Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 19 ივნისი 2009


მიმოხილვას ვიწყებთ ”რეზონანსით”, რომელიც რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს, მათ შორის ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან. ”ვანო მერაბიშვილი არ არის კარგი მინისტრი და სწორედ ამიტომაა საჭირო შიგნით შესვლა, კონტროლი და ბევრი რამის გამოსწორება”, - ამბობს ის და ამატებს: ”იყო შემოთავაზება, მიიღეს პასუხი და, თუ მე იქ შევალ, შეიძლება წამომყვეს დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი და რამდენიმე სხვა შემოთავაზებული ადგილი დაიჭიროს”, - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ”რეზონანსს”.

გაზეთი ასევე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით”შერჩევითი მართლმსაჯულება ოპოზიციის მხარდამჭერებისთის”. ”რეზონანსი” წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან დარბევის გამო 7 პოლიციელი დასაჯა: ორს სასტიკი საყვედური გამოუცხადა, 4-ს - საყვედური და სამს უფლებამოსილება შეუჩერა გამოძიების დასრულებამდე. ამაზე კომენტარს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი აკეთებს: ”ეს მისასალმებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ფოტომასალა, რაც ჩვენ ვნახეთ, ადასტურებს იმას, რომ უფრო მეტი პოლიციელი იყო ჩართული ძალადობაში. შესაბამისად, აუცილებელია გაგრძელდეს გენერალური ინსპექციის მიერ მოკვლევა და, ალბათ, უფრო დიდი რაოდენობის სამართალდამრღვევებთან გვექნება საქმე“, - უთხრა ”რეზონანსს” თამარ ხიდაშელმა.

”ვერსიასთან” საუბარში კი პარლამენტარი გიორგი ასანიძე აკეთებს კომენტარს 12 ივნისს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე. ” სიტუაციის პროვოცირებას თავად ეს ოპოზიცია ახდენს. მათი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლა და არსებული ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა, რაც დანაშაულია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი”, - უთხრა გიორგი ასანიძემ ”ვერსიას”.

აქვე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის გია ცაგარეიშვილის განცხადებასაც მოვიყვანთ, რომელიც ასევე ”ვერსიაში” ქვეყნდება. „პარლამენტის სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს გამოვუცხადებ. ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ბოლო სხდომაზე პარლამენტმა 3 საათში 101 კანონი მიიღო, რაც პარლამენტარიზმის დაცინვა იყოო”, - უთხრა გია ცაგარეიშვილმა ”ვერსიას”.

ბოლოს, შემოგთავაზებნთ ნაწყვეტს ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული სტატიიდან, სახელწოდებით ”მე, აგენტი ნული ნული”. ავტორი წერს: „რუსეთი ვერაგი ქვეყანაა, სისხლის მწყურვალი ქვეყანაა, ტერიტორიებით გაუმაძღარი ქვეყანაა, თუმცა ყველა იმათ ვერ უვლის საჭიროებისამებრ, რაც აქვს, მაგრამ რუსეთი დიდი ქვეყანაა, ”ველიკაია სტრანა”, დიდი მეზობელია, დიდი ბაზარია, იმის არსებით ინტერესებში ვართ, არ შეგველევა და არ გაგვიშვებს. ურუსეთოდ არ ეგების საქართველოს არსებობა და ფიქრი სჭირია ამას”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG