Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 28 მაისი 2009


დღევანდელი პრესა კვლავ განაგრძობს 26 მაისს მომხდარის დეტალების გარკვევასა და გაანალიზებას. ”რა უნდა ეთქვა პატრიარქს?”, ”რა მოხდა გიგი უგულავას კაბინეტში საპატრიარქოდან დაბრუნების შემდეგ?”, ”4 ნაწილად გაყოფილი ოპოზიცია”, ”გადადებული რევოლუცია?”, ”უცნობი წინამძღოლი”, ”რატომ ვერ იტანს ”უცნობი” შალვა ნათელაშვილს?” და ა.შ. - ეს პირველი გვერდების სათაურების მხოლოდ ნაწილია.

”ყველა სიახლე”: ”26 მაისის აქციამ ყველას, შინ თუ გარეთ, მკაფიოდ დაანახვა ქართველი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში მყარად დამკვიდრებული სურვილი და მზაობა უსწრაფესად და ნებისმიერი გზით შეცვალოს არსებული ხელისუფლება. ოპოზიციის ლიდერებს მოუწევთ საზოგადოების ამ ნაწილის მოთხოვნის არა მხოლოდ გათვალისწინება თავიანთ სამიტინგო გამოსვლებში, არამედ რეალურად შესრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იძულებული იქნებიან ასპარეზი იმ ლიდერებს დაუთმონ, რომლებსაც ხალხის ამ მოთხოვნის რეალურად შესრულების რეალური რესურსი გააჩნიათ” - ასე ასრულებს სტატიას ”ყველა სიახლის” ავტორი. ამ გაზეთს მოგვიანებით კვლავ მივუბრუნდები, ახლა კი 26 მაისის მოვლენებზე სხვა გაზეთებში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას გადავხედოთ.

”რეზონანსი” წერს: ”როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები პირად საუბრებში აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ილია მეორეს 26-ში ქადაგებისას მინიშნება უნდა გაეკეთებინა ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე და დაახლოებით ასეთი რამ ეთქვა: ”ხალხს აქვს არჩევნების უფლება და ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს”. ”რეზონანსშივე”, მეორე სტატიაში, წაიკითხავთ: ”ოპოზიციამ როგორც 2008 წლის 25 იანვარს, ახლანდელ 26 მაისსაც თავისივე მოქმედებით ჩაშალა თუ გაახუნა თავისი მართლაც მშვენიერი ოპოზიციური ზეიმი ეროვნულ სტადიონზე. რატომ არის, რომ ეს მუდამ ორი ან სამი კაცის გადაწყვეტილებით ხდება? საერთოდ კი, რეალურად ისე გამოვიდა, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა: ძროხამ იწველა, იწველა, ჰკრა წიხლი და დაღვარაო”.

”ჯორჯიან ტაიმსი” მწერალ ჭაბუა ამირეჯიბთან ინტერვიუს ბეჭდავს: ”მიმაჩნია, რომ ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთელი საქართველოს მოსახლეობის ჩართვით სააკაშვილის საწინააღმდეგო მოძრაობაში. ოპოზიცია რატომღაც ვერ ხედავს, რომ ეს კაცი გადადგომას არ აპირებს, მას ფეხებზე ჰკიდია, რას გაჰყვირის თბილისის მოსახლეობის ნაწილი. სამოქალაქო დაპირისპირებაზე პრეზიდენტი არ წავა, რადგან იგი პრეზიდენტობას უამისოდაც ინარჩუნებს. მგონია, მას არც ახალი არჩევნების შესაძლებლობა აწუხებს. ჰგონია, გაყალბებას კვლავაც მოახერხებს, რა თქმა უნდა, სანამ ხელისუფლებას ფლობს და ამაში არც ცდება.” - ეს იყო ნაწყვეტი ”ჯორჯიან ტაიმსის” ინტერვიუდან ჭაბუა ამირეჯიბთან.

