Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო შვეულმფრენი საჰაერო ბუშტის წინააღმდეგ, ანუ 14 წლის წინანდელი ამბები


ჯონ სტიუარ-ჯერვისისა და ალან ფრენკელის საჰაერო ბუშტი შეჯიბრების სტარტზე, დაღუპვამდე სამი დღით ადრე
ჯონ სტიუარ-ჯერვისისა და ალან ფრენკელის საჰაერო ბუშტი შეჯიბრების სტარტზე, დაღუპვამდე სამი დღით ადრე
ბრიტანეთში დაბადებული ამერიკელი ჯონ სტიუარტ-ჯერვისი სამეფო სამხედრო ავიაციიდან სამოქალაქოში გადავიდა, შემდეგ პარაშუტისტი გახდა, ფრენის ინსტრუქტორადაც იმუშავა და, ბოლოს, უკვე საპენსიო ასაკში, საჰაერო ბუშტით მოგზაურობა დაიწყო. ტრაგიკულად დასრულდა სტიუარტ- ჯერვისის ბოლო ფრენა - ის და მისი თანმხლები ბელორუსიის საჰაერო სივრცეში სამხედრო შვეულმფრენმა ჩამოაგდო. ეს 14 წლის წინ მოხდა.

გორდონ ბენეტის თასის გათამაშება საჰაერო ბუშტით მფრინავებს შორის პრესტიჟული ასპარეზობაა. ის ამ კატეგორიაში უძველესი შეჯიბრება გახლავთ. ბენეტმა, გაზეთ "ნიუ იორკ ჰერალდის" გამომცემელმა, თავისი სახელობის თასისთვის რბოლა დააარსა 1906 წელს და მას მერე პირველად მოხდა, რომ მფრინავები ასე დიდხანს იყვნენ ჰაერში, როგორც იმ საბედისწერო დღეს, 1995 წლის 12 სექტემბერსო, იუწყებოდა მედია. მაგრამ მაშინ, როცა მფრინავების მიღწევებზე ლაპარაკობდნენ, ჯონ სტიუარტ-ჯერვისი და ალან ფრენკელი უკვე დაღუპულები იყვნენ. ბელორუსიის თავზე, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მათ ცეცხლი გაუხსნა სამხედრო შვეულმფრენმა, რომელსაც ახალგაზრდა კაპიტანი მართავდა. მცირე კალიბრის ტყვიამფრქვევის ოცი ტყვია საკმარისი გამოდგა, რომ მფრინავი ბუშტი ჩამოვარდნილიყო. ბელორუსიის მთავრობამ აშშ-ის საელჩოს მომხდარის შესახებ 24 საათის შემდეგ ამცნო. კეროლაინ სტიუარტ-ჯერვისი ერთ-ერთი მოკლულის ქვრივია. ის იხსენებს, რომ მისი მეუღლე, ისევე როგორც ეკიპაჟის მეორე წევრი, ალან ფრენკელი, ასევე გამოცდილი მფრინავი, განსაკუთრებით ღელავდნენ ამ გაფრენის წინ: “ღამით აფრინდნენ. სურათებზე ჩანს, რომ მათ ბურთზე ამერიკის დროშა და გორდონ ბენეტის რბოლის სიმბოლო იყო გამოსახული. ორივენი ღელავდნენ, რადგან ეს იყო პირველი ფრენა ახლად დაარსებული ქვეყნების თავზე. ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნა და იქ ყველგან უკვე შეიძლებოდა ფრენა.”

შეჯიბრი, რომელიც შვეიცარიაში დაიწყო, იმ დროისთვის უკვე სამ დღეს ითვლიდა. მონაწილეებმა გადაუფრინეს აღმოსავლეთ ევროპას და ბელორუსიის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. კეროლაინ სტიუარტ-ჯერვისი იხსენებს: “როგორც ჩანს, იქ იყო სამხედრო ბაზა, რომელიც რუკაზე დატანილი არ ყოფილა. არავინ იცოდა ბაზის არსებობა. მათ მიუახლოვდა შვეულმფრენი, სამხედრო შვეულმფრენი, და ესროლა - უბრალოდ, ჩამოაგდო.”

საჰაერო ბუშტი ტყეში ჩავარდა, 68 წლის სტიუარტ-ჯერვისი და 55 წლის ფრენკელი დაიხოცნენ.

ამ ამბავს მოჰყვა მძაფრი დიპლომატიური დაპირისპირება აშშ-სა და ბელორუსიას შორის. ცხადია, ყველა იხსენებდა საბჭოთა სამხედრო მფრინავების მიერ სამხრეთ კორეის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. შეჯიბრების ორგანიზატორთა თანახმად, მფრინავებს ბელორუსიის საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება ჰქონდათ. ბუშტს ჰქონდა საკუთარი “შავი ყუთი”, რომელზეც მფრინავი აპარატის მიწასთან და სხვა აპარატებთან რადიოკავშირის ჩანაწერი კეთდება ხოლმე. სტიუარტ-ჯერვისის საჰაერო ბუშტის “შავი ყუთის” ჩანაწერის თანახმად, სტიუარტ-ჯერვისსა და ფრენკელს ბელორუსიის საჰაერო მიმოსვლის საკონტროლო ცენტრისთვის არ შეუტყობინებიათ საჰაერო სივრცეში თავიანთი შესვლა, რაც, მინსკის თანახმად, მათ მოეთხოვებოდათ. დაღუპულის ქვრივი ამბობს, რომ მფრინავებს ეძინათ, როცა ბელორუსიის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ და სწორედ ამიტომ ვერ გადასცეს რადიოთი ესოდენ საჭირო ცნობა.

