Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში შიშობენ, რომ 22-ე საბავშვო ბაღს დახურავენ


ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუთაისში 11 საბავშვო ბაღი დაიხურა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბაღების ოპტიმიზაცია მცირე კონტინგენტითა და არასათანადო პირობებით გაამართლა. ამჟამად ქუთაისში ოცდათოთხმეტი ბაღი ფუნქციონირებს, თუმცა ზოგ მათგანს ლიკვიდაციის საფრთხე აშინებს. 22-ე ბაგა-ბაღის პედაგოგებს ეჭვი აქვთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათი ბაღის დახურვა სურს. სოფიო აფრიდონიძის თქმით, ეს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შენობის ერთ ნაწილში თვითმმართველობამ სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროექტი ბაღის საცხოვრებელ კორპუსად გადაკეთებას ითვალისწინებდა, ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი, - აცხადებს სოფიო აფრიდონიძე.

22-ე საბავშვო ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქუთაისელი ლეიბორისტები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ. სამსონ გუგავას თქმით, ხელისუფლებას საბავშვო ბაღების შენობების ხელში ჩაგდება სურს. მისი თქმით, ხელისუფლება შენობებს ჯერ არემონტებს, შემდეგ გასაყიდად ამზადებს.

ქუთაისის ვიცე-მერი დავით გორდელაძე 22-ე ბაღის ლიკვიდაციას გამორიცხავს. მისი თქმით, თვითმმართველობა შენობის მხოლოდ იმ ნაწილს არემონტებს, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. როგორც ვიცე-მერი აცხადებს, მერია ბაღების რეაბილიტაციის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რაც მათ დახურვას არანაირად არ უკავშირდება.
XS
SM
MD
LG