”უცნობი წინამძღოლი” – ”24 საათში” ამ სათაურით გია ნოდიას სტატია ქვეყნდება: ”ითვლება, რომ ოპოზიცია ერთიანი ლიდერის გარეშეა. მაგრამ ოცდაექვსმა მაისმა დაგვანახვა, რომ მას საკმაოდ გამოკვეთილი წინამძღოლი ჰყავს: ეს არის მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე ’უცნობი’ ”, - წერს ავტორი. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”როგორც დიდ სახალხო წინამძღოლს შეეფერება, ”უცნობი” უარყოფს, რომ ლიდერია, მით უმეტეს, რომ ის, საერთოდ, პოლიტიკური ფიგურაა. ის მუდამ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების რიგითი წევრია და მხოლოდ საზოგადოების გვერდზე დგას. თუმცა პოლიტოლოგებმაც და თეოლოგებმაც იციან, რომ უკიდეგანო თავმდაბლობის უკან ჩვეულებრივ მწველი ამბიცია, ანუ ამპარტავნება, დგას. როცა ”უცნობი” ამბობს, რომ პოლიტიკოსი არაა, ეს ნიშნავს, რომ ის პოლიტიკაზე მაღლა დგას (ანუ პოლიტიკის სიბინძურე მას არ შეეხება) და, ცხადია, ”ოფიციალური” პოლიტიკური ლიდერები უფრო დაბალი რანგის ქმნილებები არიან. სტადიონზე ”უცნობის” ქცევა გვიჩვენებს, რომ მას კარგად აქვს შეგნებული თავისი სტატუსი და მშვენივრად იფერებს მას. მოკლედ, ”უცნობი” ქართველი ერის მორალური წინამძღოლია”, - წერს გია ნოდია და ქვეთავში ”კონფლიქტი” განაგრძობს, ”საკმაოდ ლოგიკურია, რომ სწორედ იმ დღეს, როცა სტადიონზე გამთლიანებულმა ერმა ”უცნობი” წინამძღოლად აღიარა, ”უცნობს” პატრიარქთან კონფლიქტი მოუვიდა. პოლიტიკური ლიდერი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მორალური წინამძღოლი ერს ერთზე მეტი ვერ ეყოლება”, - წერს ”24 საათში” ნოდია.

ვუბრუნდები ”ყველა სიახლეს”, რომელშიც ქვეყნდება ინტერვიუ 20 მაისის სპეცოპერაციის დროს მოკლულ გია კრიალაშვილის მეუღლესთან, რომელიც ამბობს: ”მე ჩემი ვერსია მაქვს. როგორც ჩანს, ჯარში, კერძოდ, მუხროვანის ნაწილში მთავრობასა და ჯარისკაცებს შორის რაღაც უთანხმოება იყო. ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა ეს ამბავი. შეთხზა სიუჟეტი და პერსონაჟებად ისევ ძველი სახელები დაასახელა - 2001 წლის მუხროვანის ამბოხის მონაწილეები. თუ ეს ადამიანები მართლა აპირებდნენ სამხედრო გადატრიალებას, ისინი თავისუფლად დადიოდნენ და ადრეც შეეძლოთ დაეპატიმრებინათ. მაინცდამაინც ამბოხებამდე უნდა მისულიყო საქმე? თუ გია დამნაშავე იყო, დაჭერილი იქნებოდა და არა ასე მხეცურად დაცხრილული”, - ამბობს ინტერვიუში გია კრიალაშვილის მეუღლე.

დღევანდელ ”რეზონანსში” კი ქვეყნდება პატიმრობაში მყოფი გენერლის - კობა კობალაძის - ღია წერილი სახალხო დამცველს, სადაც ის წერს: ”არაერთხელ მოუმართავს სხვადასხვა პირებს და მოუციათ არაოფიციალური რჩევა-გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ დამეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად დამიჭერდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს ჩამიდენია ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანო ქმედება, სწორედ ამიტომ მსგავს რჩევა-გაფრთხილებებს არ ვითვალისწინებდი და არც არასდროს გავითვალისწინებ, რამეთუ ამ ქვეყანაში მეზრდება ოთხი შვილი (ჯერჯერობით), აქ მაქვს წინაპართა საფლავები და საფლავი ჩემი ოჯახის წევრისა, რომელიც დაიღუპა ტამიშის დესანტის მოგერიების დროს”, - წერს პატიმრობაში მყოფი გენერალი და განაგრძობს: ”როგორ შეიძლება მე მაბრალებდნენ ჩემი ქვეყნის აგრესორებთან თანამშრომლობას, როცა ერთი ჩემი ძმა ტამიშში რუსებმა მოკლეს, ხოლო მეორე ცხინვალში დღესაც ტყვედ ჰყავთ და უმოწყალოდ არის არაერთგზის ნაწამები.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG