Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები ფრთხილობენ ირანში მოწყობილი არჩევნების კომენტირებისას


დასავლეთის ლიდერები, აშშ თუ ევროპის კავშირი, ეჭვს გამოთქვამენ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ. საერთაშორისო რეაქცია აჰმადინეჟადის კვლავ პრეზიდენტად არჩევის მიმართ ფრთხილია. ირანის პოლიტიკური ოპოზიცია, მისი მომხრე ამომრჩეველი, პროტესტის გამოსახატავად ქუჩაშია გასული და არჩევნების შედეგს გაყალბებულად მიიჩნევს. მათვე მოუწოდეს მსოფლიოს, თავი შეიკავოს აჰმადინეჟადის პრეზიდენტად აღიარებისგან. ამასთან, არაერთმა ქვეყანამ - რეგიონის სახელმწიფოებმა - უკვე მიულოცა აჰმადინეჟადს.

მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამარჯვებულად გამოცხადებას არეულობა, უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორი შეტაკებები მოჰყვა. საერთაშორისო რეაქცია გამორჩეულად თავშეკავებული იყო, მით უმეტეს, რომ გამარჯვებული დასავლეთში არ უყვართ.
შედეგების გამოცხადებისთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თქვა: “შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა ირანის არჩევნების კომენტირებისგან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს შედეგები ირანელი ხალხის ნამდვილ ნებას და სურვილს გამოხატავს.”

კვირას ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში თქვა, რომ ვაშინგტონი აღიარებს გამოცხადებულ შედეგს. ტელევიზიით კი მანვე თქვა, რომ თავს იკავებს, რადგან ეეჭვება საკმარისი ცნობები ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რამდენად პატიოსნად იქნა დათვლილი ბიულეტენები: “ეჭვი მაქვს და ამიტომ თავს ვიკავებ კომენტარისგან. მთელი პროცესის განხილვის შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება რეაქცია.” ბაიდენმა იქვე თქვა, რომ რა აზრისაც უნდა იყოს ვაშინგტონი არჩევნებზე, ის არ აპირებს უარი თქვას შეთავაზებაზე, ღია მოლაპარაკება აწარმოოს ირანთან.

ირანთან უკვე დიალოგი აქვს ევროკავშირს, რომლის წევრებმაც ასევე თავშეკავებული რეაქცია მოახდინეს ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ. მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთმა შეშფოთება გამოხატა არჩევნების პროცესში სავარაუდო დარღვევებისა და კენჭისყრის შემდგომი ძალადობის გამო. მანვე იქვე იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები ცხადს გახდის ირანის ბირთვული ამბიციების თაობაზე მოლაპარაკების შესაძლებლობას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კოორდინატორის ხავიერ სოლანას რეაქცია ასეთი იყო: “შეშფოთებული ვარ ძალადობის ამსახველი კადრებისა და ახალი ამბების გამო, რომელიც თეირანიდან მოდის. იმედი მაქვს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ხალხის ნებას პატივს სცემენ. ყველა შემთხვევაში, ჩვენ გვსურს კონტაქტი ახლაც და მომავალშიც ირანის ხალხთან და ირანის ლიდერებთან.”

ევროპის ქვეყნების ლიდერები ცალ-ცალკე უფრო კრიტიკულნი არიან. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ირანის მთავრობამ რეფორმისტული მოძრაობა მოატყუა. საარჩევნო ბიულეტენები ირანში ხომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დათვალა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა ლონდონის პოზიცია ასე გამოხატა: “მოვლენების ამჟამინდელ განვითარებას ირანში სერიოზული შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს. ჩანს, ბევრი ირანელი დაეჭვებულია, რომ ბიულეტენების დათვლის პროცესი თავისუფალი და სამართლიანი იყო.”

გერმანიამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ირანის პოლიციამ ძალა გამოიყენა ოპოზიციის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებს შემდეგი უთხრა: “საარჩევნო პროცესი მართლაც ბევრ შეკითხვას აჩენს. იქიდან იუწყებიან, რომ მოხდა დარღვევები. ჩვენ ვთხოვთ ირანს, რომ ეს დარღვევები დაუყოვნებლივ განმარტოს. ამასთან, ირანის უსაფრთხოების სამსახურების მოქცევა დემონსტრანტების მიმართ სრულიად მიუღებელია.”

შტაინმაიერმა მოუწოდა თეირანს, დაუყოვნებლივ განმარტოს, შეიძლება არჩევნების შედეგების სერიოზულად მიღება თუ არა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თქვა, რომ ღრმად შეშფოთებულია ირანის ვითარების გამო და განაცხადა, რომ ხელისუფლების “სასტიკი რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კარს უხურავს დიალოგს”. კუშნერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის ხელისუფლება ძალადობით ვერაფერს მიაღწევს.

რუსეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა თქვა, რომ რუსეთი ისურვებდა, აჰმადინეჟადმა, თუკი მისი გამარჯვება სადავო არ არის, მეტი ცოდნა და გაგება გამოავლინოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

დასავლეთის, ევროპის ქვეყნების ამ რეაქციის ფონზე, რეგიონის ქვეყნების ლიდერებმა აჰმადინეჟადს მიულოცეს. პირველი მათ შორის ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი იყო. მისმა ოფისმა მიულოცა ირანელ ხალხს, რომ “გადაწყვიტა საკუთარი ბედი”. აჰმადინეჟადს მისალოცი გაუგზავნა ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმაც, ისევე როგორც პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ.
მისალოცები გაუგზავნეს ირანის პრეზიდენტს ლიბანის შეიარაღებულმა ჯგუფმა ჰიზბალამ და პალესტინელთა დაჯგუფებამ ჰამასმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დენი აიალონმა თავისი ქვეყნის შეშფოთება გამოთქვა აჰმადინეჟადის მეორედ არჩევის გამო. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ირანის არჩევნების შედეგების გამო, დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ბირთვული ირანი და ირანული ტერორი. აჰმადინეჟადს მიულოცა არაბულ სახელმწიფოთა ლიგამაც.

ირანში ოპოზიციის მხარდამჭერებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, არ აღიარონ ირანის არჩევნების შედეგები. ერთმა მათგანმა, 29 წლის თეირანელმა ჟურნალისტმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ჩვენს რადიოს შემდეგი უთხრა:

“არჩევნებად ირანის არჩევნების აღიარება დემოკრატიის წინააღმდეგ დანაშაულია. ქვეყნები, რომლებიც იბრძოდნენ დემოკრატიისთვის, რომლებიც ლაპარაკობენ დემოკრატიაზე, თუკი ამას აღიარებენ, საკუთარ თავს უღალატებენ. ეს არ იყო არჩევნები. თუკი ისინი მას აღიარებენ, დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ. მათ დემოკრატიის ნიღბით გადატრიალება მოახდინეს.”

თვითონ ირანში ოპოზიციის ლიდერები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ მოწოდებას არ ავრცელებენ. რეფორმისტი კანდიდატი მირ ჰოსეინ მუსავი საარჩევნო უწყებას გაყალბებაში ადანაშაულებს. მან და კონსერვატორმა კანდიდატმა მოჰსენ რეზაემ აღმასრულებელ ორგანოს, გუშაგთა საბჭოს, არჩევნების შედეგის გამო საჩივრით მიმართეს. საბჭომ ოფიციალურად უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი და დაამტკიცოს ის. მან ასეთი დასკვნა 7-10 დღეში უნდა გამოაქვეყნოს. ირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა გუშაგთა საბჭოს, გამოიძიოს კანდიდატთა საჩივრები. არ არის ცხადი, რას მოიტანს ეს სვლა, რადგან საბჭო უშუალოდაა დაკავშირებული ხამენეისთან, ამ უკანასკნელმა კი აჰმადინეჟადს უკვე მიულოცა გამარჯვება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG