამოეხმაურება. მანამდე კი რუსეთის ამ ნაბიჯზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელმაც რუსეთის ამ ნაბიჯს ~ნერვების ომის კიდევ ერთი ნაწილი~ უწოდა.

[მიხეილ მაჭავარიანი]

ნერვების ომიდან" ნამდვილ ომამდე კი არცთუ ისე დიდი მანძილია. ეს კარგად ესმის უმრავლესობას ევროსაბჭოში მყოფი დეპუტატებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა რუსეთს პასუხი მოეთხოვოს ვალდებულებებისა და პრინციპების უგულებელყოფის გამო. ~ჩვენ ძალიან მალე უნდა ვუთხრათ რუსეთს: კმარა! თქვენ არ გაქვთ უფლება უგულებელყოფდეთ ევროპის ინტერესებს მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ქვეყანა ხართ”- ასეთი სიტყვებით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა დანიიდან, მოგენს იენსენმა, რუსეთის ხელისუფლებას და უფრო მეტად, ალბათ, ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ჯერჯერობით მშვიდად უყურებენ ყოველივე იმას, რაც ხდება ოკუპირებულ საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG