Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 27 მაისი 2009


დღევანდელი ქართული გაზეთები ორ ძირითად თემაზე წერდნენ - 26 მაისის აქციასა და მის შედეგებზე და დღევანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ის, თუ რაზე გააკეთა ქართულმა პრესამ აქცენტი გუშინდელი მოვლენების გაშუქებისას, მოწინავე გვერდების სათაურებიდანაც ჩანს: „24 საათმა“ სტატიას „უცნობი 26 მაისი“ დაარქვა, ”რეზონანსმა” - „სცენარშეცვლილი სახალხო აღლუმი“, ”ახალ თაობას” და ”ვერსიას” კი ერთნაირი სათაურები აქვთ - „რა მოხდა სამების ტაძარში“.

”ვერსია” წერს: 26 მაისს 9 აპრილის საბედისწერო შეცდომა განმეორდა - საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან მისულმა ხალხმა უწმინდესის და უნეტარესის შეგონება არ ისმინა, ერის სულიერი მამა, რბილად რომ ვთქვათ, კვლავ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და უგნური განცხადებაც კი გააკეთაო. ”ვერსია” სამების ტაძარში მისულ ოპოზიციის მხარდამჭერებს აკრიტიკებს და წერს: „როცა ტაძრის წმინდა თაღებქვეშ იმყოფები, უფლის პატივისცემის ნიშნად ქუდი არ გხურავს და სულ რაღაც ორი წუთის წინ ყალბი სათნოებით შესციცინებდი სანთლის ალს, უზნეობაა 4 კაცის დანახვაზე მტაცებელს დაემსგავსო, მთავრობის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა პარაკლისის და საგალობლის ფონზე მიაყენო და ამ ადამიანთა, ან გნებავთ, არაადამიანთა ტაძრიდან გაძევება გაოგნებულ სტიქაროსნებს მოსთხოვო.“

ხელისუფლების წარმომადგენლების სამებიდან წასვლის შემდეგ შექმნილ სიტუაციას აღწერს „ახალი თაობა“: სად არიან ლიდერები? კითხულობდა სამების ეზოში მყოფი ხალხი. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ ლიდერებმა არ აუხსნეს, რა უნდა გაეკეთებინა სამების ეზოში დარჩენილ ხალხს.

ოპოზიციის ლიდერები ძალიან დაბნეულები ჩანდნენ, წერს ”რეზონანსი”: სალომე ზურაბიშვილი თავის თანაგუნდელებს შეშფოთებული ელაპარაკებოდა, მოგვიანებით ჩვენთან საუბარში კი დაადასტურა, რომ ოპოზიციას სხვა გეგმა ჰქონდა, რაც დინამოდან სამებისკენ დაძვრას არ ითვალისწინებდაო, - იუწყება გაზეთი.

ამის შემდეგ პარლამენტთან შეკრებილი ხალხის განწყობას კი ”რეზონანსი” ასე აღწერს: ”პარლამენტთან უკვე ნამდვილი ქაოსი სუფევდა. ლიდერები ამაოდ მოუწოდებდნენ მოსახლეობას დაშოშმინებისკენ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერებისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.”

დღევანდელი ქართული გაზეთები რეპორტაჟის უდიდეს ნაწილს სწორედ აქ ამთავრებენ და დანარჩენს ორიოდე სიტყვით ეხებიან. ისევ ”ვერსიით” დავამთავრებ: „26 მაისის შედეგი ასეთია: სააკაშვილი ადგილზეა, პატრიარქი ხალხსა და პოლიტიკოსებს ურთიერთმოსმენისკენ მოუწოდებს, ოპოზიცია კი განრისხებულ ხალხს, რომელმაც დღეს ნაქებ ლიდერებზე კინაღამ ორთვიანი ბოღმა ანთხია, რკინიგზისა და აეროპორტის ცენტრალური გზის გადაკეტვისკენ მოუწოდებს.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG