Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 22 მაისი 2009


”რეზონანსი” 21 მაისის სპეცოპერაციის დეტალების გარკვევას თვითმხილველების დახმარებით შეეცადა. პირველ გვერდზე ქვეყნდება სტატია, სათაურით - ”კრიალაშვილის ცხედარს ნატყვიარი არა აქვს?” ავტორის თანახმად, ტრაგიკული სპეცოპერაციის ადგილზე გუშინ დილით ასფალტის მეორე პირი დააგეს. ადვოკატი ონისე მებონია კორესპონდენტს ეუბნება: ”მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ იქ არ იყო კრიალაშვილი. ვინც ნახა, იმ ადამიანებმა თქვეს, რომ მას არ ეტყობა ერთი ნატყვიარიც კი და მისი მდგომარეობა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ის რამდენიმე საათის წინ არის გარდაცვლილი. გვამის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ის უფრო მეტი ხნის გარდაცვლილია”, - ამბობს მებონია. რაც შეეხება თავად სპეცოპერაციას, შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ”რეზონანსს” უყვება: ”არავითარი ორმხრივი სროლები არ იყო. მარტო 6-7 გასროლის ხმა იყო და ისიც ძლივს ისმოდა. ძალიან ბევრი ჯიპები იყო, ნიღბიანები დადიოდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდა. თეთრი ”მარშრუტკის” ირგვლივ იყვნენ შეკრებილი, მაგრამ დილას უკვე არ იყო და არ ვიცი, დაცხრილული იყო თუ არა”. მეორე თვითმხილველის მონათხრობი: ”დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარზე ვიდექი ჩემს სახლთან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრშია. დავინახე თიანეთიდან ქალაქის მიმართულებით მოძრავი თეთრი ”მარშრუტკა”, გაჩერდა შუა ტრასაზე და შიგნით ყრუ, მოგუდული 4-5 გასროლის ხმა იყო. ისმოდა დედის გინების და ხმამაღალი ლანძღვის ხმა. ”მარშრუტკაში” წინ იჯდა ქალბატონი, რომელიც გარეთ გამოვარდა, ტელეფონით ვიღაცას ეუბნებოდა - სად ხარ ამდენ ხანს, დახოცეს ერთმანეთიო. ვუთხარით, ქალბატონო, რამე ხომ არ გიჭირთ-თქო. მან თქვა, რომ თქვენ არ ჩაერიოთ, სოდ-ის ხალხია და მიხედავენ თავის საქმესო”, - ჰყვება ”რეზონანსის” რესპონდენტი, რომელიც, როგორც ამბობს, 21 მაისის სპეცოპერაციის თვითმხილველია და განაგრძობს: ”5 წუთში გამოჩნდა ”პიკაპები”, რომლებიც მიუახლოვდნენ ”მარშრუტკას” და დაიწყეს ჰაერში სროლა”, - ჰყვება რესპონდენტი.

”რეზონანსშივე” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ დაჭრილი კობა ოთანაძის ძმასთან - ჯიმშერ ოთანაძესთან, რომელიც მისი დაკავების ამბავს ჰყვება: ”ცინიზმით მეუბნებოდნენ - ”ჩაუშვი, ბიძო, შენი ძმა, 200 ათასია ჯილდო, 100 ათასად გირაოთი გამოვიყვანოთ და 100 ათასი კიდევ ჩვენ გავიყოთო”. ჯიმშერ ოთანაძის თქმით, სკოლიდან გარიცხეს კობა ოთანაძის შვილი: ”პირადად დირექტორს უთქვამს, რომ მაგის მამას არ უნდოდა ჩვენი შვილების დანდობა და ჩვენ მაგის შვილი როგორ უნდა დავინდოთო.”

”ვერსიის” კორესპონდენტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა. ”ჩემს ოპოზიციონერ მეგობრებთან ერთად ქართველი ხალხისთვის ტყვიები მაქვს ნასროლი. ამიტომ მათგან შენიშვნებს არ მივიღებ”, - აცხადებს ბობოხიძე და აზუსტებს: ”მე როცა ვამბობ, ქართველებს ტყვიებს ვესროდი-თქო, ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩემი ავტომატი არასოდეს დამიმიზნებია ქართველისთვის. თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ყველაფერი ჩვენ დავიწყეთ. ბიჭები გავუშვით ერთმანეთთან საბრძოლველად და ჩვენ კაბინეტებში ვისხედით”. ბობოხიძე ინტერვიუს ასე ასრულებს: ”შეიძლება, სააკაშვილი არ იყოს ჩემთვის იდეალური პრეზიდენტი, მაგრამ ვიცი, ეს ტიპებიც ვინ არიან და ამათგან არც მინიშნებებს და არც საყვედურებს არ მივიღებ. თუ არ წამოვლენ ჩვენს წინადადებებზე, ცივი წყალი დალიონ! დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ერთ დღეს მივა დასკვნამდე, რომ ქვეყანაში წესრიგი უნდა აღადგინოს და ამით დამთავრდება ყველაფერი”, - ამბობს აკაკი ბობოხიძე. ”ვერსია” ბეჭდავს მასთან ინტერვიუს.

”ახალი თაობა”, რესპუბლიკელი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი დავით ზურაბიშვილი: ”მე ვფიქრობ, რომ არსებულ პროტესტის ფორმას თავისი ფუნქცია მეტ-ნაკლებად შესრულებული აქვს. საჭიროა ახალ ეტაპზე გადასვლა, სხვა ფორმების შემოტანა. ცხადია, ეს არ გამორიცხავს არც ხალხმრავალ მიტინგებს, აქციებს, როცა საჭიროა, ქუჩის გადაკეტვას, მაგრამ, ის ფორმა, რაც იყო, სხვა ფორმატში უნდა გადავიდეს”, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება დღეს ”ღრმა კრიზისშია”. ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ რაიმეს გადმოტანაზეა საუბარი, ოპოზიცია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ”ნებისმიერი არჩევნები, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ხელისუფლების შეცვლამდე, ანუ იყოს ნაბიჯი ხელისუფლების შეცვლისკენ, გამართლებულია. გააჩნია, რა სიტუაციაშია, რა კონტექსტში და რა ვადებშია მოწოდებული. თუ ამაში შანსს დავინახავთ, რომ ხელისუფლებას სერიოზული ბერკეტი შეიძლება გამოვაცალოთ, ცხადია, უნდა დავთანხმდეთ. თუ ვერ დავინახეთ ეს მომენტი, მაშინ ვერ დავთანხმდებით”, - ამბობს დავით ზურაბიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”24 საათი” რუსეთ-ევროკავშირის სამიტს ეხმაურება. სტატიის სათაურია - ”დამღლელი ”დიადი რუსეთი” და ევროპელი ლიდერები”. ”საქართველოს თემა ევროპასა და რუსეთს შორის კვლავ მწვავე კამათის საგანი ხდება”, - წერს ავტორი და განაგრძობს:”წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, შეხების წერტილები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ამჯერად თითქმის აღარ არსებობს. საქართველოს გარდა, ევროპა-რუსეთის ურთიერთობებს ენერგეტიკის პრობლემები და მომავალ ჩარჩო-შეთანხმებაზე აზრთა სხვადასხვაობაც ართულებს”, - წერს ”24 საათი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG