Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 26 მაისი 2009


დღევანდელი პრესა ტელეკომპანია ”მაესტროს” შესასვლელში მომხდარ აფეთქებაზე წერს. ”რეზონანსი” ამ ფაქტზე შსს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს ესაუბრა. შეკითხვაზე - რატომ მივიდა პოლიცია დაგვიანებით შემთხვევის ადგილზე, უტიაშვილი პასუხობს: ”პატრულს, რომელიც იმ დროს ქუჩაში მორიგეობდა, თუ არავინ დაავალებდა, არ მივიდოდა იქ. საერთოდ, ჯერ ცენტრში იღებენ ინფორმაციას, მერე აწვდიან პატრულს და შემდეგ მიდიან შემთხვევის ადგილზე პატრულის თანამშრომლები. ასე ქუჩაში რამდენი პატრულია ღამე მობილიზებული, მასთან ყველა რომ მივიდეს და დამეხმარეო, სთხოვოს, ყველას როგორ დაეხმარება?” - კითხულობს უტიაშვილი. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ სპეცოპერაციისას მოკლული გია კრიალაშვილის ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან ”ექსპერტმა, რომელსაც ეს უნდა გაეკეთებინა, ბოლოს უარი თქვა. პოლკოვნიკის ოჯახის წევრებმა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც, როგორც ამბობენ, მიცვალებულის სხეულზე საეჭვო ნაკერები აღმოაჩინეს. მიცვალებულის სხეულმა ბალზამი არ მიიღო, ასევე არ იყო ტყვიის კვალი - სწორედ ამან მისცა ოჯახს ეჭვის საფუძველი, რომ პოლკოვნიკი 21 მაისის სპეცოპერაციამდე იყო გარდაცვლილი”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტს ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ უთხრა, რომ 21 მაისს, სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ”არამიანცის საავადმყოფოს” სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შენობასთან პატრული იყო მობილიზებული. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 11:15 წუთზე ჩატარდა სპეცოპერაცია, ნანა ლეჟავას გაუჩნდა სურვილი გაერკვია, რა ხდებოდა 8-დან 9 საათამდე ექსპერტიზის შენობასთან. ”ერთ-ერთ ადამიანს ვთხოვე, რომ დაკავშირებოდა ექსპერტიზის ბიუროში მომუშავე პირს და გაეგო, ვისი ცხედარი შეიტანეს 8-დან 9 საათამდე. არაოფიციალურად ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო გია კრიალაშვილის ცხედარი”, თუმცა, ჟურნალისტისავე თქმით, ჟურნალში კრიალაშვილი 2 საათზეა გაფორმებული.

”ახალი თაობა” კონსტიტუციონალისტს, რესპუბლიკური პარტიის წევრ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ჯერ ოპოზიციას ხელისუფლებისგან პასუხი არ მიუღია არც ერთ წინადადებაზე, რომლითაც მას ოპოზიციამ მიმართა. ”ცხადია, რომ კრიზისი არ მოიცდის და იგი შეიძლება გაცილებით გაღრმავდეს, თუკი სხვა აუცილებელი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. დღევანდელ პირობებში კი ხელისუფლება საერთოდ საზოგადოების და პოლიტიკური ოპოზიციის ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. ის მხოლოდ ერთ საკითხს განიხილავს, მათ შორის - ყველაზე ხანგრძლივს და დროში გაწელილს, კონსტიტუციურ ცვლილებებს”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

”სააკაშვილის საპრეზიდენტო კარიერამდელ განცხადებებს თუ გადავავლებთ თვალს, მწარედ ჩაგეცინებათ, რადგან ის ადამიანი, უბრალოდ, ტყუოდა, როცა მგზნებარედ საუბრობდა მედიის დამოუკიდებლობაზე”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და განაგრძობს: ”ჰკითხეთ ნებისმიერ ჟურნალისტს, თუ რომელ ეპოქაში უფრო თავისუფალი იყო მედია - შევარდნაძის თუ სააკაშვილის. 2001-2003 წლებში, შევარდნაძის პრეზიდენტობისას, სააკაშვილის მხარდამჭერი ”რუსთავი-2” უკვე ძალა იყო, რომელიც არათუ გავლენას ახდენდა, არამედ ქმნიდა სააკაშვილისთვის საჭირო რეალობას. შევარდნაძე, მიუხედავად იმისა, თუ რა ორიენტაციის იყო ჟურნალისტი, ბრიფინგისთვის კარს უღებდა უკლებლივ ყველას და ამას აკეთებდა ყოველ ორშაბათს”, - წერს ავტორი და შენიშნავს, - ”სააკაშვილს კი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაუტარებია ღია ბრიფინგი. იყო მხოლოდ ხუთიოდე შეხვედრა ჟურნალისტებთან და ისიც - დადგმული, შერჩევითი და წინასწარკითხვებიანი.”

”24 საათში” ბასა ჯანიკაშვილის სვეტს კვლავ ინტერვიუს სახე აქვს. რესპონდენტად ავტორს წარმოდგენილი ჰყავს, როგორც თავად წერს, ”ანალიტიკური ცენტრის - ”გაუთბოთ ერთმანეთს ხელების” ხელმძღვანელი ფრიდონ მინდაფული”. წარმოსახვითი რესპონდენტი ამბობს, რომ 2003 წლის აქციებისა და დღევანდელი აქციების ლიდერებს შორის განსხვავება ის არის, რომ დღევანდელ ლიდერებს ”არ აქვთ ძლიერი სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლობს, მეორე - არ აქვთ საერთაშორისო მხარდაჭერა და მესამე - არ აქვთ ფული... არსებული ხელისუფლების უარყოფითი მხარე კი ის არის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი განსხვავებიდან მხოლოდ ორი დარჩა.”

”24 საათის” კორესპონდენტი კულტურისა და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას კანის ფესტივალზე, ქართული კინოს წარმატებასა და პრობლემებზე ესაუბრება. თუმცა პოლიტიკის გარეშე ეს ინტერვიუ არ დასრულებულა: ”პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლონ. ”ყველაფერი მომეცი, ან არაფერი არ მინდა” - პოლიტიკიდან უნდა გაქრეს. დემოკრატიული სისტემა არის არა დაშინების, არამედ დარწმუნების სისტემა. ეს არის ის, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში სკოლის მოსწავლეებმა იციან და ის, რაც ჩვენში პოლიტიკოსებს არ ესმით”, - ამბობს კულტურის მინისტრი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG