Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 23 ივნისი 2009


„ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი“ -ამ თემაზე სტატიას დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩი, ჯონ ბასი, კრიზისების მენეჯმენტის ექსპერტია და მისი დანიშვნა საქართველოსთან დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტის, ფილოსოფოს კახა კაციტაძის შეფასებით, ყველგან, სადაც ბასს აქამდე უმუშავია, კრიზისების განმუხტვაში მონაწილეობდა - ზოგან ორ სახელმწიფოს შორის, ზოგან კი შიდასახელმწიფოებრივში: „ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საქართველოში მისი დანიშვნის მიზეზი ორი მომენტია - ის, რომ შიდა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის მედიაციის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და, მეორე, ის არ არის მიბმული არც ერთ ქართულ პოლიტიკურ ძალაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ იცვლება. არავითარ შემთხვევაში. არც იმას ნიშნავს, რომ აშშ ოპოზიციის გვერდით დგება. უბრალოდ, აშშ ძალიან ფრთხილ და ფაქიზ პოლიტიკას ირჩევს, ვიდრე აქამდე იყო“, - უთხრა „რეზონანსს“ კახა კაციტაძემ. სტატიაშივე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოში ნაკლებად პერსონიფიცირებული და მეტად ინსტიტუციონალიზებული იქნება.

რომელ მინისტრებს შეცვლის სააკაშვილი? - კითხულობს გაზეთი „ალია“ და, ეგრეთ წოდებულ პრივატულ საუბრებზე დაყრდნობით, თავადვე აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ცვლილებები ხუთ მინისტრს შეეხოს. ასეთები, ამავე წყაროს ცნობით, არიან რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხაჩიძე. ”ალიას” თანახმად, საკადრო ”კარუსელი”, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს დატრიალდება და, თუ დასჭირდა, პრეზიდენტი ამას სხვა მოვლენების გადასაფარავად გამოიყენებს.

„ალიასავე“ ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოდან გაქცეული ძალოსნები უკან ბრუნდებიან. საუბარია ოსური წარმოშობის იმ ძალოსნებზე, რომლებმაც აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს საქართველო. ასეთი კი, როგორც გაზეთი აზუსტებს, ორი იყო: 20 წლის არსენ კასაბიევი და 19 წლის ალბერტ კუზილოვი.

სააკაშვილს ერევანში დიდი სკანდალი ელის, - აღნიშნავს გაზეთი „ახალი თაობა“ და მკითხველს შეახსენებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ დღეებში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო საპროტესტო ნოტა, სომეხი დეპუტატის, ორგანიზაცია „ჯავახკის“ დამფუძნებლის, შირაკ ტოროსიანის ქვეყანაში შეუშვებლობის გამო. როგორც სომხური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, წაიკითხავთ „ახალ თაობაში“, ამ ინციდენტის გამო საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში საკადრის დახვედრას მოუწყობენ. კერძოდ, სომხური ანალიტიკური ცენტრი „მიტკი“ მიხეილ სააკაშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დიდი საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრება. ეს ყველაფერი, აღნიშნულია სტატიაში, რომელიც საქართველოსა და სომხეთს შორის ბოლო დროს დაგროვილი პრობლემების ერგვარი თავმოყრის მცდელობაა, შემთხვევით სულაც არ ხდება. როგორც ჩანს, მოსკოვმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი ერევნისა და თბილისის დაპირისპირებას, -შენიშნავს გაზეთი „ახალი თაობა“.
XS
SM
MD
LG