Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალი ხამენეი აკრიტიკებს დასავლეთს, რომელსაც "ჰგონია, რომ ირანი საქართველოს ჰგავს”


აიათოლა ალი აკბარ ხამენეი
აიათოლა ალი აკბარ ხამენეი
ირანში საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, არჩევნებთან და მის შემდგომ საპროტეტო მღელავარებასთან დაკავშირებით, პირველი საჯარო განცხადება გააკეთა აიათოლა ალი ხამენეიმ - ისლამური რესპუბლიკის სულიერმა და, ამდენად, უზენაესმა ლიდერმა. დაძაბულობის ფონზე, როცა ოპოზიცია არჩევნების შედეგს გაყალბებულად აცხადებს და კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას მოითხოვს, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადებული პრეზიდენტი მაჰმუდი აჰმადინეჟადი ირწმუნება, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ბუნებრივია, მოუთმენლად მოელოდნენ ქვეყნის ლიდერის სიტყვას.

ბოლო დღეების საპროტესტო აქციებისაგან განსხვავებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსვლა ირანის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში აჩვენა. ეს იყო არჩევნების შემოდგომ მღელვარებაზე რელიგიური ლიდერის გამოხმაურება პარასკევის ლოცვის დროს, თეირანის უნივერსიტეტში. თვით უნივერსიტეტში და მის გარშემო შეკრებილების რიცხვი, გავრცელებული ინფორმაციით, ათი ათასობით კაცს შეადგენდა. ხამენეის გამოსვლის მოსასმენად მისულებს შორის იყო პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადიც.

ალი აკბარ ხამენეის გამოსვლა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:23 0:00
რა დამოკიდებულება აქვს ირანის რელიგიურ ლიდერს საპროტესტო აქციების მიმართ, კარგად ჩანს ხამენეის გამოსვლის იმ მონაკვეთში, რომელიც საქართველოს ეხებოდა: “იმან, რასაც ზოგი აკეთებდა ირანში, შეცდომაში შეიყვანა დასავლეთი. მათ იფიქრეს, რომ ირანი საქართველოს ჰგავს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ამერიკელმა სიონისტმა ინვესტორმა განაცხადა (თვითონ თქვა, და მედიაშიც იუწყებოდნენ), “საქართველოში 10 მილიონი დოლარი დავხარჯე და ხავერდოვანი რევოლუციით ხელისუფლება დავამხე, მის მაგივრად ახალი მოვიყვანეო”. სულელს ეგონა, რომ ისლამური რესპუბლიკა - ეს დიდი ერი - ისეთივეა, როგორც... რა ქვეყანას ადარებენ ირანს? ჩვენი მტრების პრობლემა ის არის, რომ ვერ გაუცნობიერებით, რა ერი ვართ”...

მაშ ასე, ხამენეიმ “ხავერდოვანი რევოლუციის” მცდელობად შეაფასა ის, რაც ირანში ხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ; საპროტესტო აქციების ხელშეწყობის ბრალდება და, ზოგადად, ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის ბრალდება წაუყენა დასავლეთს და დასცინა: აბა, ირანის საქართველოსთან შედარება იქნებოდაო?

ირანის უზენაეს ლიდერს, როგორც გაირკვა, ეჭვი არ ეპარება, რომ 12 ივნისის არჩევნები მართლაც პრეზიდენტ აჰმადინეჟადის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. ხამენეის არგუმენტია ხმების რაოდენობაში დიდი სხვაობა (11 მილიონი ხმა) რომლითაც აჰმადინეჟადი უსწრებს დანარჩენ კანდიდატებს. აიათოლა ალი ხამენეის ლოგიკა ასეთია: სხვაობა 100 ათასს, ან 500 ათასს, ან მილიონ ხმას რომ შეადგენს ხოლმე, გასაგებია, რომ ითქვას - არჩევნები, შესაძლოა, გაყალბებული იყოსო. “მაგრამ როცა სხვაობა 11 მილიონ ხმას შეადგენს, როგორ შეიძლება ლაპარაკი კენჭისყრის გაყალბებაზე?” - ასეთ შეკითხვას სვამს ხამენეი.

საპროტესტო გამოსვლები თეირანში
არადა, გაყალბებაზე, როგორც ცნობილია, ლაპარაკობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ აჰმადინეჟადის გამოცხადების შემდეგ, მისი მთავარი მეტოქის - მირ ჰოსეინ მუსავის -ასიათასობით მხარდამჭერი გამოთქვამს პროტესტს ყველაზე მრავალრიცხოვან დემონსტრაციებზე, რაც კი ირანში გამართულა ისლამური რევოლუციის შემდეგ. ისინი მხარს უჭერენ მუსავის მოთხოვნას არჩევნების შედეგის გაუქმებისა და არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ. ეს მოთხოვნა და დემონსტრაციებში მონაწილეობა კი სახიფათო საქმეა: იუწყებიან მრავალი დემონსტრანტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავების შესახებ. ორშაბათს, სულ ცოტა, 7 დემონსტრანტი მოკლეს.

აიათოლა ალი ხამენეის თვალში, საპროტესტო აქციები ქაოსია, არჩევნების ბედი კი გადაწყვეტილი. პარასკევს მან ყველას მოუწოდა, ბოლო მოუღონ გამოსვლებს. ხამენეის თქმით, ქუჩის გამოსვლები “არ არის სწორი გზა. და ვინც ამას ბოლოს არ მოუღებს, ამ ქაოსისთვის პასუხისმგებლობასა და შედეგებს მოიმკის”...

შეასრულებენ თუ არა ამ მოთხოვნას ოპოზიცია და მისი მომხრეები ხვალ გამოჩნდება. შემდეგი აქციები შაბათისთვის არის დაგეგმილი. ამავე დღეს გავლენიან “გუშაგთა საბჭოშია” მიწვეული საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმადინეჟადის სამი მეტოქე, მათი უკმაყოფილების მიზეზებზე სასაუბროდ.
XS
SM
MD
LG