ბელორუსიის სამხედრო ავიაციის მეთაური ვალერი კოსტენკო, რომელმაც საჰაერო ბურთის ჩამოგდების ბრძანება გასცა, თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ უცხო მფრინავებმა არ უპასუხეს არც რადიოსიგნალს და არც გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ ჰქონდათ რეაქცია. კოსტენკოს თანახმად, ამას შვეულმფრენის შეცდომაც დაერთო: შეჯიბრებაში მონაწილე საჰაერო ბუშტი მან ჯაშუშურ უპილოტო მფრინავ აპარატად მიიჩნია და ამიტომაც ესროლა.

მაგრამ ბელორუსი ჟურნალისტი ვასილი ზდანიუკი, რომელმაც თავის დროზე, ინციდენტის შემდეგ,ინტერვიუ ჩამოართვა კოსტენკოს, ამბობს, რომ მფრინავების დახოცვის თავიდან აცილება შეიძლებოდა: “რბოლის ორგანიზატორებმა, მართალია, ინფორმაცია მიაწოდეს ბელორუსიის ავიაციის საკონტროლო ცენტრს, მაგრამ ეს ცენტრი სამოქალაქო უწყებაა და არა აქვს კონტაქტი სამხედრო ძალებთან. არავინ შეატყობინა სამხედრო-საჰაერო ძალებს, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეში შეჯიბრება ტარდებოდა. ტრაგედიაც ამიტომ მოხდა.”

ბელორუსიის მაშინდელი დამოუკიდებელი პრესა წერდა, არმიაა დამნაშავე მომხდარშიო. მინსკში, აშშ-ის საელჩოსთან, ხალხი მივიდა და მფრინავების დახოცვის გამო მწუხარება გამოთქვა. დემოკრატიულად განწყობილმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს ტრაგედიის ადგილის მახლობლად, ქალაქ ბერიოზაში, დაედგათ სამახსოვრო ქვა, რომელზეც სურდათ წაეწერათ: “გვაპატიეთ”. იმავე დროს, მედია, რომელსაც პრეზიდენტი ლუკაშენკო აკონტროლებდა, მფრინავების დაღუპვის შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას იძლეოდა. თვითონ ლუკაშენკო თავის გამოსვლებში პოზიციას იცვლიდა. ამას ადასტურებს მინსკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერი კარბალევიჩი, რომლის თქმით, მაშინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო. "ლუკაშენკო თავიდან ამბობდა, შეცდომა მოხდა, არავინ ჩამოგვიგდია, მერე - შეცდომით ჩამოვაგდეთო. ცოტა ხნის შემდეგ ამტკიცებდა, ეს ჯაშუშური ობიექტი იყო, რომელიც ჩვენს სამრეწველო და სამხედრო ობიექტებს ზვერავდაო", იხსენებს კარბალევიჩი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მალევე ჩაერთო ამ საქმეში, მინსკის გამოსვლებს “მოგონილს” უწოდებდა. სტიუარტ-ჯერვისის ქვრივი კი კომპენსაციას ითხოვდა, მაგრამ მინსკი კატეგორიულ უარზე იყო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდა. ვაშინგტონი ლუკაშენკოს "ევროპის ბოლო დიქტატორს" უწოდებდა. კეროლაინ სტიუარტ-ჯერვისი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მას თავიდანვე უთხრა, კომპენსაციის შანსი ძალიან მცირეაო.

აღსანიშნავია, რომ ამავე შეჯიბრების მონაწილე კიდევ ერთი ამერიკელი მფრინავი, მაიკლ მიჩელი, ასევე შეაჩერა ბელორუსიის სამხედრო შვეულმფრენმა, აიძულა დამჯდარიყო და საბუთების შემოწმების შემდეგ დააჯარიმა 30 დოლარით ქვეყნის საზღვრების უვიზოდ გადაკვეთის გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელმა წარმომადგენელმა ნიკოლას ბერნსმა მაშინ თქვა: მინსკმა ფარსი მოგვიწყო - ჩვენ ბოდიშს ველოდით მფრინავების დახოცვის გამო და მათ კი 30 დოლარის ანგარიში წარმოგვიდგინესო.

ბოდიშის წერილი მინსკიდან იყო გამოგზავნილი. ის ბელორუსიის ციდან ჩამოგდებული ჯონ სტიუარტ-ჯერვისის ქვრივს საქაღალდეში, სხვა საბუთებთან ერთად აქვს აკინძული. ახლა, როცა მინსკი დასავლეთთან შერიგებას ცდილობს, კეროლაინ სტიუარტ-ჯერვისს კვლავ გაუჩნდა კომპენსაციის მიღების იმედი.

იმ წელს გორდონ ბენეტის თასი მოიგო გერმანიის ეკიპაჟმა, რომელმაც შეჯიბრების რეკორდიც დაამყარა - 92 საათი ჰაერში. ამ ასპარეზობაში ყველაზე შორს - სამი ათას კილომეტრზე მეტი - იფრინეს ბელგიელებმა 2005 წელს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG