Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 4 ივნისი 2009


„თბილისის გარშემო თავდაცვით ზღუდეებს აგებენ“ - პუბლიკაციაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო და უმრავლესობის წევრები ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ფაქტს ადასტურებენ. დედაქალაქის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების აგების ფაქტს გაზეთს სამხედრო ექსპერტებიც უდასტურებენ, თუმცა, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმ ტერიტორიებს, სადაც თავდაცვითი ზღუდეები იგება, არ ასახელებენ. ”რეზონანსთან” საუბარში სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ასეთი სამუშაოები აუცილებელია:

“ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის ღონისძიებები, რასაც თავდაცვის უწყება ახორციელებს. ეს არის სწორი და ლოგიკური ნაბიჯი, ვინაიდან საოკუპაციო ძალები დედაქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში არიან განლაგებულნი და, ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა იზრუნოს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე.“

დღესვე გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, რომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ვახტანგ მაისაიას წინასწარი პატიმრობის ვადა 8 ივლისს ეწურება. გაზეთი შეეცადა გაერკვია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა ვახტანგ მაისაია, თუმცა, გაზეთის ცნობით, ამ თემასთან დაკავშირებით გამოძიება კომენტარს არ აკეთებს და არაა გამორიცხული, რომ ამ საქმეს გრიფი ”საიდუმლო” დაედოს. მიუხედავად იმისა,რომ მაისაიამ თავადვე აღიარა დანაშაული და თავისი ჯაშუშური საქმიანობის დეტალები აღწერა კიდეც, ექსპერტი კახა კაციტაძე „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ვახტანგ მაისაია უდანაშაულოა, ინფორმაცია კი, რომლის გადაცემისთვისაც იგი დააპატიმრეს, სამხედრო თვალსაზრისით, სრული ბლეფია.

გაზეთ „24 საათის“ ყურადღების ცენტრში კი, სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად, დღეს ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს შეკრება და მასზე საქართველოში ეუთოს მისიის საკითხის განხილვა მოხვდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ეუთოს მანდატის გაგრძელების პირობებზე მხარეთა პოზიციები არ შეცვლილა. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება რუსეთი, რომელიც საქართველოში მისიის განახლებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა მის ნებას შეასრულებს და ცხინვალში ეუთოს დამოუკიდებელ მისიას შექმნის, რაც თბილისისა და მისი დასავლელი პარტნიორებისათვის კატეგორიულად მიუღებელია.

რას მიაღწია ოპოზიციამ თითქმის ორთვიანი საპროტესტო აქციებით? ამ შეკითხვით გაზეთი „ახალი თაობა“ დეპუტატ გია ცაგარეიშვილს მიმართავს. პასუხი კი ასე ჟღერს: „პირველ რიგში, შედეგი არის ის, რომ სააკაშვილს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს ამ ქვეყანაში და მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ამ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზებით შეცვლა არ გვინდა. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები და კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავდივართ. ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე გადაიდგა უდიდესი ნაბიჯები“,- ამბობს გია ცაგარეიშვილი და ცალკე გამოყოფს სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას საპროტესტო პროცესებში. ახლა პოლიტიკოსების მხარდამხარ ამ პროცესებს საზოგადოება ქმნის, შენიშნავს გია ცაგარეიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში.
XS
SM
MD
LG