Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ „ფათაჰის“ და „ჰამასის“ შეთანხმების გამო


ისრაელი და შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამენ პალესტინელთა ფრაქციების, „ფათაჰისა“ და „ჰამასის“ შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. აქამდე ამ ფრაქციებს შორის უთანხმოება სუფევდა და ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აკონტროლებენ პალესტინელების ტერიტორიებს: „ფათაჰი“ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს, ხოლო „ჰამასი“ - ღაზის სექტორს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შეფასებით, შეუძლებელი იქნება მშვიდობაზე შეთანხმება პალესტინელების გაერთიანებულ მთავრობასთან, რადგან „ჰამასი“ კვლავინდებურად გამოდის ისრაელის განადგურებისაკენ მოწოდებით და უარს არ ამბობს ძალადობაზე. ნეტანიაჰუს განცხადებით, „პალესტინელების ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს მშვიდობა ისრაელთან ან მშვიდობა „ჰამასთან“, შეუძლებელი ორივესთან მშვიდობა. ჰამასი მიზნად ისახავს ისრაელის განადგურებას, ამას ის საჯარო აცხადებს, ის რაკეტებს უშენს ჩვენს ქალაქებს, ანტისარაკეტო ჭურვებს ესვრის ჩვენს შვილებს (...) იმედი მაქვს, რომ პალესტინელების ხელისუფლება გონივრულ არჩევანს გააკეთებს - აირჩევს მშვიდობას ისრაელთან. ეს მისი არჩევანია“. ვაშინგტონში თეთრმა სახლმა „ჰამასი“ მოიხსენია „ტერორისტულ“ ჯგუფად და განაცხადა, რომ პალესტინელების ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ, რომელსაც ისრაელთან მშვიდობის მიღწევის იმედი ექნება, უარი უნდა თქვას ძალადობაზე და აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება. „ჰამასმა“ და „ფათაჰმა“, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ შექმნიან ერთიან მთავრობას მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები ერთწლიან პერიოდში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG