Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ჟურნალისტის ცემაში ეჭვმიტანილები დააკავა


„საზოგადოებრივი დამცველის“ ადვოკატები მოძრაობა „7 ნოემბრისა“ და „9 აპრილის“ ახალგაზრდული შტაბის წევრების დაკავებას აპროტესტებენ. გიორგი ონიანი, მელორ ვაჩნაძე და რევაზ რევაზიშვილი ეჭვმიტანილი არიან „პირველი არხის“ ჟურნალისტზე, ნიკოლოზ ავალიანზე, განხორციელებულ ხულიგნურ თავდასხმაში. ადვოკატთა თქმით, გარდა იმისა, რომ დაკავებისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები, ეჭვმიტანილებზე განხორციელდა ძლიერი ფიზიკური და მორალური ზეწოლა. სამართალდამცავთა საქმიანობით ასევე უკმაყოფილოა სახალხო დამცველი, რომელმაც 6 მაისს შინაგან საქმეთა მინიტრს ივანე მერაბიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ნიკოლოზ ავალიანს ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 5 მაისს, ეგრეთ წოდებული „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობისას, სცემეს, თუმცა ხულიგნობაში ეჭვმიტანილმა რევაზ რევაზიშვილმა, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დააკავებდნენ, განაცხადა, რომ თავად იყო ძალადობის მსხვერპლი:

„გამოვიდა პოლიციის თანამშრომელი და დაგვიწყო ჩხუბი. ყველას მოგვაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამისდა მიუხედავად, ჩვენც არ გავჩერდით და, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ.“

პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, 6 მაისი
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რევაზიშვილისა და კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, გიორგი ონიანის, ჩვენებები, რომლებშიც დაკავებულები 5 მაისის ინციდენტს განსხვავებულად აღწერდნენ, თუმცა „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავებულებმა ჩვენებები ძლიერი ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მისცეს. ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი ონიანი ძველი თბილისის სამმართველოში დაკითხვაზე ნახევრად შიშველი, საცვლების ამარა მიიყვანეს.

„მასზე მოხდა ზეწოლა, გაუკეთეს ”სირცხვილის კორიდორი” და ეუბნებოდნენ, როგორც თქვენ ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” გააკეთეთ, ისე მოგექცევით ჩვენცო“,- განაცხადა ნათია კორკოტაძემ, - „განყოფილებაში იმყოფებოდა საცვლების ამარა და დაემუქრნენ, თუ არ შეაგინებ ოპოზიციას, გაგაუპატიურებთო.“

ადვოკატის თქმით, ასევე ნაცემია მელორ ვაჩნაძეც, რომელიც პოლიციამ 6 მაისს დილით დააკავა. მას შემოახვიეს სხეულზე თხელი საბნისმაგვარი ნაჭერი და ისე სცემეს. ტანსა და თავზე აღენიშნება რამდენიმე ათეული ჰემატომა. ადვოკატი გამოძიების წინაშე აყენებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საკითხს, რათა საფუძვლიანად იქნეს გამორკვეული ვაჩნაძისა და ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვაჩნაძე, ისევე როგორც ონიანი, ხულიგნობაში, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. ”საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ პოლიციამ კანონი ეჭვმიტანილების დაკავების დროსაც დაარღვია.

„მანქანაში ეძინათ, როცა თავს დაესხნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები“, - განაცხადა კაკაბაძემ, - „ჩაუმსხვრიეს მანქანას მინები და, ფაქტობრივად, გაიტაცეს ეს ბავშვები ისე, რომ ოჯახისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. ასევე კანონი დაირღვა რევაზიშვილთან მიმართებაშიც.“

”საზოგადოებრივი დამცველის” წარმომადგენელთა ამ და სხვა განცხადებებს 6 მაისსვე გამოეხმაურა სახალხო დამცველი. რადიო თავისუფლებამ სოზარ სუბარს ჰკითხა, ირღვევა თუ არა ეჭვმიტანილების უფლებები.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სერიოზული დარღვევების შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია გვაქვს ადვოკატებისგან და მის დადასტურებას ან უარყოფას მას შემდეგ შევძლებთ, როცა ჩემი თანამშრომლები დაამთავრებენ მუშაობას“, - განუცხადა სოზარ სუბარმა რადიო თავისუფლებას.

პოლიციის სამმართველოს შენობას გაძლიერებულად იცავენ
აქვე უნდა ითქვას, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციის აქტივისტების მდგომარეობისგან განსხვავებით, სახალხო დამცველმა და მისმა თანამშრომლებმა ყველაფერი გაარკვიეს შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით, რომელსაც სოზარ სუბარმა 2009 წლის 10 აპრილს წერილობით მიმართა. სახალხო დამცველმა ვანო მერაბიშვილს სთხოვა ყოველდღიურად მიეწოდებინა 2009 წლის 9 აპრილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებული ყველა ვიდეომასალა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის მოთხოვნა. პასუხად სოზარ სუბარმა, კანონის შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი ოქმის შესადგენად სახალხო დამცველის აპარატში დაიბარა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომა მინისტრის გარეშე ჩატარდა.

სოზარ სუბარი: „ნებისმიერი - მათ შორის, საიდუმლო - ინფორმაციის მიღების უფლება აქვს სახალხო დამცველს, თუმცა ჩვენ არათუ ეს ინფორმაცია არ მოგვეწოდა, არამედ, საერთოდ, განმარტებაც კი არ მოგვეცა. მივიღეთ ერთი მცირე მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა 11 აპრილს ღამით მომხდარ დარბევას. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია სახალხო დამცველის შესახებ კანონი და, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი.“

სოზარ სუბარის თქმით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა

ისჯება ჯარიმით, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შრომის მინიმალურ ანაზღაურებას, სულ მცირე, 20-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ - 50-ჯერაც.

თუმცა, კანონის მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელსაც საკითხის განსახილველად თხუთმეტდღიანი ვადა აქვს მიცემული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG