Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 16 ივნისი 2009


დღევანდელი ქართული პრესის უდიდესი ნაწილი პირველ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომლითაც ისინი სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს. ვგმობთ გუშინ შინაგან საქმეთა სამმართველოსთან განხორციელებულ ძალადობას. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რის გამოც დაზარალდა ჩვენი არაერთი კოლეგა - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ”ალია”, ”ასავალ-დასავალი”, ”ახალი თაობა”, ”გზა”, ”ვერსია”, ”კვირის პალიტრა”, ”კვირის ქრონიკა”, ”თბილისელები”, ”რეზონანსი”, ”სარკე”, ”რეიტინგი”, ”ყველა სიახლე” და ”ჯორჯიან თაიმსი”.

”რეზონანსი” პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”უპრეცედენტო ძალადობა” - ქვესათაურია ”შსს-მ წითელი ხაზი გადმოკვეთა”. სტატიას თან ახლავს სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” გავრცელებული ფოტოები. ერთ მათგანზე ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფეხს სამი ადამიანი, ფორმიანიც და უფორმოც, ძირს დავარდნილს.

”რეზონანსი” ასევე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით ”უცხოელი დიპლომატებისგან გუშინდელი ამბების შეფასებას ითხოვენ”. სტატია ასე იწყება:

„სააკაშვილმა ითმინა, ითმინა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და ის, რასაც, მისივე სიტყვებით, აშშ 5 წუთში გააკეთებდა და გერმანია 2 წუთში, თვითონ ორი თვის მერე გააკეთა. მთავარი ხომ ისაა, რას იტყვიან ამაზე ქვეყნის გარედან, გარედან კი ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ”რეზონანსი” გაესაუბრა ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს, რომელიც ამბობს:

„ვფიქრობ, იმავე დიპკორპუსმა ამჯერად მაინც უფრო ობიექტური, მაგრამ, ამავე დროს, მიუკერძოებელი პოზიცია უნდა დაიკავოს.”

ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი კი ”რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს: გორდონის ჩამოსვლას ელოდებოდნენ. წავიდა გორდონი და მოხდა ის, რაც მოხდაო.

”ალია” წერს, ავალიანს რომ სცემეს, შეძრეს ქვეყანა და ოთხი ჟურნალისტის ცემა თითქოს არაფერია, ისე გაატარესო. გაზეთი ასევე გაესაუბრა ”მაესტროს” ოპერატორ შოთა კაპანაძეს, რომელსაც დარბევისას სცემეს. როცა წაქცეული ვიყავი და წიხლებს მირტყამდნენ, თბილისის პატრულის სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი თავზე მედგა და იცინოდაო“, - უთხრა ”მაესტროს” ოპერატორმა ”ალიას”.

ბოლოს, ”24 საათი”, რომლის სტატია, ” შეტაკება და შეთავაზება”, ასე იწყება: „გუშინ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ხელისუფლებამ ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მოსინჯეს ძალები. თავდაპირველად ათეულობით პირმა, როგორც თავად აცხადებდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ, კანცელარიის ტერიტორიაზე განთავსებულის საკნები დაარბია, შემდეგ კი მოვლენების ეპიცენტრმა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG