Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის დისკრედიტებას ირანის ხელისუფლება დემონსტრანთა ტელეაღიარებებით ცდილობს


ირანში დაკავებულთა "ტელეაღიარებები"
ირანში დაკავებულთა "ტელეაღიარებები"
ირანის სახელმწიფო ტელეარხებმა დაიწყეს გამოყვანა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბოლო დღეების საპროტესტო აქციების დროს დააპატიმრეს. დაკავებული პირები ტელეკამერების წინ დანაშაულს აღიარებენ, ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარება იქნება ეს თუ მღელვარების პროვოცირება. აღიარებების შინაარსი ზუსტად ერთნაირია: საპროტესტო აქციებში მონაწილეები თურმე რადიოსადგურების ამერიკის ხმისა და ბი-ბი-სის პროვოცირებით მოქმედებდნენ.

23 ივნისს ირანის სახელმწიფო ტელევიზამ აჩვენა ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ირანის წინააღმდეგ უცხოეთის სახელმწიფოებთან თანამშრომლობას აღიარებდა. კადრში ჩანდა ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელდა: "მე არავის მიმდევარი არა ვარ. ვფიქრობ, რომ ასეთ ამორალურ ქმედებაზე წაგვაქეზეს ისეთმა საინფორმაციო არხებმა, როგორიცაა ბი-ბი-სი და ამერიკის ხმა."

ამასვე ჰყვება სახედაბურული და ანონიმი ქალიც, რომელიც ამბობს, რომ უცხოურმა მედია-საშუალებებმა წააქეზეს: "ჩემზე გავლენა მოახდინა ამერიკის ხმის სპარსულმა სამსახურმა და ბი-ბი-სიმ, რადგან ისინი ამბოდნენ, შეტაკებების უკან უშიშროების ძალები დგანანო. მე ცნობისმოყვარეობამ მძლია, მინდოდა წავსულიყავი და მენახა, რა ხდებოდა. და დავინახე, რომ ეს თავად ჩვენ - დემონსტრანტები - ვიწვევდით არეულობას. ჩვენ წავუკიდეთ ცეცხლი საზოგადოებრივ საკუთრებას, ჩვენ ვისროდით ქვებს, ვაზიანებდით მოქალაქეთა მანქანებს და ვამსხვრევდით საცხოვრებელი სახლების ფანჯრებს."

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სადეყ მაჰსულიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ არჩევნების შემდგომ დაწყებული ძალადობა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და დევნილობაში მოქმედი ოპოზიციური ორგანიზაციის “მოჯაჰედინ ხალხის” პარტიის მიერ იყო დაფინანსებული.

გაზეთი "კალემეჰ საბზი"
ირანის ხელისუფლების ამოცანა იმაში მდგომარეობას, რომ საპროტესტო აქცია სრულიად მიაჩუმათოს და გააძლიეროს ზეწოლა ოპოზიციის ლიდერ მირ ჰოსეინ მუსავიზე. მუსავის მომხრე გაზეთის "კალემეჰ საბზის" ("მწვანე სამყაროს") ინფორმაციით, 23 ნოემბერს პოლიციამ 25 ჟურნალისტი და რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრა. თავად გაზეთი კი 10 დღის წინ დახურეს.

ირანის უშიშროების ძალებმა "გამაფრთხილებელი ცეცხლი" გაუხსნეს ასევე მუსავის მთავარ მხარდამჭერს, ირანის ყოფილ პრეზიდენტს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის. კვირის განმავლობაში დააპატიმრეს რაფსანჯანის ოთხი ნათესავი ქალი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი, რომელიც მუსავის მხარდამჭერ მსვლელობაში მონაწილეობდა.

ოთხშაბათს ირანის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ალი შაჰროკიმ დანაშაულებრივი ქმედება უწოდა მუსავის მოწოდებას არასანქცირებულ საპროტესტო აქციების გამართვისკენ. მუსავის ცოლმა, ზაჰრა რაჰნავარდმა ამის პასუხად განაცხადა, რომ “გააგრძელებს პროტესტს ირანელთა უფლებების დასაცავად” და ირანის უსაფრთხოების ძალებს მოუწოდა, გაათავისუფლონ დაპატიმრებულები.

ირანის იუსტიციის უწყების მაღალი რანგის თანამშრომელმა იბრაჰიმ რაისიმ კი თქვა, რომ “დაპატიმრებულებს მოეპყრობიან ისე, რომ ეს მათთვის ჭკუისსასწავლებელი იყოს.”

ირანის რევოლუციური სასამართლო დახურული უწყებაა. მას ხელმძღვანელობს სასულიერო მოსამართლე, რომელიც პროკურორიც თვითონ არის, დამცველიც და ნაფიცი მსაჯულიც. ისეთ კონსერვატიულ ბასტიონში, როგორიც ირანის მართლმსაჯულებაა, რეგულარულად აგზავნიდნენ ირანელ აქტივისტებს იმ დღიდან მოყოლებული, როცა უკიდურესად კონსერვატიულმა ძალებმა რეფორმისტი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი დაამარცხეს.

მირ ჰოსეინ მუსავის მხარდამჭერი თეირანში მოწყობილ მდუმარე საპროტესტო აქციაზე
სადამსჯელო მანქანა ირანში მთელი ძალითაა ამოქმედებული. ირანის კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი რევოლუციური გვარდია 23 ივნისს დაიმუქრა, რომ პირდაპირ ჩაერევა ირანში ვითარების მოწესრიგებაში, რაც აქამდე ქვეყნის პოლიციას და გვარდიის შვილობილ სამხედრო ძალას, ბასიჯებს ეკისრებათ.

მიუხედავად ასეთი ზეწოლისა, თეირანის ქუჩებში მცირერიცხოვანი საპროტესტიო აქციები კვალავაც იმართება. დემონსტრანტებს ცრემლმდენი გაზით და ჰაერში სროლით უმალვე შლიან პოლიციელები და ბასიჯები. ბევრ მათგანს დაპატიმრება ან, სულაც, სიკვდილი ემუქრება. ოფიციალური ინფორმაციით, ირანში 17 ადამიანი დაიღუპა 12 ივნისის შემდგომ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის დროს. ირანის რადიოს ცნობით, საპყრობილეებში 457 ადამიანი იმყოფება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG